Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ГКЧП - საბჭოთა კავშირის გედის სიმღერა


1991 წლის 19 აგვისტო. ბორის ელცინმა მიმართა ხალხს
1991 წლის 19 აგვისტო. ბორის ელცინმა მიმართა ხალხს

25 წელი გავიდა 1991 წლის 18-21 აგვისტოს პუტჩიდან. საგანგებო ვითარების სახელმწიფო კომიტეტი - რუსული აბრევიატურით გე-კა-ჩე-პე (ГКЧП) - ასეთი სახელი დაირქვა „ქვეყანაში ვითარების სტაბილიზების დამყარების“ საბაბით შექმნილმა ორგანომ, რომელმაც საბჭოთა კავშირის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება დააკისრა გენადი იანაევს - კომიტეტის თავმჯდომარესა და ვიცე-პრეზიდენტს, რადგანაც მოქმედ პრეზიდენტს, მიხელ გორბაჩოვს, თითქოსდა არ შეეძლო თავისი მოვალეობის შესრულება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. პუტჩი, რომლის მიზანი იყო დაშლის პირას მისული საბჭოთა კავშირის შენარჩუნება და ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულების გაფორმება, არ შედგა. კომიტეტის წევრები დააპატიმრეს, მალე კი საბჭოთა კავშირიც დაიშალა, თუმცა ამ უდავოდ სასიკეთო ისტორიულმა მოვლენამ მძიმე კვალი დაამჩნია საქართველოს უახლეს ისტორიას.

ГКЧП - სსრკ-ს გედის სიმღერა
please wait

No media source currently available

0:00 0:12:04 0:00
გადმოწერა

პეტრე ჩაიკოვსკის „გედების ტბის“ მუსიკა საუნდტრეკივით გასდევდა გე-კა-ჩე-პეს მიერ ორგანიზებულ პუტჩს. 19 აგვისტოს დილიდან საკავშირო ტელევიზიის პირველი არხის ეთერში მხოლოდ კლასიკური მუსიკა გადაიცემოდა - ყველა სხვა არხი ან გათიშული იყო, ან პირველი არხის სიგნალს ავრცელებდა, სულ მალე კი საინფორმაციო პროგრამა „ვრემიამ“ საბჭოთა მოქალაქეებს შეატყობინა, რომ მიხეილ გორბაჩოვის ავადმყოფობის გამო პრეზიდენტის მოვალეობას ვიცე-პრეზიდენტი იანაევი შეასრულებდა და რომ გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა ექვსი თვით და ქვეყნის სამართავად შეიქმნა ახალი ორგანო, საგანგებო ვითარების სახელმწიფო კომიტეტი - გე-კა-ჩე-პე. ამ კომიტეტის შემადგენლობა კი, მართლაც, შთამბეჭდავი იყო: ვიცე-პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, შინაგან საქმეთა მინისტრი და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ხელმძღვანელები. თუმცა გე-კა-ჩე-პეს შემადგენლობის დასახელებასა და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას წინ უძღოდა თვრამეტი აგვისტოს მოვლენები და საბჭოთა კავშირის მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ გორბაჩოვის, შინაპატიმრობაში აყვანა აგარაკ ფოროსზე.

ბევრ თბილისელს გე-კა-ჩე-პე-სა და აგვისტოს პუტჩის შესახებ არაფერი სმენია. არადა, „აგვისტოს პუტჩმა“ დიდი გავლენა იქონია საქართველოს შემდგომ ბედზე. საქმე ისაა, რომ გე-კა-ჩე-პეს N1 დადგენილების მეორე მუხლი მოითხოვდა „ხელისუფლებისა და მმართველობის იმ სტრუქტურების, გასამხედროებული ფორმირებების დაუყოვნებლივ დაშლას, რომელთა ქმედებაც ეწინააღმდეგება სსრკ კონსტიტუციას და კანონებს“.

როგორც ისტორიკოსი დიმიტრი შველიძე იხსენებს, სწორედ ამ პუნქტის შესრულებას მოითხოვდა გე-კა-ჩე-პეს მიერ საგანგებოდ მოსკოვიდან თბილისში მივლენილი გენერალი:

დიმიტრი შველიძე
დიმიტრი შველიძე

“თავდაცვის მინისტრის მოადგილე იყო ჩამოსული, ჟურავლიოვი, და მწვავე საუბარი ჰქონდა გამსახურდიას. უბრძანეს, დაეშალა ეროვნული გვარდია და ა.შ. ეს 19 აგვიტოს ხდება და იმავე დღეს გამოქვეყნდა ბრძანება გვარდიის გაუქმების შესახებ. ისღა დაგვრჩენია ვივარაუდოთ, რომ ეს იყო ან კომპრომისი, ან მორჩილება“.

