Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

NDI-მ შეაფასა "საზოგადოების განწყობა საქართველოში"


NDI-ს საქართველოს ოფისის დირექტორი ლორა თორნტონი(შუაში). თბილისი, 2018 წლის 30 აპრილი
NDI-ს საქართველოს ოფისის დირექტორი ლორა თორნტონი(შუაში). თბილისი, 2018 წლის 30 აპრილი

აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის(NDI) მიერ 30 აპრილს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, საქართველოში გამოკითხულთა 39% მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. 29%-ის აზრით, განვითარების მიმართულება სწორია. 29%-ის შეფასებით, საქართველო საერთოდ არ იცვლება. გამოკითხულთა 71% დაეთანხმა მოსაზრებას, რომ საქართველო მისი სახლია და ქვეყნის დატოვებას არ აპირებს. საქართველოს მთავრობის საქმიანობას ძალიან კარგად აფასებს გამოკითხულთა 2%, კარგად 42%, ცუდად 36% და ძალიან ცუდად 13%. გამოკითხულთა 44% ეთანხმება მოსაზრებას, რომ საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებაში კორუფციის პრობლემა არსებობს. რესპონდენტების 63% მიიჩნევს, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში გაიზარდა კრიმინალის დონე. საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის ყველაზე დიდ საფრთხედ გამოკითხულთა 33%-მა დაასახელა რუსული სამხედრო აგრესია. მას 11%-ით მოსდევს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია და მესამე ადგილზე ტერორიზმია 9%-ით. რუსულ პროპაგანდას ყველაზე დიდ საფრთხედ მიიჩნევს გამოკითხულთა 7%. რესპონდენტების 22%-ის აზრით, ბოლო სამ წელიწადში საქართველოს თავდაცვისუნარიანობა გაუმჯობესდა, 49%-ის შეფასებით იგივე დარჩა და 19%-ის აზრით, გაუარესდა. NDI-ს პრესრელიზის თანახმად, ინსტიტუტებს შორის რესპონდენტები ყველაზე დადებითად აფასებენ იუსტიციის სახლებს, ჯარს და ეკლესიას, თუმცა 2015 წლის შემდეგ ეკლესიის დადებითი შეფასება 80%-დან 56%-მდეა შემცირებული. ყველაზე უარყოფითად ფასდება სასამართლოს და პარლამენტის საქმიანობა. ამავე კვლევით, დაბალია პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერა. გამოკითხულთა 26% მასთან ყველაზე ახლოს მდგომ პარტიად ასახელებს „ქართულ ოცნებას,“ 9% „ნაციონალურ მოძრაობას” და 4% „ევროპულ საქართველოს.“ NDI-ს დაკვეთით გამოკითხვა ჩაატარა „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა.“ კვლევისთვის „საზოგადოების განწყობა საქართველოში,“ საველე სამუშაოები ჩატარდა 20 მარტიდან 4 აპრილის პერიოდში. სულ გამოიკითხა 2 194 რესპონდენტი. კვლევა ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.

XS
SM
MD
LG