Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კატალონიის ადგილობრივმა მთავრობამ რეფერენდუმის შედეგები გამოაცხადა


ერთმანეთს არაერთხელ დაუპირისპირდნენ რეფერენდუმის მომხრეები და პოლიციელები
ერთმანეთს არაერთხელ დაუპირისპირდნენ რეფერენდუმის მომხრეები და პოლიციელები

ესპანეთის კატალონიის ავტონომიური ოლქის მთავრობამ შემდგარად გამოაცხადა დამოუკიდებლობის საკითხზე 1 ოქტომბერს ჩატარებული რეფერენდუმი. Reuters-ის ინფორმაციით, ბარსელონაში დღეს, 2 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე ადგილობრივი მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ხორდი ტურულმა განაცხადა, რომ რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 42,3%-მა და მათგან 90%-მა მხარი დაუჭირა ესპანეთის შემადგენლობიდან კატალონიის გასვლას. ავტონომიურ ოლქში სულ 5,3 მილიონი ამომრჩეველია. ადგილობრივი მთავრობის მეთაურის, კარლეს პუჩდემონის განცხადებით, კატალონიის მოსახლეობამ მოიპოვა დამოუკიდებელი სახელმწიფოს, რესპუბლიკის შექმნის უფლება. კარლეს პუჩდემონის თქმით, რეფერენდუმის შედეგებს უახლოეს ხანში გაუგზავნიან კატალონიის პარლამენტს, რათა მან იმოქმედოს რეფერენდუმის შესახებ კანონის შესაბამისად. ადგილობრივი პარლამენტის მიერ 6 სექტემბერს მიღებული კანონით, რომელიც ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა, კატალონიის პარლამენტმა დამოუკიდებლობის გამოცხადების საკითხზე სხდომა უნდა ჩაატაროს რეფერენდუმის შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან 48 საათში. ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, მარიანო რახოიმ განაცხადა, რომ მადრიდი ლეგიტიმურად არ ცნობს კატალონიაში ჩატარებულ რეფერენდუმს. მარიანო რახოის თქმით, კატალონიელებს მოტყუებით აიძულეს უკანონო, ინსცენირებულ პლებისციტში მონაწილეობა. ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა რეფერენდუმს უწოდა დემოკრატიის არსის დაცინვა და 1 ოქტომბერს მომხდარი მასობრივი არეულობებისა და ძალადობის გამო, პასუხისმგებლობა დააკისრა კატალონიის ადგილობრივ მთავრობას. 1 ოქტომბერს, ესპანეთის პოლიციამ დახურა კატალონიის მხარეში რეფერენდუმისთვის გახსნილი ათობით უბანი.

ადგილობრივ ხელისუფალთა ინფორმაციით, პოლიციელებმა დაკეტეს 2300-დან 319 საარჩევნო უბანი. ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სულ დაიხურა 92 უბანი. 1 ოქტომბერს, ბარსელონასა და კატალონიის მხარის სხვა ქალაქებში ერთმანეთს არაერთხელ დაუპირისპირდნენ რეფერენდუმის მომხრეები და პოლიციელები. სამართალდამცავებმა ხელკეტები და რეზინის ტყვიები გამოიყენეს, დემონსტრანტებმა კი პოლიციელებს ქვები დაუშინეს. კატალონიის ადგილობრივი მთავრობის ინფორმაციით, დაშავდა 844 ადამიანი. ესპანეთის შსს-ს ცნობით, დაშავებულია 12 პოლიციელი.

XS
SM
MD
LG