Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით ზალკალიანი: ამერიკის ახალი ადმინისტრაცია საქართველოს ინტერესებს გაითვალისწინებს


საგარეო საქმეთა სამინისტრო დარწმუნებულია, რომ აშშ და საქართველო ტრამპის ადმინისტრაციის პირობებშიც სტრატეგიულ პარტნიორებად დარჩებიან და რომ ორი ქვეყნის ურთიერთობაში ცვლილებები მხოლოდ გაუმჯობესების კუთხით არის მოსალოდნელი. საგარეო უწყებას შეშფოთების საფუძველს არ აძლევს ის ფაქტი, რომ ამერიკის მომავალი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, ქებას არ იშურებს ვლადიმირ პუტინის მისამართით და, ასევე, ხშირად ლაპარაკობს რუსეთთან მჭიდრო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა უთხრა რადიო თავისუფლებას, ტრამპის ადმინისტრაციისგან საქართველომ ფრიად დამაიმედებელი სიგნალები მიიღო, რაც თბილისში კიდევ უფრო განამტკიცებს მოლოდინს, რომ ვაშინგტონისა და მოსკოვის ურთიერთობის დალაგება არ მოხდება პარტნიორი ქვეყნების და, მათ შორის, საქართველოს ინტერესების ხარჯზე. საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილე დავით ზალკალიანთან ინტერვიუ ლელა კუნჭულიამ ჩაწერა.

რადიო თავისუფლება: თავდაპირველად, მოკლედ რომ გვითხრათ - როგორ წარმოგიდგენიათ, საქართველოსა და შეერთებული შტატების ურთიერთობები 20 იანვრის ინაუგურაციის შემდეგ, როცა შეერთებული შტატების პრეზიდენტის პოსტს დონალდ ტრამპი დაიკავებს? თქვენი აზრით, მოსალოდნელია თუ არა გარკვეული ცვლილებები ორი ქვეყნის ურთიერთობებში?

დავით ზალკალიანი: „ვფიქრობ, რომ ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ჩვენი მომავალი ურთიერთობები ისე განითარდება, როგორც აქამდე. აშშ-თან ჩვენ გვაქვს ძალიან ინტენსიური, დინამიური ორმხრივი ურთიერთობები და ამის ნათელი დადასტურება იყო, თუნდაც, ბოლო წლების განმავლობაში სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში მიღწეული ხელშესახები პროგრესი. ამ მხრივ, შეიძლება ითქვას, რომ 2016 წელი იყო მართლაც გამორჩეული. სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფორმატში, ჩვენ გვქონდა მართლაც წარმატებული შეხვედრები ყველა მიმართულებით. ესენია: თავდაცვა და უსაფრთხოება, ეკონომიკა, ვაჭრობა, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება, ხალხთა შორის ურთიერთობები. ამას დაემატა, მე ვიტყოდი, ისტორიული ვიზიტი - სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის ისტორიული ვიზიტი 2016 წლის 6 ივლისს, როდესაც ჩვენ ხელი მოვაწერეთ ურთიერთგაგების მემორანდუმს აშშ-თან თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის კუთხით და, ასევე, განათლების მიმართულებით. ეს იყო ერთგვარი კულმინაცია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობისა, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში განვითარდა აშშ-თან და, ვფიქრობ, ეს არის საკმაოდ სოლიდური საფუძველი იმისთვის, რომ ეს ურთიერთობები ახალ ადმინისტრაციასთანაც ამავე მიმართულებით განვითარდეს. ამის თქმის საფუძველს მაძლევს, თუნდაც, ის ორპარტიული მხარდაჭერა, რომელიც ჩვენ გვაქვს აშშ-ის კონგრესისა და სენატის მხრიდან: ის რეზოლუციები, რომლებიც მიღებულ იქნა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ხელშეუხებლობის მიმართულებით - ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი, წარმატებული რეზოლუციები და ვფიქრობ, რომ აშშ-ის დღის წესრიგში საქართველო აუცილებლად იქნება. აღსანიშნავია ბოლო პერიოდში პრეზიდენტ ობამას მიერ ხელმოწერილი ეროვნული თავდაცვის აქტი, რომელიც დაამტკიცა აშშ-ის კონგრესმა და სენატმა, სადაც, ჩვენი მიმართულებით, შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობის 2017 წლის გეგმებზეც არის საუბარი, ანუ საუბარია იმაზე, რომ შეერთებულ შტატებს თავის პარტნიორებთან და, მათ შორის, საქართველოსთან დაკავშირებით გრძელვადიანი ინტერესები და გეგმები აქვს. ასე რომ, მე სრული საფუძველი მაქვს ვიფიქრო, რომ საქართველოსა და შეერთებული შტატების თანამშრომლობა განვითარდება კიდევ უფრო დინამიურად და ჩვენ მომავალ წლებშიც ხელშესახები შედეგები გვექნება“.

რადიო თავისუფლება: ​თქვენ ახსენეთ ობამას ადმინისტრაციის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი, რომელიც მცირე ხნით დღესაც (12 იანვარს) იმყოფებოდა საქართველოში. გავრცელებული ინფორმაციით, მისმა თვითმფრინავმა ტექნიკური დაშვება განახორციელა თბილისში და მას პირადად თქვენ შეხვდით. თუ შეიძლება, რომ გვითხრათ, რაზე ისაუბრეთ, რა მესიჯები ჩამოიტანა მან.

დავით ზალკალიანი: „ჩვენ ძალიან გაგვიხარდა, როცა შევიტყვეთ, რომ ის აპირებდა ტექნიკურ დაშვებას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, რადგანაც ეს იყო კიდევ ერთი შესაძლებლობა საქართველოს დიდ მეგობართან შეხვედრისა. ამ ხანმოკლე მისმა ვიზიტმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჯონ კერი არის საქართველოს ძალიან დიდი მეგობარი და მხარდამჭერი. ჩვენ ვისაუბრეთ ქვეყანაში ბოლო პერიოდში მოვლენათა განვითარებაზე -როგორც პოლიტიკური მიმართულებით, ასევე ეკონომიკური რეფორმებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების კუთხით. მან უაღრესად მაღალი შეფასება მისცა საქართველოს მთავრობის მცდელობებს, რომ ქვეყანა განვითარდეს სწორი მიმართულებით. მან აღნიშნა, რომ ამაში განსაკუთრებული როლი აქვს საქართველოს პრემიერ-მინისტრს. მან აღნიშნა, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება და რომ ეს არის, ასევე, მათი დახმარებაც, რათა შემდეგ უკვე ისინი დაგვეხმარონ ჩვენ. მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას. მე მას ვაცნობე ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი სიტუაციის შესახებ, რომელიც, კარგად მოგეხსენებათ, რომ არ არის სახარბიელო: იქ ყოველდღიურად ჩვენ გვაქვს უამრავი ფაქტი, როდესაც ადამიანის ფუნდამენტური უფლებები ირღვევა და ამაზე აუცილებელია საერთაშორისო თანამეგობრობის და, მათ შორის, ჩვენი უახლოესი სტრატეგიული პარტნიორის - ამერიკის შეერთებული შტატების - მყისიერი რეაგირება. მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს თანამშრომლობა მომავალ ადმინისტრაციასთან გაგრძელდება. მან წარმატება გვისურვა. მას მე მადლობა გადავუხადე საქართველოს მთავრობის სახელით პერსონალურად მისი წვლილისთვის ამ ურთიერთობების გაღრმავებაში. ჯონ კერიმ გამოთქვა იმედი, რომ საქართველოს მომავალშიც კიდევ ბევრჯერ ესტუმრება, უკვე მეგობრის სტატუსით... და მას დიდი სურვილი აქვს, რომ საქართველო ჩამოყალიბდეს როგორც განვითარებული, დემოკრატიული ქვეყანა, სადაც პატივს სცემენ დემოკრატიულ პრინციპებს და ღირებულებებს. ჩვენ საერთო ღირებულებები და პრინციპები გვაქვს ამერიკის შეერთებულ შტატებთან და დიდწილად სწორედ ეს განაპირობებს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას“.

რადიო თავისუფლება: ​როდესაც შეერთებული შტატებისა და საქართველოს სამომავლო ურთიერთობებზე ვლაპარაკობთ, ცხადია, გვერდს ვერ ავუვლით რუსეთის ფაქტორს. როგორი დამოკიდებულება გაქვთ თქვენ იმ ფაქტის მიმართ, რომ დონალდ ტრამპი მოსკოვთან ურთიერთობების ძირეულად გამოსწორების იმედს გამოხატავს და ძალიან თბილად მოიხსენიებს რუსეთის პრეზიდენტს, იმ ქვეყნის პრეზიდენტს, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის დიდი ნაწილი? მაგალითად, 10 იანვარს დონალდ ტრამპმა ნიუ-იორკში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ თუ ვლადიმირ პუტინს ის მოსწონს, ეს ნაკლი კი არა, არამედ მონაპოვარია. გაძლევთ თუ არა შეშფოთების საფუძველს მსგავსი განცხადებები?

დავით ზალკალიანი: „თუკი ჩვენ გადავხედავთ ისტორიას, ყველა ახალი ადმინისტრაცია თავის პოლიტიკად აცხადებს რუსეთთან ურთიერთობების გადატვირთვას - და ეს ასე იყო, თუნდაც, ობამას ადმინისტრაციის პირობებში, მანამდე - ბუშის ადმინისტრაციის პირობებში. ბუნებრივია, დიდ გეოპოლიტიკურ მოთამაშეებს თავიანთი სტრატეგიული ინტერესები აქვთ და მათ სურთ, რომ ეს ურთიერთობები მოქცეული იყოს ნორმალურ, ცივილიზებულ ჩარჩოებსა და ფორმატში. თუნდაც ის, რომ ამერიკის ახლად არჩეული პრეზიდენტი აცხადებს, რომ მას სურს რუსეთთან ურთიერთობების გადახედვა, ამტკიცებს იმას, რომ ეს ურთიერთობები ამჟამად არ არის ნორმალურ ჩარჩოებში და ცივილიზებულ ფორმატებში. თუ ვის გამო არ არის - მგონი, ამაზე ზედმეტია საუბარი. მსოფლიო თანამეგობრობამ კარგად იცის, რომ რუსეთის მხრიდან ირღვევა საერთაშორისოდ აღიარებული ნორმები და პრინციპები საქართველოსთან თუ სხვა ქვეყნებთან მიმართებით. ასე რომ, ვფიქრობ, რომ ეს ბუნებრივი პროცესია: ამერიკის ახალი ადმინისტრაცია ეცდება დაარწმუნოს არგუმენტებით რუსეთის ფედერაცია, რომ აუცილებელია საერთაშორისო ნორმების პრინციპებზე დაფუძნებული ცივილიზებული ურთიერთობების აგება. ჩემი ვარაუდით, ახალ ადმინისტრაციას სწორედ ეს აქვს მხედველობაში და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ მიმართულებით გადაიდგმება ნაბიჯები მათი მხრიდან. რამდენად წარმატებული იქნება, ამას ჩვენ ერთად ვნახავთ... საქართველოს მიმართ მხარდაჭერა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი ხელშეუხებელი იქნება და ამის თქმის საფუძველს მე მაძლევს თუნდაც გუშინ გაკეთებული განცხადებები. მხედველობაში მაქვს ახალი სახელმწიფო მდივნის მოსმენა სენატში, რომელიც 10 იანვარს გაიმართა. მან ძალიან დამაიმედებელი და კარგი განცხადებები გააკეთა საქართველოსთან მიმართებით“.

რადიო თავისუფლება: ​როდესაც 10 იანვარს აშშ-ის სენატში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წინაშე წარდგა, სახელმწიფო მდივნის პოსტისთვის დასახელებულმა კანდიდატმა რექს ტილერსონმა განაცხადა, რომ აშშ-ს უფრო მკვეთრი რეაქცია უნდა ჰქონოდა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიაზე და კიევისათვის დაუყოვნებლივ უნდა გაეწია სამხედრო დახმარება, რათა არ დაეშვა უკრაინაში რუსეთის აგრესიის გაგრძელება. ამასთან, ტილერსონმა განაცხადა, რომ „რუსეთი მხარდაჭერას უწევდა სირიის ჯარს, რომელიც უხეშად არღვევს ომის კანონებს“, რომ „შეერთებული შტატების ნატოელი მოკავშირეები სამართლიანად არიან შეშფოთებული აგრესიულად მოქმედი რუსეთის გამო“ და რომ „ეს ვაკუუმი სწორედ ამერიკის ლიდერობის არარსებობის გამო შეიქმნა“. ამასთან, კითხვა-პასუხის რეჟიმში, მან დაადასტურა, რომ საქართველოს ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის მიერ. რამდენად დამაჯერებელია თქვენთვის რექს ტილერსონის კრიტიკული პოზიცია რუსეთის მისამართით იმ ფონზე, როცა მას საკმაოდ მტკიცე კავშირები აქვს რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან, რის გამოც ბევრი გამოხატავს შეშფოთებას ასევე შეერთებულ შტატებშიც? ამასთან, მან სენატში გამართულ მოსმენაზე განაცხადა, რომ რუსეთთან დაკავშირებით მას ჯერ არ ულაპარაკია ამერიკის მომავალ პრეზიდენტთან.

დავით ზალკალიანი: „მე როგორც მოგახსენეთ, ეს იყო ძალიან დამაიმედებელი და მკაფიო განცხადება, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიები არის ოკუპირებული. ეს არ გახლავთ უბრალოდ ნათქვამი სიტყვები. კარგად უნდა გავითავისოთ: სად ითქვა ეს, რა პირობებში და რა გარემოებაში. ეს არის აშშ-ის მომავალი სახელმწიფო მდივანი, რომელიც იმყოფება სენატში, სადაც ის საკანონმდებლო ხელისუფლების ამდენი წარმომადგენლის წინაშე ადასტურებს, რომ რუსეთს აქვს ოკუპირებული სუვერენული ქვეყნის ტერიტორიები. ანუ ეს ძალიან სერიოზული განცხადებაა, მნიშვნელოვანი განცხადებაა და ვფიქრობ, რომ ეს უნდა გავიგოთ ისე, როგორც იყო ნათქვამი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ახალი სახელმწიფო მდივანი საქართველოსთან მიმართებაში გაატარებს სწორედ ამ პოლიტიკას. ჩვენ, ცხადია, უახლოეს მომავალში გვექნება მასთან კომუნიკაცია და ჩვენი პრობლემატიკა და არსებული თანამშრომლობის ფორმატები იქნება მასთან განხილული ძალიან დეტალურად“.

რადიო თავისუფლება: ​გქონდათ თუ არა რაიმე სახის კომუნიკაცია დონალდ ტრამპის გუნდის წევრებთან, მათთან, ვისი პოზიციაც ემთხვევა მომავალი პრეზიდენტის პოზიციას და თუკი იყო ასეთი კომუნიკაცია (და თუ საიდუმლო არ არის), იქნებ გვითხრათ, რა სიგნალები მიიღეთ თქვენი არხებით.

დავით ზალკალიანი: „რა თქმა უნდა, ჩვენ გვქონდა ასეთი სახის კომუნიკაცია: შედგა სატელეფონო საუბარი საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესა და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს (მაიკლ ფლინს) შორის. ვფიქრობ, რომ იყო ძალიან კარგი და სასარგებლო საუბარი, გამომდინარე იქიდან, რომ ეს იყო ერთგვარი პირველი კომუნიკაცია ახალ ადინისტრაციასთან. ის გახლავთ უახლოესი ადამიანი ახლად არჩეული პრეზიდენტის გარემოცვიდან. მოგეხსენებათ, რომ აშშ-ში კანდიდატებად შეირჩევიან ისინი, ვისაც აქვს ძალიან ახლო წვდომა პრეზიდენტთან და რომლის რჩევებიც პრეზიდენტისთვის იქნება მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა, საუბარი შეეხო ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობას. იყო ძალიან დამაიმედებელი გზავნილები მისი მხრიდან და იმედი იმისა, რომ ჩვენი ურთიერთობები კვლავაც წარიმართება სტრატეგიული თანამშრომლობის კონტექსტში, გამომდინარეობს სწორედ იმ პირველი კომუნიკაციიდან, რაც ჩვენ გვაქვს ახალი ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან. უფრო მეტიც, მოგეხსენებათ, ჩვენ გვყავს ახალი ელჩი ვაშინგტონში - დავით ბაქრაძე, რომელიც უკვე ადგილზეა და უკვე ინტენსიურად ატარებს შეხვედრებს. სწორედ ამ შეხვედრებზე იკვეთება აშშ-თან მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ძალიან პოზიტიურად განვითარდება“.

რადიო თავისუფლება: ​თქვენ მოგიწევთ, რომ, აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პირობებში, დიდწილად თავიდან გააცნოთ საქართველოს პრობლემები ვაშინგტონს და ამას ძალიან დიდი ძალისხმევა ესაჭიროება. გაქვთ თუ არა შემუშავებული კონკრეტული გეგმა იმისათვის, რომ სათანადოდ წარმოაჩინოთ საქართველოს პრობლემები - უპირველეს ყოვლისა, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის კუთხით?

დავით ზალკალიანი: „რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს გეგმაც, გვაქვს სტრატეგიაც და უკვე ვმოქმედებთ ამ გეგმის მიხედვით და გვაქვს ძალიან მკაფიოდ გაწერილი ნაბიჯები, თუ რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ იმისთვის, რომ ახალ ადმინისტრაციას უფრო მკაფიო წარმოდგენა შეექმნას საქართველოს მნიშვნელობაზე და ფუნქციაზე. მოგეხსენებათ, რომ ამერიკა შედგება ძლიერი ინსტიტუტებისგან, არსებობს ინსტიტუციური მეხსიერება და ეს არ იკარგება. ჩვენ ამ მხრივ უკვე მყარი ფუნდამენტი გვაქვს შექმნილი და დარწმუნებული ვარ, ეს გადმოვა ახალ ადმინისტრაციაზეც. თუმცა ამას სჭირდება ყოველდღიური მუშაობა და შეხსენება. ჩვენ გვაქვს სამოქმედო გეგმა, სტრატეგია, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა, რომ ახალ ადმინისტრაციას კარგად დავანახვოთ ჩვენი საჭიროება და ფუნქცია რეგიონში. ამერიკისთვის საქართველო უნდა იყოს საინტერესო და მიმზიდველი ქვეყანა ყველა მიმართულებით - როგორც სამხედრო, პოლიტიკური, საგარეო კუთხით, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით, დემოკრატიული ინსტიტუტების სიმტკიცით... საქართველო ერთ-ერთი მაგალითი უნდა იყოს იმისა, თუ რა მოაქვს ამ ინსტიტუტების განვითარებას და კარგ თანამშრომლობას აშშ-თან. ჩვენი მიზანი იქნება მათ წინაშე იმ ფაქტების უკეთ წარმოჩენა, რომ ჩვენ გვაქვს მყარი თანამშრომლობა გლობალური უსაფრთხოების სფეროში, გვაქვს ჩვენი მნიშვნელოვანი კონტრიბუცია - ვმონაწილეობთ ავღანეთის სამშვიდობო მისიაში, რომ საქართველო გეოპოლიტიკური თვალსაზრისით სტრატეგიულად მნიშვნელოვან ადგილზე მდებარეობს (როგორც აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი). ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ეკონომიკური პოტენციალის მათთვის უკეთ წარმოჩენა და რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის დემოკრატიული ინსტიტუტების პატივისცემა და მდგრადობა. ეს იქნება ის ძირითადი პრიორიტეტები და მიმართულებები, რომლებზეც ჩვენ აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან ვიმუშავებთ და რაც წარმოადგენს ჩვენი სამოქმედო გეგმისა და სტრატეგიის მნიშვნელოვან ელემენტებს.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG