Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიუსელში გაიმართა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა


საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა. ბრიუსელი, 2018 წლის 5 თებერვალი
საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა. ბრიუსელი, 2018 წლის 5 თებერვალი

ბრიუსელში გაიმართა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მეოთხე სხდომა, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ფედერიკა მოგერინი. სხდომაზე განიხილეს ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების განხორციელებისას მიღწეული შედეგები. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, სხდომაზე აღინიშნა, რომ ასოცირების საბჭოს წინა სხდომის შემდეგ, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში მიღწეულია დიდი პროგრესი და უმნიშვნელოვანესი შედეგები. პრესსამსახურის ცნობითვე, ევროკავშირმა დადებითად შეაფასა განხორციელებული რეფორმები, რომლებმაც განამტკიცეს საქართველოს, როგორც რეგიონში ევროკავშირის სტრატეგიული პარტნიორის პოზიცია. მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების განახლებულ დღის წესრიგზეც, რომელიც კომპლექსური დოკუმენტია და მოიცავს პრიორიტეტებს 2020 წლამდე, მათ შორის რეფორმებს დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად და სექტორულ და სავაჭრო რეფორმებს. ევროკავშირმა დაადასტურა მზადყოფნა, განაგრძოს საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობა ერთობლივი დღის წესრიგის წარმატებით განსახორციელებლად. საბჭოს შეფასებით, 2017 წელი ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოსთვის წარმატებული იყო და მიღწეულია მნიშვნელოვანი შედეგები, მათ შორის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ფედერიკა მოგერინიმ საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებს ბრწყინვალე უწოდა და აღნიშნა, რომ საქართველოში საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ჩატარდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და ეროკავშირი მოხარულია ვენეციის კომისიის დადებითი შთაბეჭდილებით საქართველოს საკონსტიტუციო რეფორმის შესახებ. ევროკავშირი მიესალმა საქართველოს სახალხო დამცველის შერჩევის პროცესში სამოქალაქო სექტორის ჩართულობის უზრუნველყოფასაც. ასოცირების საბჭომ დადებითად შეაფასა მართლმსაჯულების სფეროში განხორციელებული ცვლილებები და საჯარო სამსახურის რეფორმა. ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურებაზე და აღინიშნა, რომ ევროკავშირი განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას, მათ შორის სოფლის მეურნეობის სფეროს განვითარების მიმართულებით. ასოცირების საბჭო მიესალმა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების წარმატებულ განხორციელებას და საქართველოს სავაჭრო რეორიენტაციას ევროკავშირის ბაზარზე. ასოცირების საბჭომ დაადასტურა საქართველოს, როგორც მთავარი პარტნიორის როლი, ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების სფეროში და ხაზი გაუსვა ქვეყნის სატრანზიტო შესაძლებლობებს კასპიის ენერგორესურსების ევროპულ ბაზარზე მიწოდების კუთხით, მათ შორის გაზის სამხრეთის დერეფნის გავლით.

XS
SM
MD
LG