რუსთავში, მერიის წინ გაიმართა ზაზა სარალიძის ოჯახის მხარდამჭერი აქცია - "ნუ მომკლავ". აქციაში მონაწილეობდა დაახლოებით 50 ახალგაზრდა. მონაწილეებმა განაცხადეს, რომ ისინი ამ აქციით მხარს უჭერენ "გამწარებულ ოჯახს, რომელსაც შვილი მოუკლეს".
"ეს არის სპონტანური აქცია, პირადად მე სამი მეგობარი მომიკლეს, უამრავი მკვლელობა ხდება, ამიტომ არა მკვლელობას", - უთხრა რადიო თავისუფლებასერთ-ერთმა მონაწილემ, იაგო სიჭინავამ. მანვე განაცხადა, რომ სავარაუდოდ, ისინი შეუერთდებიან ყველა იმ მოთხოვნას, რომელსაც ზაზა სარალიძის ოჯახი დააყენებს.
მერიასთან შეკრების შემდეგ ახალგაზრდებმა მსვლელობა მოაწყვეს რუსთავის გასასვლელამდე თბილისისკენ. ისინი აპირებენ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციასთან შეერთებას. მათ აცილებდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, რათა არ გადაკეტილიყო გზა.