Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

მესამე სექტორს ზუგდიდის ბიუჯეტის სოციალური ნაწილის მიმართ შენიშვნები აქვს


ზუგდიდი
ზუგდიდი

ზუგდიდში დაიწყო ქალაქის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვები. უკვე შედგა ბიუჯეტის ინფრასტრუქტურული, სოციალური და ჯანდაცვის ნაწილების, ასევე განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა ნაწილის განხილვა. მიმდინარე წლის ბიუჯეტთან შედარებით, 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი გაზრდილია ორი მილიონ ხუთას თექვსმეტი ათას ექვსასი ლარით. ჯამში კი, ის შეადგენს თვრამეტ მილიონ ხუთას ოთხმოცდაჩვიდმეტი ათას ორას ლარს. როგორც თვითმმართველობის წარმომადგენლები აღნიშნავენ, ბიუჯეტში პრიორიტეტულ საკითხებად რჩება ჯანდაცვა, ინფრასტრუქტურა, განათლება და სოციალური პროგრამები.

ბიუჯეტის განხილვის პროცესში ყველაზე მეტი შენიშვნა პროექტის სწორედ სოციალური ნაწილის მიმართ გამოითქვა. შენიშვნები ამ კუთხით არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილს აქვს. მაგალითად, ორგანიზაცია „თანაზიარის“ ხელმძღვანელ ხათუნა ბეჭვაიას შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ პროექტში ახალი პროგრამები ჩაიდო, ის მაინც ბუნდოვანია და მეტ კონკრეტიკას საჭიროებს:

„მოქალაქემ, რომელიც არ იყო ჩართული მის განხილვაში, არ იცის რა იგულისხმება. უკეთესი იქნებოდა, რომ უფრო დაკონკრეტებულიყო, თუ ვის მოიცავს, ვის ეხება“.

მსგავსი პოზიცია დააფიქსირა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ზუგდიდის ოფისის კოორდინატორმა არჩილ თოდუამ. ამასთან, მან გამოთქვა იმედი, რომ გათვალისწინებული იქნება ის შენიშვნები, რომლებიც არასამთავრობო სექტორისა და მოქალაქეების მხრიდან გამოითქვა:

„არ არის დაკონკრეტებული, თუ რა მიზნის მიღწევას ცდილობს მუნიციპალიტეტი კონკრეტული პროგრამით, ან ვინ იქნებიან ამ პროგრამის ბენეფიციარები, რა სარგებელს მიიღებენ ისინი. იმედი მაქვს, რომ საკრებულო მიიღებს იმ შენიშვნებს, რაც წარმოდგენილი იყო განხილვაზე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მოქალაქეების მიერ. საბოლოო ჯამში, ჩვენ მივიღებთ ბიუჯეტს, რომელიც უფრო მეტად ცხადად გვიჩვენებს, თუ რაში იხარჯება ეს თანხები“.

ასოციაცია „დეას“ აღმასრულებელი დირექტორის მადონა ხარებავას განცხადებით კი, წლებია ლაპარაკობენ იმაზე, რომ სოციალური პროგრამები გრძელვადიან ჭრილში განიხილონ, მაგრამ ადგილობრივი ხელისუფლების მიდგომები არ იცვლება. შენიშვნა მან პროექტის დოკუმენტში ისეთი არასწორი ტერმინოლოგიის გამოყენებასთან დაკავშირებითაც გამოთქვა, როგორიცაა „უნარშეზღუდული“ და „პირველი ჯგუფის ინვალიდი“:

„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები გათვლილი არიან მხოლოდ ერთჯერად დახმარებაზე. როცა ჩვენ ავუხსნით, რომ 200 ლარი ერთი ადამიანისთვის არაფერს არ წარმოადგენს, მაგრამ 2 000 ადამიანის 200 ლარით შესაძლებელია ცენტრის გახსნა და გაცილებით მეტი სარგებელი მიიღონ ცენტრისგან, ვიდრე ერთჯერადი დახმარებაა, არ მგონია, ვინმე უარს იტყოდეს“.

თავის მხრივ, ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე კახაბერ ფარცვანიამ აღნიშნა, რომ საჯარო განხილვების მიზანი სწორედ იმ შენიშვნების მოსმენა და გათვალისწინებაა, რომლებიც მოსახლეობიდან მოდის. მისი განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციას არ მოსწონს ერთჯერადი დახმარებები, ბევრი ადამიანისთვის ეს საარსებო წყაროა.

„ძალიან ბევრი ადამიანისთვის ეს არის საარსებო წყარო, ეს ერთჯერადი დახმარება. აქედან გამომდინარე, ვერ დავეყრდნობით ნამდვილად ერთი და ორი არასამთავრობოს გადაწყვეტილებას. ჩვენ აუცილებლად ამასთან დაკავშირებით შევხვდებით მოსახლეობას. მომართვიანობის პროცენტი გვაქვს ძალიან მაღალი“, - განაცხადა კახაბერ ფარცვანიამ.

მისი თქმით, ბიუჯეტის სოციალური ნაწილის მოცულობა, რომელშიც ჯანდაცვაც შედის, ერთი მილიონ 211 ათასი ლარით არის განსაზღვრული. ძირითადი აქცენტი გაკეთებულია მარჩენალდაკარგულებზე, სოციალურად დაუცველებზე, უფასო სასადილოზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დახმარებაზე, მრავალშვილიან ოჯახებზე, ასევე მარტოხელა დედებზე, რომლებსაც შვილები ქორწინების გარეშე ჰყავთ. მიმდინარე კვირას გაიმართება შემაჯამებელი შეხვედრა, სადაც გაირკვევა, თუ რომელი შენიშვნები აისახება მომავალი წლის ბიუჯეტში.

XS
SM
MD
LG