Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თანაინვესტირების ფონდის პირველი ინვესტიცია თანამედროვე ტექნოლოგიებში


ამ დღეებში ცნობილი გახდა თანაინვესტირების ფონდის პირველი პროექტის შესახებ - განხორციელდა 20 მილიონი დოლარის ინვესტიცია. მედია იუწყება, რომ პროექტი თანამედროვე ტექნოლოგიებს უკავშირდება და მიზნად ისახავს გორში კრიპტოვალუტის ცენტრის დასრულებას. ცენტრი მიმდინარე წლის ივლისში გაიხსნება. ეს ამ ინდუსტრიაში ერთ-ერთი უმსხვილესი კაპიტალდაბანდებაა.

რა არის კრიპტოვალუტა, ბიტკოინი და რას ფიქრობენ ამ ახალ - ვირტუალურ - ფულზე ეკონომისტები?

კრიპტოვალუტა საქონელბრუნვის საშუალებაა, ბიტკოინი კი პირველი დეცენტრალიზებული ციფრული ვალუტაა, რომელიც 2009 წელს გამოჩნდა ბაზარზე. ჩვეულებრივი ფულისგან განსხვავებით, რომლის მიმოქცევისთვის ემისიის უფლებამოსილება სხვადასხვა ქვეყნებში ეროვნულ ბანკს აქვს, კრიპტოვალუტის გამოშვება ხდება მთელი სისტემის მიერ მსოფლიო მასშტაბით, ხოლო მისი ფასი წინასწარ და საჯაროდ არის ცნობილი. ვალუტის რეგულირება არ ხდება მესამე მხარის მიერ, ხოლო ჰიპერინფლაციისგან თავდაცვის საშუალება კრიპტოვალუტის ზღვრული რაოდენობის განსაზღვრაა, რა რაოდენობაზე მეტიც მიმოქცევაში არ გავა. ასე მაგალითად, ბიტკოინების ზედა ზღვარია 21 მილიონი ერთეული (თითოეულის ღირებულება, დღეის მდგომარეობით, დაახლოებით 600 დოლარია), მაშინ როდესაც ფულის მასა შეიძლება განუსაზღვრელად გაიზარდოს. ამ ეტაპზე გამოშვებულია შესაძლო რაოდენობის, დაახლოებით, ნახევარი. ემისიის დასრულების სავარაუდო თარიღია 2030 წელი.

კრიპტოვალუტის ცნება, აქციებისა და ობლიგაციებისგან განსხვავებით, ჩანასახოვანია და ამ ეტაპზე ამ ინსტრუმენტში კაპიტალდაბანდების მსურველთა რაოდენობა მცირეა. მიზეზი ძალიან მაღალი რისკი და კონცეფციის გაურკვეველი მომავალია, ასევე ერთ-ერთი მიზეზი ვალუტის არასტაბილობაც არის. მაგალითად, 2013 წლის იანვარში ბიტკოინის ფასი იყო 13 დოლარი, ერთი წლის შემდეგ - 700 დოლარი, ხოლო მიმდინარე წლის თებერვალში ბიტკოინები 30 პროცენტით გაუფასურდა. ბიტკოინის საინვესტიციო ფონდის დამფუძნებლის თქმით, კრიპტოვალუტის ეს სახეობა ან გლობალურ ვალუტად, დეპოზიტების საშუალებად, ფულადი გზავნილების პლატფორმად, გადახდების გლობალურ სისტემად იქცევა ან კრახს განიცდის. ამ ეტაპზე ვალუტის ამ სახეობაში ინვესტირება შვიდჯერ უფრო რისკიანია, ვიდრე ოქროში ფულის დაბანდება, 15-ჯერ უფრო რისკიანი, ვიდრე ტრადიციულ ვალუტაში.

რამდენიმე ქვეყანაში კრიპტოვალუტა მიჩნეულია როგორც საფრთხე ეროვნული ვალუტისთვის და მისი გამოყენება შეზღუდულია. ასეთი ქვეყნებია ჩინეთი, რუსეთი და ბოლივია. დიდ ბრიტანეთსა და კანადაში ვალუტის ეს სახეობა მკაცრ რეგულაციებს ექვემდებარება. ვირტუალურ ვალუტასთან დაკავშირებით საკითხი ჯერ კიდევ არ არის სახელმწიფოების დონეზე ბოლომდე გადაწყვეტილი, რიგ ქვეყნებში ამ სფეროზე საუბარი არც დაწყებულა.

რამდენად რეალისტურია საქართველოში ამ ტიპის ინვესტიციის წარმატება, ამას უახლოესი პერიოდი გვაჩვენებს. ერთი რამ ფაქტია: ინდუსტრია შედარებით გრძელვადიანი პერსპექტივაა; ამასთან, დაკავშირებულია მაღალ ტექნოლოგიებსა და ინოვაციასთან (ამ კუთხით დღეს საქართველო არახელსაყრელ ადგილზეა მსოფლიოში). შესაბამისად, ძნელი სათქმელია რამდენად შეძლებს ინვესტიციის ეს სახე ქართულ ბაზარზე დადებითი გავლენა მოახდინოს, განსაკუთრებით დასაქმებულთა რაოდენობის ზრდისა და დამატებითი ღირებულების შექმნის თვალსაზრისით.

XS
SM
MD
LG