კატალონიის რეგიონული მთავრობა აპირებს უახლოეს დღეებში გამოაცხადოს ესპანეთისგან დამოუკიდებლობა. ადგილობრივი მთავრობის მეთაურმა, კარლეს პუჩდემონმა BBC-სთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ 1 ოქტომბერს ჩატარებული რეფერენდუმის საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან 48 საათის განმავლობაში, კატალონია დამოუკიდებლობას ცალმხრივად გამოაცხადებს და ეს მოხდება ამ კვირის ბოლოს, ან მომავალი კვირის დასაწყისში. შეკითხვას, რას მოიმოქმედებენ, თუ ესპანეთის მთავრობა კატალონიაზე პირდაპირ მმართველობას დააწესებს, ან ადგილობრივ ლიდერებს დააპატიმრებს, პუჩდემონმა უპასუხა, რომ ეს იქნება შეცდომა, რომელიც ყველაფერს შეცვლის. მისივე განცხადებით, მადრიდის ყოველი შეცდომა კიდევ უფრო აძლიერებს კატალონიელებს, რომლებიც დღეს დამოუკიდებლობასთან უფრო ახლოს არიან, ვიდრე ერთი თვის წინ. ადგილობრივი მთავრობის წინასწარი მონაცემებით, 1 ოქტომბერს ჩატარებული რეფერენდუმის მონაწილეთა 90%-მა მხარი დაუჭირა ესპანეთის შემადგენლობიდან კატალონიის გასვლას. ამასთან, რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა ნახევარზე ნაკლებმა, 42%-მა. ესპანეთის ხელისუფლებამ რეფერენდუმი უკანონოდ გამოაცხადა ჯერ კიდევ მის ჩატარებამდე. 3 ოქტომბერს, ტელემიმართვისას ესპანეთის მეფემ, ფელიპე მეექვსემ კატალონიაში რეფერენდუმის ჩატარებას უწოდა უპასუხისმგებლო და საშიში მოქმედება. მონარქის განცხადებით, უკანონო რეფერენდუმის ორგანიზატორებმა საფრთხე შეუქმნეს მთელი ქვეყნის სტაბილურობას, დაარღვიეს დემოკრატიის პრინციპები და ხელი შეუწყვეს ადგილობრივი საზოგადოების გახლეჩას. ფელიპე მეექვსემ დაადასტურა სამეფო კარის მტკიცე ერთგულება ესპანეთის კონსტიტუციის, ერთიანობისა და დემოკრატიის მიმართ.
ყველაზე პოპულარული
1