Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„პოლიტიკური წითელი ჯვარი" - კიდევ ერთი გადარჩენილი ისტორია


წიგნის პრეზენტაცია
წიგნის პრეზენტაცია

საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიამ წიგნად გამოსცა პუბლიკაცია - "დაკარგული ისტორია - საქართველოს პოლიტიკური წითელი ჯვარი", გამოკვლევა მე-19-20 საუკუნეების მიჯნაზე საქართველოში მოქმედი პოლიტპატიმართა დახმარების არალეგალური ორგანიზაციის, "პოლიტიკური წითელი ჯვრის", საქმიანობისა. ორგანიზაცია, რომლის წევრთა უმრავლესობა ქალები იყვნენ, თითქმის 1930-იან წლებამდე მუშაობდა არალეგალურად და დახმარებას უწევდა პოლიტპატიმრებსა და მათ ოჯახებს, ასევე იბრძოდა პოლიტიკური უფლებებისათვის და პოლიტპატიმართა მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის. საიდან გაჩნდა პუბლიკაციის მომზადების იდეა, ვინ იყვნენ „პოლიტიკური წითელი ჯვრის“ წევრები და რა ბედი ეწიათ მათ?

გადმოწერა

1921 წლის ივლისში, გასაბჭოებული თბილისის ორივე ციხეში - მეტეხსა და ორთაჭალაში - 600-მდე პოლიტიკური პატიმარი იხდიდა სასჯელს, მოგვიანებით, ნოემბრის ოპერაციისას, ბოლშევიკებმა საქართველოს რეგიონებში კიდევ 2 500-მდე პირი დააპატიმრეს. იმის გამო, რომ ციხის რაციონი საკმარისი არ იყო, საჭირო ხდებოდა პროდუქტით გარედან დახმარება. პუბლიკაციის მიხედვით, სწორედ 1921 წელს შეიქმნა თბილისში პოლიტიკურ პატიმართა დახმარების არალეგალური ორგანიზაცია, რომელშიც თავი მოიყარეს მეფის რეჟიმის დროს არალეგალურ მუშაობაში გამოცდილმა სოციალ-დემოკრატიული პარტიისა და ქალთა ორგანიზაციის ლიდერებმა. პუბლიკაციის ერთ-ერთი ავტორის, ირაკლი ხვადაგიანის, თქმით, ჯგუფის ორგანიზების ინიციატორი და პირველი ხელმძღვანელი იყო ელენე მაისურაძე - სახალხო გვარდიის მთავარი შტაბის წევრისა და ეროვნული საბჭოს დეპუტატის, ალექსანდრე მაისურაძის, ქვრივი. ირაკლი ხვადაგიანი იმასაც ამბობს, რომ "პოლიტიკური წითელი ჯვრის" არსებობის შესახებ შეიტყო შემთხვევით, სხვა თემაზე მუშაობისას:

„ვკითხულობდი ალექსანდრე ლომთათიძის მეუღლის, ზინაიდა ოქროპირიძის, მემუარებს, სადაც ერთ აბზაცად აღწერს, რომ 1921 წლიდან თბილისსა და საქართველოში არსებობდა „პოლიტიკური წითელი ჯვარი“, რეალურად ქალთა ორგანიზაცია, რომელიც ეხმარებოდა პოლიტიკურ პატიმრებს, რომ შიმშილით არ დახოცილიყვნენ ციხეებში და ეხმარებოდნენ მათი ოჯახის წევრებს. სხვა მეტი არაფერი იყო ხელმისაწვდომი ამ ორგანიზაციის შესახებ. ზინაიდა ოქროპირიძე თვითონაც მუშაობდა ამ ჯგუფში და დასახელებული ჰყავდა რამდენიმე ქალი, რომლებიც მასთან მუშაობდნენ“.

ელენე მაისურაძისა და ზინაიდა ოქროპირიძის გარდა, იატაკქვეშა ორგანიზაცია „პოლიტიკურ წითელ ჯვარში“ ასევე მუშაობდნენ: ეპრაქსია რამიშვილი, ნუშა ჭიაბრიშვილი, ელეონორა ტერ-ფარსეგოვა-მახვილაძე, თამარა კახიანი, ქრისტინე შარაშიძე, ცაცა დარახველიძე, მინადორა ტოროშელიძე, ოლა სოლოღაშვილი, ანეტა ქუთათელაძე, ასევე ორი უცნობი ქალი - რახილი და პელო. ირაკლი ხვადაგიანის მიერ ნახსენებ ზინაიდა ოქროპირიძის (საქართველოს დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილის, ალექსანდრე ლომთათიძის, ქვრივის) მემუარებში კი ვკითხულობთ:

„... ჩეკას - ცინცაძის - ნებართვით შედგა თავისებური ქალების წითელი ჯვარი (პოლიტპატიმართა დამხმარე), რომელიც წინათაც იყო და საერთოდ ყველაგან იყო... ელენე მაისურაძე ცხოვრობდა იზმაილოვის ქუჩაზე, ნათიძეების პირდაპირ. ფართო სამზარეულო ჰქონდა. იქ ვიკრიბებოდით პატიმართა ცოლ-ქალიშვილები. ფულს აგროვებდნენ ხალხში, ჩუმ-ჩუმად ეხმარებოდნენ. ვისაც არ გვქონდა, ჩვენს შრომას ვახმარდით - ხორცი, ბადრიჯანი, კარტოფილი, დიდრონ სუფრის ქვაბში ვხარშავდით და ისე ცხელ-ცხელი მიჰქონდათ მუშების ხელით მეტეხში. ერთი თამარი იყო, ახალგაზრდა ქალი. დედა იმასაც ციხეში ეჯდა. კარგი, ყოჩაღი გოგო იყო. ის უძღოდა და საჯაროდ მიჰქონდა. მიადგებოდა ციხეს. მუშაკებმა იცოდნენ, რომ ეს საერთო იყო - განსაკუთრებით უპატრონოებისათვის, რაიონებიდან რომ იყო ჩამოსული უამრავი ხალხი“.

წიგნის პრეზენტაცია
წიგნის პრეზენტაცია

ირაკლი ხვადაგიანის ვარაუდით, 1922 წლის დასაწყისამდე ჩეკა და მისი თავმჯდომარე, კოტე ცინცაძე, თვალს ხუჭავდნენ „პოლიტიკური წითელი ჯვრის“ საქმიანობაზე, 1922 წლიდან კი, საქართველოში პოლიტიკური კრიზისის გამწვავების შემდეგ (მთავარი ქართული პარტიები გაერთიანდნენ ბოლშევიკების წინააღმდეგ ბრძოლაში), ჩეკამ გაამკაცრა ზედამხედველობა და იატაკქვეშა ქსელის გამოვლინება დაიწყო. 1922 წლის თებერვალში რამდენიმე თვით ელენე მაისურაძეც დააკავეს. ირაკლი ხვადაგიანის თქმით, დროთა განმავლობაში „პოლიტიკური წითელი ჯვრის“ საქმიანობის გარგძელება, ორგანიზაციის წევრთა დაპატიმრების გამო, შეუძლებელი გახდა:

„ჩანს, რომ ეტაპობრივად თვითონაც ხდებოდნენ ტერორის მსხვერპლი, ანუ ეს იყო მუდმივი ცირკულაცია: დახმარების საზოგადოება, მერე თვითონ აპატიმრებდნენ, მერე სხვები იკავებდნენ მათ ადგილს და ასე გაგრძელდა დიდი ტერორის დაწყებამდე, ანუ 1937-1938 წლებამდე, როცა მასობრივმა ტერორმა პოლიტპატიმართა სოლიდარობის ყოველგვარი ბაზა გაანადგურა“.

არადა, პოლიტპატიმართა სოლიდარობის ბაზა საქართველოში ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის ბოლოდან არსებობდა. სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში შეიქმნა პოლიტპატიმართა დამხმარე „ციხეების კომისია“, 1905 წლის რევოლუციისა და რეაქციის დროს კი - „წითელი ჯვარი“ და რეპრესიების შედეგად დაზარებული მოსახლეობის დამხმარე კომიტეტები. 1905-1917 წლებში მოქმედებდა პოლიტპატიმართა და გადასახლებულთა დახმარების ქსელი. თავად „პოლიტიკური წითელი ჯვარი“ კი დაეფუძნა სოციალ-დემოკრატიული პარტიის ქალთა ორგანიზაციას. დავით ჯიშკარიანის - პუბლიკაციის კიდევ ერთი ავტორის - თქმით, როცა ჩეკამ აგენტურული დამუშავება და ძიება დაიწყო, გაუჭირდა ერთმანეთისგან გაემიჯნა, სად მთავრდებოდა „პოლიტიკური წითელი ჯვარი“ და სად იწყებოდა სოციალ-დემოკრატიული პარტიის „ქალთა კომიტეტი“:

„რა თქმა უნდა, ისინი, როგორც ძველი რევოლუციონერები, ყველანაირ გზას იყენებდნენ. პროდუქტი, ფულის შეტანა... არსებობს სხვადასხვა ინფორმაცია, რომ ხდებოდა ციხის ზედამხედველების მოსყიდვა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს იყო ძალიან მასობრივი დახმარება, იქიდან გამომდინარე, რომ მაშინ რეჟიმი ძალიან მკაცრად ექცეოდა მათ და თვითონ, ვინც გარეთ იყო, მათაც არ ჰქონდათ დახმარების საშუალება. ამიტომ ვერ ვიტყვით, რომ ეს იყო ტოტალური დახმარების ქსელი, თუმცა პატიმრების ყოფას, რა თქმა უნდა, ამსუბუქებდა. მათ დაანგარიშებულიც კი ჰქონდათ, რა ჯდებოდა თითო პატიმრის შენახვა ერთი დღე ციხის პირობებში. საკმაოდ სოლიდური თანხმები იყო. დისკუსიებიც კი იმართებოდა, საკმარისი იყო თუ არა მათი მოქმედება“.

არალეგალურად შეიქმნა ქსელი, რომელმაც სოლიდარობის მნიშვნელოვან მასშტაბებს მიაღწია. ამ ისტორიიდან კარგად ჩანს, თუ როგორ იკლებდნენ თვითონ გაჭირვებაში მყოფი ადამიანები ფულს, სურსათს, საყოფაცხოვრებო ნივთებს და ცდილობდნენ თავიანთი თანამოაზრეების გადარჩენას...
ანა მარგველაშვილი

დავით ჯიშკარიანმა და ირაკლი ხვადაგიანმა თითქმის ერთი წელი იმუშავეს არქივებში, მათ შორის - შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში, სადაც სისხლის სამართლის საქმეებში ეძებდნენ საჭირო მასალებს „პოლიტიკური წითელი ჯვრისა“ და მისი წევრების შესახებ, თუმცა მკვლევართა მოლოდინი არ გამართლდა.

იგივე განმეორდა საქართველოს ცენტრალური კომიტეტის არქივშიც. შედარებით გაუმართლათ ეროვნულ არქივში. სწორედ იქ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით გამოიცა მოცემული პუბლიკაცია, რომლის მნიშვნელობაზე საუბრისას პროექტის ხელმძღვნელი ანა მარგველაშვილი ამბობს, რომ ისტორიის გაყალბების გამო ჩვენს საზოგადოებას მწირი და, ხშირ შემთხვევაში, არასწორი ინფორმაცია აქვს თავის უახლოეს წარსულზე:

„ძალიან ხშირად მოგვისმენია კრიტიკა, რომ საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ საქართველოში არანაირი წინააღმდეგობა რეჟიმის მიმართ არ არსებობდა, გარდა 1924 წლის აჯანყებისა. ჩვენი ორგანიზაციისთვის ძალიან საინტერესოა ეს ისტორია, სწორედ იმიტომ, რომ არალეგალურად შეიქმნა ქსელი, რომელმაც სოლიდარობის მნიშვნელოვან მასშტაბებს მიაღწია. ამ ისტორიიდან კარგად ჩანს, თუ როგორ იკლებდნენ თვითონ გაჭირვებაში მყოფი ადამიანები ფულს, სურსათს, საყოფაცხოვრებო ნივთებს და ცდილობდნენ თავიანთი თანამოაზრეების გადარჩენას. 30-იან წლებამდე მივყევით ამ კვლევას და ვნახეთ, თუ როგორ ავსებს ამ სიცარიელეს, რომ თითქოს ჩვენ არ ვიყავით სოლიდარული საზოგადოება“.

პუბლიკაცია „დაკარგული ისტორია - საქართველოს პოლიტიკური წითელი ჯვარი“ მომზადდა საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის (SOVLAB) მიერ, პროექტის „დაკარგული ისტორია - მეხსიერება წინააღმდეგობასა და თანამშრომლობას შორის“ ფარგლებში. პროექტს მხარს უჭერს ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიურო, რომლის წარმომადგენლის, შოთა პაპავას, თქმით, საბჭოთა წარსულის გააზრება კვლავ რჩება ფონდის პრიორიტეტთა შორის.

„სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ გვგონია, რომ ეს იქნება საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი იმდენად, რამდენადაც საბჭოთა წარსულის გადააზრება, ზოგადად, მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოებისთვის და განსაკუთრებით ისეთი ისტორიების, რომლებიც დაკარგულია და რომ არა ისეთი ორგანიზაციები, როგორიც არის SOVLAB-ი, რომლებსაც მაქსიმალურად უჭერს მხარს ბიოლის ფონდი, ეს ისტორიები დაიკარგებოდა, რაც მნიშვნელოვანი ნაწილია ჩვენი საბჭოთა წარსულისა - ვიტყოდი, ჩვენი უცნობი საბჭოთა წარსულისა - და ამის გამომზეურება პრიორიტეტულია ფონდისთვის და სასარგებლო ქართული საზოგადოებისთვის“, უთხრა შოთა პაპავამ რადიო თავისუფლებას.

მიუხედავად იმისა, რომ ქართული საზოგადოებისთვის საჭირო და სასარგებლოა, მსგავსი კვლევების ბედი დამოკიდებულია ცალკეულ კერძო ფონდებზე, სახელმწიფოს ძალისხმევა კი, ფაქტობრივად, ნულის ტოლია. არადა, როგორც ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძე ამობს, საქართველოს საბჭოთა ისტორიის ცოდნა უაღრესად მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისათვის:

„ერთი სერიოზული პრობლემა ის არის, რომ თითქოსდა ინტერესიც არ იყო, ახლა ეს ინტერესი გაჩნდა, მაგრამ ამ ინტერესს არც სახელმწიფო არ უდგას გვერდში და საკმაოდ რთულია არქივებში მუშაობა. იმის მაგივრად, რომ არქივები ყოველმხრივ ხელს უწყობდნენ მკვლევართა მუშაობას ამ საკითხებზე (ასეთი მკვლევარები თითებზე ჩამოსათვლელები არიან), პირიქით, გარკვეულ სიძნელეებს ხვდებიან და ეს არ არის მხოლოდ ფინანსური სიძნელე და, რასაკვირველია, ჩემი აზრით, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი არის ის, რომ სახელმწიფოს გააჩნია უზარმაზარი რესურსი უნივერსიტეტების, კვლევითი ინსტიტუტების სახით და მგონია, რომ სახელმწიფომ უნდა გამოიჩინოს ნება და სურვილი, რომ ჩვენი უახლოესი ისტორია, საბჭოთა ისტორია, უფრო სერიოზულად იქნას შესწავლილი და ამას ხელი შეუწყონ“.

ხელის შეწყობის ნაცვლად არქივებში მომუშავე მკვლევარებს მნიშვნელოვანი თანხის გადახდა უწევთ ნებისმიერი საარქივო მასალის მისაღებად, თუმცა, ამგვარი სირთულეების მიუხედავად, SOVLAB-ის მკვლევარებმა მაინც შეძლეს და საზოგადოებას შეატყობინეს ათასობით პოლიტიკური პატიმრის, დევნილისა და მათი ოჯახი წევრთა სიცოცხლის გადასარჩენად მებრძოლი თანამოქალაქეების სახელები, მათ შორის, ელენე მაისურაძის, „საქართველოს პოლიტიკური წითელი ჯვრის“ ორგანიზების ინიციატორისა და პირველი ხელმძღვანელის, რომლის 1919 წლით დათარიღებული, აქამდე უცნობი, მოგონებებითა და დღიურით მთავრდება SOVLAB-ის მორიგი პუბლიკაცია.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG