მესტიაში დროებით შეწყდა მესტიაჭალის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქცია. მათ გადაწყვეტილება 1 აპრილს, ღამით მიიღეს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, კახაბერ საბანაძესთან შეხვედრის შემდეგ. მიღწეული შეთანხმებით, ჰესის მშენებლობა შეჩერდება, სანამ მოსახლეობას არ წარედგინება გარემოზე რეალური ზემოქმედების ამსახველი დოკუმენტი. ამ პირობის შემდეგ აქციის მონაწილეებმა გახსნეს ჰესის მშენებლობის ადგილისკენ მიმავალი გზა, რომელიც 31 მარტს გადაკეტეს, და გაატარეს ცემენტით დატვირთული ავტომანქანები, რათა სამშებელო მასალა საწყობებში დაეტოვებინათ. საპროტესტო აქციების მონაწილის, "სვანეთის ახალგაზრდული მოძრაობის" წევრის, დავით გულბანის ინფორმაციით, მიღწეული შეთანხმებით, 2 აპრილს ტერიტორიას დატოვებენ მშენებლები და გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტის წარმოდგენამდე სამუშაოები არ განახლდება. მესტიის მცხოვრებთა ნაწილი შიშობს, რომ ჰესის აშენება საფრთხეს შეუქმნის ადგილობრივ მოსახლეობას, ეკოსისტემას და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს. მდინარე მესტიაჭალაზე 30-მეგავატიან ჰესს საინვესტიციო კომპანია Galt&Taggart-ი ავსტრიულ კომპანია RP Global-თან ერთად აშენებს სპეციალურად შექმნილი კომპანიის, „სვანეთი ჰიდროს“ მეშვეობით. პროექტის თანახმად, არაკაშხლური ტიპის, „მომდინარე წყალზე“ დადგმული ჰესი წლიურად გამოიმუშავებს საშუალოდ 100 მლნ კვტ/სთ-ზე მეტ ელექტროენერგიას. კომპანია „სვანეთი ჰიდრო“-მ 31 მარტს განაცხადა, რომ ამ ტიპის ჰესი მსოფლიოში აღირებულია, როგორც ყველაზე უსაფრთხო და გარემოზე მინიმალური ზემოქმედების მქონედ. კომპანიის განცხადებითვე, მშენებლობა უკვე ერთი წელია მიმდინარეობს და ამ პერიოდში მოსახლეობის მხრიდან არანაირი წინააღმდეგობა არ ყოფილა, დღეს კი ჰესის მშენებლობას ეწინააღმდეგება მხოლოდ მცირე ჯგუფი, რომელსაც არ სურს არგუმენტირებული პასუხების მოსმენა. „სვანეთი ჰიდრო“-ს ინფორმაციით, საგაზაფხულო მშენებლობის დაწყების წინ რამდენიმე შეხვედრა გაიმართა, მოსახლეობის შეკითხვებს ამომწურავი პასუხები გაეცა, ბოლო შეხვედრაზე კი შეთანხმდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ექსპერტების მონაწილეობით საკითხის განხილვაზე. „სამწუხაროდ, აღნიშნული ჯგუფის წარმომადგენლები შეთანხმებულ და ტელევიზიით დაანონსებულ შეხვედრას არ დაესწრნენ. დღეს კი პროვოკაციას მიმართავენ და ტრანსპორტის მოძრაობას აფერხებენ“ - განაცხადა 31 მარტს კომპანია „სვანეთი ჰიდრო“-მ. თავის მხრივ, საპროტესტო აქციების ინიციატორები ირწმუნებიან, რომ მესტიაში ზეწოლა მიმდინარეობდა სოციალურად დაუცველ და დასაქმებულ მოქალაქეებზე, რათა მათ ჰესის მშენებლობისთვის წინააღმდეგობა არ გაეწიათ.