დიმიტრი შველიძის თქმით, 19 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა ბრძანებულება, რომლის მიხედვითაც, გვარდიას მიენიჭა „განსაკუთრებული დანიშნულების მილიციის ქვეგანაყოფის“ სტატუსი და გაუქმდა გვარდიის სარდლის თანამდებობა. პასუხად ეროვნული გვარდიის ნაწილი, თენგიზ კიტოვანის მეთაურობით, თვითნებურად გავიდა რკონის ხეობაში და ხელისუფლება მოსკოვის მორჩილებაში დაადანაშაულა. რადიო თავისუფლების არქივში შემონახულია ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ყოფილი თავმჯდომარის, ირინა სარიშვილის, ხმის ჩანაწერი:

„ყველანაირად ჩანდა, რომ საქართველოს მაშინდელი ხელისუფლება მიდიოდა გე-კა-ჩე-პესთან დათმობაზე. და ამან გამოიწვია შემდგომ განხეთქილება გვარდიაში და განხეთქილება „მრგვალ მაგიდასთან“ და შეიარაღებული დაპირისპირება ერთმანეთთან“.

ეროვნული მოძრაობის კიდევ ერთი აქტიური წევრი, ვახტანგ ძაბირაძე, ამბობს, რომ მნიშვნელოვანი იყო ის, თუ როგორ აღიქვა საზოგადოების ნაწილმა საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება. ძაბირაძის თქმით, საბედისწერო როლი ითამაშა პოლიტიკურმა ფონმა, რომელიც გაჯერებული იყო დაპირისპირებითა და უნდობლობით.

ვახტანგ ძაბირაძე
ვახტანგ ძაბირაძე

„კაცმა რომ თქვას, თავად იმ განცხადებაშიც, პირველ დღეს რომ გააკეთეს, კატასტროფული თითქოს არც არაფერი ყოფილა, იმიტომ რომ რეალურად გვარდია, მართლაც, პოლიციის დაქვემდებარებაში იყო და ამის ხმამაღალი აფიშირება გაკეთდებოდა თუ არა, თითქოს მნიშვნელობა არ ჰქონდა, მაგრამ ეს აღიქვეს როგორც მოსკოვის ბრძანების უპირობო შესრულება. ასე იქნა აღქმული და სწორია ეს თუ არა, ძნელი სათქმელია, რადგან პოლიტიკა ასე არ მუშაობს. პოლიტიკაში მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რისი სჯერა და არ სჯერა ხალხს, თორემ პროცესები სხვაგვარად წავიდოდა“, უთხრა ვახტანგ ძაბირაძემ რადიო თავისუფლებას.

პროცესები კი იმგვარად განვითარდა, რომ ხელისუფლებისა და გვარდიის დაპირისპირება რამდენიმე თვეში სამოქალაქო ომში გადაიზარდა. არადა, როგორც ისტორიკოსი დიმიტრი შველიძე ამბობს, პუტჩის მეორე დღეს, ანუ 20 აგვისტოს, საქართველოს ხელისუფლებამ გაავრცელა დასავლეთის ქვეყნების ხალხებისა და მთავრობებისადმი ოფიციალური მიმართვა, რომლითაც მოუწოდა დასავლეთს, არ დარჩენილიყო მაყურებლის როლში და მხარი დაეჭირა მხოლოდ ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლებისათვის:

„შექმნილი არასტაბილური მდგომარეობა, რეაქციული ძალების შესაძლო გამარჯვება, საფრთხეს უქმნის, უწინარეს ყოვლისა, საბჭოთა კავშირში შემავალ იმ რესპუბლიკებს, რომლებიც იბრძვიან დამოუკიდებლობისათვის, თავისუფლებისათვის და რომელთაც ჰყავთ ხალხის მიერ არჩეული პარლამენტი და პრეზიდენტი. ისინი უშუალო სამხედრო აგრესიის საფრთხის წინაშე დგანან. ამიტომ მე მოვუწოდებ დასავლეთის მთავრობებს, - უწინარეს ყოვლისა, აშშ-ს, - სასწრაფოდ და გადაუდებლად დე ფაქტო და დე იურე ცნონ ამ რესპუბლიკების - მათ შორის, საქართველოს - დამოუკიდებლობა და დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარონ მათთან, რათა დაიცვან ჭეშმარიტად დემოკრატიული რეფორმების მონაპოვარი ამ ქვეყნებში“.

საქართველოს ხელისუფლების მიერ გავრცელებული ამ მიმართვის შეფასება ვთხოვეთ ისტორიკოს დიმიტრი შველიძეს:

„ცალსახად უარყოფითად არის შეფასებული გე-კა-ჩე-პეს მოვლენა. ნახსენებია, რომ ტოტალიტარიზმისათვის დამახასიათებელია ძალაუფლებისათვის ბრძოლის ასეთი ფორმაო. ეს არის რეაქციული ძალების შესაძლო გამარჯვებაო, ესეც არის დაფიქსირებული, და მოუწოდებს დასავლეთის წამყვან ქვეყნებს სასწრაფოდ ცნონ დამოუკიდებლობის გამომცხადებელი ქვეყნების დამოუკიდებლობა. ჩემი აზრით, ამ განცხადებით საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდა იმ პოზიციას, რომელიც გე-კა-ჩე-პეს გმობდა“.

ნემო ბურჭულაძე
ნემო ბურჭულაძე

აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს ეროვნული გვარდია თავდაცვის სამინისტროს შემადგენლობაში არ ყოფილა. გვარდია შექმნის დღიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს შემადგენლობაში შედიოდა, ამ ფაქტის ხაზგასმით კი საქართველოს ხელისუფლებამ სცადა იმ მუქარის განეიტრალება, რომელიც ღიად მოდიოდა გე-კა-ჩე-პედან და მიზნად ისახავდა გვარდიის განადგურებას. ასე ფიქრობს საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მაშინდელი მოადგილე ნემო ბურჭულაძე:

„იყო ოფიციალური მუქარები! ზეწოლა კი არა, გვარდიის განადგურების ღია მუქარა იყო, მაგრამ ზვიადის პასუხი იყო, რომ საქართველო არის სახელმწიფო და ის მოიქცევა ისე, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს შეჰფერის. რუსეთი, მოგეხსენებათ, რაც არის და არ მალავს, რომ მან მოაწყო 1991 წლის ბოლოს გადატრიალება, მაგრამ მოაწყო აქაურების ხელით. წლები რომ გავიდა, ამას ჰიბრიდული ომი დაარქვეს და დღევანდელი პრორუსული პარტიებიც ნაწილია ამ ომისა, ომისა რუსეთისა საქართველოს წინააღმდეგ“.

საბოლოო ჯამში, აგვისტოს პუტჩმა, უდავოდ პოზიტიურმა ისტორიულმა მოვლენამ, რომელმაც საბჭოთა კავშირის დაშლა დააჩქარა, ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებიდან ყველაზე მეტად დააზარალა საქართველო. ოპოზიციურ პარტიებს მიეცათ საბაბი დაედანაშაულებინათ ხელისუფლება არაპრინციპულობასა და ეროვნული ინტერესების დათმობაში. გარდა ამისა, ხელისუფლებას განუდგა გვარდიის დიდი ნაწილი, რომელიც ოპოზიციის სამხედრო დასაყრდენი გახდა და რომელმაც აქტიური მონაწილეობა მიიღო ხელისუფლების დამხობაში. რაც შეეხება თავად აგვისტოს პუტჩს, გე-კა-ჩე-პეს მმართველობა 21 აგვისტოს კომიტეტის წევრების დაპატიმრებით დასრულდა. ფილოსოფოს გია ნოდიას თქმით, აგვისტოს პუტჩის კრახმა ცხადი გახადა საბჭოთა კავშირის კრახი და მისი რეანიმაციის შეუძლებლობა:

რაც შეეხება საბჭოთა კავშირის შენარჩუნების მომხრე ძალებს, მათ არ ჰქონდათ არც მორალური და არც პოლიტიკური კაპიტალი შერჩენილი, არ ჰქონდათ არანაირი დასაყრდენი. ის ორგანიზაციებიც, რომლებსაც ისინი ეყრდნობოდნენ, შიგნიდან გამოხრული იყვნენ...
გია ნოდია

„რამდენიმე წელი მიმდინარეობდა პროცესები საპირისპირო მიმართულებით. გარდაიქმნა როგორც საზოგადოებრივი განწყობა, ასევე ინსტიტუტები. უკვე არსებობდა რუსეთის ხელისუფლება ელცინის ხელმძღვანელობით, ასევე სხვა რესპუბლიკების ხელმძღვანელობები. არსებობდა ორგანიზებული პარტიები და მოძრაობები. რაც შეეხება საბჭოთა კავშირის შენარჩუნების მომხრე ძალებს, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ როგორც გორბაჩოვს (რბილ რეფორმატორს, რომელსაც ასევე უნდოდა კავშირის შენარჩუნება), ასევე რესპუბლიკების ხელმძღვანელობებს, მათ არ ჰქონდათ არც მორალური და არც პოლიტიკური კაპიტალი შერჩენილი, არ ჰქონდათ არანაირი დასაყრდენი. ის ორგანიზაციებიც, რომლებსაც ისინი ეყრდნობოდნენ, შიგნიდან გამოხრული იყვნენ“.

გია ნოდიას თქმით, გე-კა-ჩე-პეს კრახმა დააჩქარა საბჭოთა კავშირის დაშლა. 24 აგვისტოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა უკრაინამ, რამდენიმე თვეში კი, 1991 წლის 8 დეკემბერს, რუსეთის, უკრაინისა და ბელორუსიის პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას და მსოფლიოს აცნობეს, რომ საბჭოთა კავშირმა არსებობა შეწყვიტა. ასე რომ, აგვისტოს პუტჩის საუნდტრეკი - ჩაიკოვსკის „გედების ტბის“ მუსიკა -საბჭოთა კავშირის გედის სიმღერადაც შეიძლება მივიჩნიოთ.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG