Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უქმნის თუ არა თაბაშირის მოპოვება ენგურჰესს დანგრევის საფრთხეს?


ენგურჰესის წყალსაცავი
ენგურჰესის წყალსაცავი

სპეციალისტთა ჯგუფი ენგურჰესის წყალსაცავის გარღვევის საფრთხეზე ლაპარაკობს და, მისი თავიდან აცილების მიზნით, წყალსაცავის მარცხნივ, ხოკოს მთაზე, თაბაშირის მოპოვების სამუშაოების შეჩერებას ითხოვს. ამავე მოთხოვნით მთის სიახლოვეს დასახლებულთა ნაწილმა საინიციატივო ჯგუფი ჩამოაყალიბა. 10 წევრისგან შემდგარი ჯგუფი სპეციალური წერილით მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს, დაიწყოს მოკვლევა მიმდინარე სამუშაოების რისკებზე და გაარკვიოს, რა ზემოქმედებას მოახდენს ის გარემოზე.

სამუშაოები ხოკოს მთაზე
სამუშაოები ხოკოს მთაზე

ხოკოს მთა მაგანას ხეობაში მდებარეობს, რომელიც წალენჯიხის მუნიციპალიტეტში შედის. მთიდან, სადაც სამუშაოები მიმდინარეობს, ენგურჰესის წყალსაცავი 200 მეტრშია. მთა ერთგვარი კედლის ფუნქციას ასრულებს მაგანას ხეობასა და წყალსაცავს შორის. სწორედ მისი დაზიანების შემთხვევაში წყლის გაჟონვის საფრთხეს ხედავს ინჟინერთა და ჰიდროლოგთა ნაწილი.

საინიციატივო ჯგუფის წევრ მურად ჭანტურიას განცხადებით, ხოკოს მთა წყალსაცავის ირგვლივ ყველაზე რთული ადგილია და, შესაბამისად, აქ სამუშაოების ჩატარება სახიფათოა.

„ღმერთმა არ ქნას, რომ წყლის ეს უზარმაზარი მასა მაგანის ხეობაში გადმოვიდეს, თორემ ამას რა ტრაგედია შეიძლება მოჰყვეს, ღმერთმა იცის. ეს შეიძლება მოხდეს, შეიძლება არა, მაგრამ ღირს ეს რისკი იმ სამუშაოების ფასად, რასაც აქ შპს „ხიბლი“ აკეთებს?! თუ ღირს, ეს დასკვნა უნდა დადონ კომპეტენტურმა მეცნიერებმა. სანამ ეს დასკვნა დაიდება, აქ ყოველგვარი სამუშაოები უნდა შეწყდეს“, - აცხადებს მურად ჭანტურია.

მის მიერ ნახსენები შპს „ხიბლი“ თაბაშირის მოპოვების სამუშაოებს აქ 2007 წლიდან ატარებს, თუმცა, ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, შპს-მ მუშაობა, საზოგადოების მხრიდან ზედმეტი აჟიოტაჟის შექმნის შიშით, 2012 წლის პარლამენტის არჩევნებამდე შეწყვიტა. „ხიბლმა“ სამუშაოები აქ მიმდინარე წლის მაისში განაახლა.

საინიციატივო ჯგუფის წევრები აცხადებენ, რომ, მათთვის უცნობი მიზეზით, ოთხი დღეა მძიმე ტექნიკამ აქ მუშაობა კვლავ შეწყვიტა.

ინჟინერ იგორ ცხადაიას თქმით, აქ მსგავსი სამუშაოები 70-იან წლებშიც მიმდინარეობდა, მაგრამ, გეოლოგების რჩევით, მოსალოდნელი საფრთხის გამო შეწყდა. მისივე თქმით, მიწა, სადაც თაბაშირს მოიპოვებენ, მცოცავია:

ამოდენა წყლის მასისთვის ეს პრობლემა არ არის, იმას ისე გამოარღვევს. ამას, ალბათ, სულ 2-3 წუთი დასჭირდება, მეტი არა. მერე უკვე დასავლეთ საქართველოს გადარჩენაზე იქნება საუბარი, თუ გადარჩა...
ნუგზარ შეროზია

„ამოთხრილი მიწა, დაზიანებული მიწა, თავისთავად ეს ყველაფერი ჩაიყრება ენგურის სანაპიროზე და გავლენას იქონიებს. ეს კასტრული ზონაა და წყალმა გაჟონვა რომ დაიწყოს, შესაძლოა გაარღვიოს ეს კედელი, წყალი გადავიდეს მაგანას ხეობაში და დატბოროს მთელი ჩვენი კუთხე და ზუგდიდი“.

იმავე საფრთხეზე ლაპარაკობს ჰიდროლოგი ნუგზარ შეროზია. ის ამბობს, რომ ნიადაგს, სადაც სამუშაოები მიმდინარეობს, კარგად იცნობს, რადგან წლების წინ აქ მიმდინარე სამუშაოების ზემოქმედების რისკებს თავადაც იკვლევდა. მისი თქმით, ნიადაგი მარტივად შლადი ქანებისგან შედგება:

„რღვევაა, კარსტია. ორივე შემთხვევაში სათუოა იქ რაიმე სახის სამუშაოების წარმოება, მექანიკური, მით უმეტეს, აფეთქებითი სამუშაოების ჩატარება, იმდენად რთულია ეს მონაკვეთი, ეს მთა მთლიანად... და ეს მთა დიდი არ არის.... ამოდენა წყლის მასისთვის ეს პრობლემა არ არის, იმას ისე გამოარღვევს. ამას, ალბათ, სულ 2-3 წუთი დასჭირდება, მეტი არა. მერე უკვე დასავლეთ საქართველოს გადარჩენაზე იქნება საუბარი, თუ გადარჩა“.

ჰიდროლოგის ამ აზრს არ ეთანხმება და ყოველგვარს საფრთხეს გამორიცხავს შპს „ხიბლის“ წარმომადგენელი, გეოლოგი ოთარ ჩიქავა:

„სოფელში ამბობენ, აქ კარსტული მოვლენების საფრთხე არისო. არ არსებობს იმის საფრთხე, წყალმა გაჟონოს და მაგანას ხეობა დაიტბოროს. ეს თეორიულად გამორიცხულია“, - ამბობს შპს-ეს გეოლოგი. მისივე განცხადებით, „ხიბლს“ მუშაობის ნებართვა, გარემოს დაცვის სამინისტროს დასკვნის საფუძველზე, ეკონომიკის სამინისტრომ 2007 წელს მისცა და ტერიტორია იჯარით 20 წლის ვადით აიღო. შპს-ს წარმომადგენლის მტკიცებით, მათ აქვთ 149 ათასი ტონა თაბაშირის ამოღების უფლება.

ენგურჰესის წყალსაცავი
ენგურჰესის წყალსაცავი

2007 წელს მიღებული ლიცენზიის საფუძველზე შპს „ხიბლმა“ ხობში თაბაშირ-მუყაოს ქარხანა ააშენა, რომელიც ხოკოს მთიდან ამოღებული თაბაშირის ხარჯზე მუშაობს.

„ლიცენზია გაცემულია და გვაქვს ყოველგვარი უფლებები. აფეთქების სამუშაოების ჩატარების უფლებაც გვაქვს, მაგრამ არ ჩაგვიტარებია და არც ჩავატარებთ. ვმუშაობთ ჯერჯერობით მარტო ერთი ექსკავატორით და ცოტა ხანში უნდა ვიმუშაოთ კოდალათი. არის ასეთი მანქანა, რომელიც ამტვრევს ქანებს“, - აცხადებს ოთარ ჩიქავა.

მისი განცხადებით, შპს-მ 2012 წელს მუშაობა ფინანსური პრობლემების გამო დროებით შეწყვიტა და იგივე მიზეზია ახლაც. გეოლოგის თქმით, პრობლემა მოგვარებულია და მუშაობას უკვე ხვალიდან განაახლებენ.

საპირისპიროს აცხადებენ საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტოში. გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მთავარი სახელმწიფო ინსპექტორის, ნელი კორკოტაძის განცხადებით, ხოკოს მთაზე სამუშაოები გეოლოგების დასკვნის გამოქვეყნებამდე არ გაგრძელდება:

„სწორედ ამ დასკვნის საფუძველზე მოვახდენთ ჩვენ რეაგირებას იმის შესაბამისად, თუ რა იქნება ამ დასკვნაში მოყვანილი“, - განუცხადა ჟურნალისტებს ნელი კორკოტაძემ. მისი თქმით, ვითარება შეისწავლეს და დასკვნა რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

XS
SM
MD
LG