Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრემიერ-მინისტრი მზად არის პრეზიდენტთან შესახვედრად


საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მზად არის პრეზიდენტთან, გიორგი მარგველაშვილთან შესახვედრად. „რა თქმა უნდა, შევხვდები პრეზიდენტს. მე მასთან ძალიან კონსტრუქციული და საქმიანი ურთიერთობა მაქვს“, - განუცხადა დღეს ჟურნალისტებს გიორგი კვირიკაშვილმა. რაც შეეხება გიორგი მარგველაშვილის განცხადებას მისი ოჯახის წევრზე ზეწოლის შესახებ, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ თემაზე მან და პრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ ისაუბრეს და საკითხის სასწრაფოდ გარკვევა მაშინვე დაავალა შინაგან საქმეთა მინისტრს. „გამოვრიცხავ, რომ ეს იყო შანტაჟი და პოლიტიკური ზეწოლა და თუ იყო რაიმე პროცედურული დარღვევა, შესაბამისი რეაგირება იქნება ძალიან მკაცრი“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. მისივე თქმით, პოლიტიკური განცხადებების გაკეთებამდე, პრემიერ-მინისტრმაც, პრეზიდენტმაც და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემაც ინფორმაცია სამართალდამცავებს უნდა მიაწოდონ. გიორგი კვირიკაშვილმა გაუგებარი უწოდა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის პოზიციას, რომ აჭარის პროკურატურაში მისვლას არ აპირებს. „ბატონი პაპუაშვილს პირველი განცხადებისთანავე დავუკავშირდი და ვუთხარი, დაუყოვნებლივ ეცნობებინა პროკურატურისთვის ინფორმაცია და მიეწოდებინა ის მასალები, რაც აქვს. სამწუხაროდ, მან გადაწყვიტა, რომ პროკურატურისთვის არ მიემართა და ჩემთვის გაუგებარია, რატომ შეიძლება, რომ აჭარის პროკურატურაში მისვლა იყოს არაადეკვატური“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. პრემიერ-მინისტრის თქმით, კანონის წინაშე ყველა თანასწორია და ინსტიტუტებს ყველამ პატივი უნდა სცეს. „მე მასთან შეხვედრის პრობლემა არ მაქვს, მაგრამ მგონია, რომ საქმე გვაქვს ინსტიტუციების დისკრედიტაციასთან, რაც ყოვლად დაუშვებელია, რადგან ეს ინსტიტუციები ყველას გვჭირდება და მათზე ქვეყანა დგას“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. მისივე თქმით, ესაუბრა მთავარ პროკურორსაც და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესაც და იმედია, ისინი შეხვდებიან და სიმართლე გაირკვევა.

XS
SM
MD
LG