Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტიქიამ საქართველოს რამდენიმე მუნიციპალიტეტი დააზარალა


ძლიერმა წვიმამ და ქარმა დააზარალა დასავლეთ საქართველოს რამდენიმე რეგიონი. ქალაქ ქუთაისში, მდინარე ოღასკურის ადიდების შედეგად დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, ინტერვენციული მედიცინის ცენტრი, სავაჭრო ობიექტები, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია და იუსტიციის სახლის შესასვლელი. იმერეთის რეგიონში ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა ზესტაფონის და ტყიბულის დიდი ნაწილიც. გურიის მხარეში ძლიერმა წვიმამ დააზარალა ქალაქი ოზურგეთი და დაბა ურეკი, სადაც დაიტბორა ქუჩები და საცხოვრებელი სახლები. აჭარის რეგიონში საცხოვრებელი სახლები და გზები დაზიანდა ბათუმში, ქობულეთსა და ხელვაჩაურში. უხვმა ნალექმა რამდენიმე მეწყრული კერა წარმოშვა ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში. მეწყრის 7 კერა წარმოიშვა ბათუმი-ახალციხის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზეც. თოვს მაღალმთიან ხულოსა და მესტიაში, სადაც თოვლის საფარი 10-დან 40 სანტიმეტრამდეა. უამინდობის გამო, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში შეფერხებულია ელექტროენერგიითა და წყლით მომარაგება და სატრანსპორტო მიმოსვლა.

XS
SM
MD
LG