Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2014 წლის პირველი კვარტალის ეკონომიკური ზრდა


საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2014 წლის პირველი კვარტალის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდის წინასწარი მაჩვენებლები გამოაქვეყნა. 2014 წლის პირველი კვარტალის მდგომარეობით, მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურმა ზრდამ 7,1 პროცენტი შეადგინა, ხოლო, გაზრდილი ინფლაციის ფონზე, მშპ დეფლატორი გაიზარდა 2,1 პროცენტით. 2013 წლის პირველ კვარტალში მშპ რეალური ზრდა გაცილებით დაბალ - 2,4 - პროცენტს შეადგენდა.

მონეტარულად პირველი კვარტალის მშპ მაჩვენებელმა 6,319 მილიონი ლარი შეადგინა. სექტორულ ჭრილში, ტრადიციულად, ყველაზე დიდი წვლილი მშპ-ში შეიტანა ვაჭრობამ - 17,2, თუმცა მრეწველობის სექტორმაც, დაახლოებით, იმდენივე - 17,1 პროცენტი. ყველაზე ნაკლები - 6,1 პროცენტი - შეიტანა ჯანდაცვისა და სოციალური დახმარების სფეროებმა. სოფლის მეურნეობისა და მეთევზეობის წვლილი მთლიან შიდა პროდუქტში, პირველი კვარტალის მდგომარეობით, 9,4 პროცენტია.

წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ყველაზე დიდი - 16,7 პროცენტიანი - რეალური ზრდა იყო დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში. 14 პროცენტით გაიზარდა მშენებლობის სექტორი, ასევე 12,3-პროცენტიანი ზრდა აღინიშნა ფინანსური შუამავლობის მომსახურებაში, 11,1-პროცენტიანი - ვაჭრობაში, ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტის სფეროებში. ყველაზე მაღალი - 13,6-პროცენტიანი - კლება დაფიქსირდა სამთომოპოვებით მრეწველობაში, მხოლოდ 1,1 პროცენტით გაიზარდა შინამეურნეობების მიერ გადამუშავებული პროდუქცია.

საინტერესოა სოფლის მეურნეობის დარგში მიმდინარე ცვლილებების შეფასება, მისი მნიშვნელობიდან და ამ სექტორში მიმართული აქტიური სახელმწიფო პროგრამებიდან გამომდინარე. 2013 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, მცირედით, 0.5 პროცენტით, შემცირებულია სექტორის წვლილი მთლიან შიდა პროდუქტში. შესაბამისად, იმავე მაჩვენებლით არის შემცირებული აგრობიზნესის მთლიანი გამოშვების წილი ქვეყნის პროდუქციის მთლიან გამოშვებაში და, პირველი კვრატალის მონაცემებით, 17,8 პროცენტს უდრის. სოფლის მეურნეობის პროდუქციის მთლიანი გამოშვება პირველი კვარტალისთვის 931 მილიონ ლარს შეადგენს. მცირედი კლების მიუხედავად, ყველაზე დიდი, 25-პროცენტიანი, წვლილი მოდის პურის, ორცხობილას, ნამცხვრისა და სხვა ცომეული საკონდიტრო ნაწარმის გამოშვებაზე, ხოლო აგრობიზნესის მთლიანი გამოშვების 20 პროცენტი ალკოჰოლიან სასმელებს უკავია. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ყველაზე დიდი, 70-პროცენტიანი, მატება იყო სწორედ ალკოჰოლიანი სასმელების წარმოებაზე, რაც, დიდწილად, გაზრდილ საექსპორტო პოტენციალს უკავშირდება.

პირველ კვარტალში დაფიქსირებული მაღალი ეკონომიკური ზრდის ფონზე, ნაკლებად ოპტიმისტურია აპრილის თვის მონაცემი, რომლის მიხედვითაც, ზრდამ 2,7 პროცენტი შეადგინა, ხოლო დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მხოლოდ 4,8 პროცენტით გაიზარდა. ეს მაჩვენებელი მარტის თვეში ოთხჯერ მეტი - 19,6 პროცენტი - იყო.
XS
SM
MD
LG