დღეს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ზეპირი მოსმენით განიხილავს საქმეს „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ,“ რომელიც ეხება 2008 წლის აგვისტოს ომის დროს და მის შემდგომ პერიოდში რუსეთის მიერ საქართველოსა და მისი მოქალაქეების წინაშე ჩადენილ დარღვევებს. სახელმწიფოთაშორის დავას განიხილავს სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატა, რომელიც 17 ქვეყნის, მათ შორის, საქართველოდან და რუსეთიდან არჩეული მოსამართლეებითაა დაკომპლექტებული. დიდი პალატის თავმჯდომარეა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტი გვიდო რაიმონდი.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს განმარტებით, საქმე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის პრეცედენტულია, რადგან სასამართლო პირველად განიხილავს ფართომასშტაბიან საქმეს, რომელიც ეხება საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტის დროს აქტიურ საბრძოლო მოქმედებებს და ამ კონტექსტში საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის ურთიერთმიმართების საკითხს.
დღეს სტრასბურგის სასამართლო ზეპირი მოსმენით განიხილავს კომპლექსურ საკითხებს, მათ შორის, რამდენად ექცევა რუსეთის იურისდიქციის ფარგლებში აქტიური საბრძოლო მოქმედებების და შემდგომ პერიოდში საქართველოს მოქალაქეების მიმართ ჩადენილი მასობრივი დარღვევები, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის ურთიერთმიმართების გათვალისწინებით რამდენად ექცევა საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად წარდგენილი საჩივარი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დაცვის სტანდარტებში და ასევე, შიდასამართლებრივი საშუალებების ამოწურვის საკითხს.
იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, ქართული მხარე მტკიცებულებებით გამყარებული პოზიციით წარდგება. საქართველო ამტკიცებს, რომ ომისა და ომისშემდგომ პერიოდში საქართველოს მოქალაქეების მიმართ ჩადენილი მასობრივი დარღვევები რუსეთის იურისდიქციაში ექცევა და ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: რუსეთის მიერ დე ფაქტო რეჟიმების სამხედრო პერსონალის მომზადება, მაღალი თანამდებობის პირების დანიშვნა, ფინანსური და ეკონომიკური დახმარების გაწევა, „პასპორტიზაცია“ და უვიზო მიმოსვლის შემოღება, რუსული კანონმდებლობის ოკუპირებულ ტერიტორიებზე გავრცელება, რუსული სამხედრო კონტინგენტის რაოდენობა, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე რუსული წვრთნები, რომელიც აგვისტოს ომამდე დიდი ხნით ადრე, სამხედრო მოქმედებების გეგმის ფარგლებში ჩატარდა, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება და სხვა. საქართველოს პოზიციაა, რომ სამართლებრივი დაცვის ყველა შიდასახელმწიფოებრივი საშუალების ამოწურვის მოთხოვნა არ უნდა გავრცელდეს მოცემულ საქმეზე, რადგან რუსეთის მხრიდან არსებობდა კონვენციის დარღვევებისა და მსგავსი ქმედებების მიმართ შემწყნარებლური დამოკიდებულების ე. წ. ადმინისტრაციული პრაქტიკა.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთთან დავის მოსაგებად საქართველომ წარადგინა მყარი პოზიციები და მტკიცებულებები. 2016 წლის 6-17 ივნისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, ჯამში მოუსმინა 33 მოწმეს. ქართული მხარის მიერ წარდგენილია 700-მდე მტკიცებულება, მათ შორის, ვიდეო- და ფოტომასალები, რადარის მონაცემები, ექსპერტების დასკვნები, სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერები, სეისმური სადგურის მიერ აფეთქებების დამადასტურებელი ჩანაწერები, მოწმეთა ჩვენებები, სატელიტური სურათები, მედიის მასალები, საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშები, სატელეფონო მიყურადების ჩანაწერები, განაღმვის ანგარიშები, გორში აფეთქებული რაკეტის „ისკანდერის“ ნაწილები და მათზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნები.
აგვისტოს ომის საქმეზე საქართველო რუსეთს ადანაშაულებს ევროპული კონვენციის 8 მუხლის დარღვევაში. კერძოდ, საქართველო მიიჩნევს, რომ რუსეთმა ომისა და შემდგომი ოკუპაციის დროს დაარღვია: სიცოცხლის უფლება, წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება, პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება, სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება, საკუთრების დაცვა, განათლების უფლება და მიმოსვლის თავისუფლება.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, საქმის ზეპირი მოსმენის წინა დღეს, 22 მაისს ქართულმა დელეგაციამ სტრასბურგში გამართა სამუშაო შეხვედრა. მისმა მონაწილეებმა ადვოკატის სიტყვა კიდევ ერთხელ მოისმინეს და საბოლოოდ დააზუსტეს ყველა დეტალი.
საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ სახელმწიფოთაშორისო საჩივარი 2008 წლის 11 აგვისტოს შეიტანა, 2009 წლის 6 თებერვალს კი, დაზუსტებული საჩივარი წარადგინა. სტრასბურგის სასამართლომ 2011 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილებით, საქართველოს საჩივარი მისაღებად ცნო არსებითი მხარის წინასწარი გადაწყვეტის გარეშე.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არა მარტო პრეცედენტული იქნება, არამედ მნიშვნელოვანია საქართველოში, უკრაინასა და მოლდავეთში არსებული კონფლიქტების თვალსაზრისით, რადგან ხელს შეუწყობს იმ სამართლებრივი ჩარჩოს გამყარებას, რომლის ფარგლებშიც ეს კონფლიქტები პოლიტიკური ძალისხმევით უნდა მოგვარდეს. იუსტიციის სამინისტროს განმარტებით, სამართლებრივი და პოლიტიკური პოზიციების გაძლიერება საქართველოს საშუალებას მისცემს კიდევ უფრო ეფექტურად მოახდინოს საერთაშორისო თანამეგობრობის წევრი სახელმწიფოების და საერთაშორისო ინსტიტუტების მხარდაჭერის რეალიზაცია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად.