სომხეთის ოპოზიციური მოძრაობის ლიდერის, ნიკოლ ფაშინიანის მოწოდებით განახლებული სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქციის მონაწილეებმა ერევანსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში გადაკეტეს ქუჩები და ავტომაგისტრალები, მათ შორის ერევნის აეროპორტისკენ მიმავალი გზა. რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ინფორმაციით, ბლოკირებულია ერევნის მეტროპოლიტენი, სომხეთის რკინიგზის რამდენიმე მონაკვეთი და ქალაქების მერების და ოლქების გუბერნატორების ოფისები. გაფიცვას შეუერთდნენ სხვადასხვა კომპანიის თანამშრომლები. სასწავლო პროცესი შეწყვეტილია უნივერსიტეტების და სკოლების უმრავლესობაში. მასშტაბური საპროტესტო გამოსვლების ფონზე კვორუმი არ შედგა სომხეთის პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე. 105 დეპუტატიდან რეგისტრაცია გაიარა მხოლოდ 33-მა. სომხეთში სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქცია 2 მაისიდან განახლდა მას შემდეგ, რაც 1 მაისს, „რესპუბლიკური პარტიის“ საპარლამენტო ფრაქციის წინააღმდეგობის გამო პარლამენტმა ვერ შეძლო პრემიერ-მინისტრად აერჩია ოპოზიციის კანდიდატი, ნიკოლ ფაშინიანი. საპროტესტო გამოსვლების მონაწილეები მოითხოვენ „რესპუბლიკური პარტიის“ მმართველობის დასრულებას.