Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩევნები სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში


ანატოლი ბიბილოვი
ანატოლი ბიბილოვი
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტში ოთხი პარტია იქნება. თვითაღიარებული რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანახმად, ყველა საუბნო კომისიის მონაცემი უკვე დამუშავებულია. ამომრჩეველთა ხმების 43 პროცენტი ანატოლი ბიბილოვის „ედინაია ოსეტიამ“ მიიღო. ამ პარტიას პარლამენტში 20 მანდატი ექნება.

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში უკანონოდ ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების სრულ უპატივცემულობად და უგულებელყოფად აფასებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. მისი განცხადებით, 8 ივნისს ჩატარებული ე.წ. საპარლამენტო არჩევნები დემოკრატიული მმართველობის მოჩვენებითი ელემენტებით ასიათასობით ადამიანის ეთნოწმენდის დაფარვის კიდევ ერთი წარუმატებელი მცდელობაა. „ბოლო 20 წლის განმავლობაში საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან გამოდევნილ პირებს წაერთვა საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნების უფლება, რეგიონებში დარჩენილი მცირერიცხოვანი მოსახლეობის უფლებები ყოველდღიურად ირღვევა საოკუპაციო რეჟიმების მიერ. საერთაშორისო დამკვირვებლებს, მათ შორის, ევროკავშირის მისიის წარმომადგენლებს კი არ ეძლევა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში შესვლისა და ადამიანის უფლებათა მძიმე მდგომარეობის ასახვის შესაძლებლობა“, - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დღევანდელ განცხადებაში. ის საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს, ჯეროვნად შეაფასოს ცხინვალის რეგიონში უკანონოდ ჩატარებული ე.წ. საპარლამენტო არჩევნები.

არც ნატო ცნობს 8 ივნისს ჩატარებულ არჩევნებს. ანდერს ფოგ რასმუსენის შეფასებით, ეს არჩევნები ხელს არ უწყობს საქართველოში შექმნილი ვითარების მშვიდობიანად მოგვარებას. ალიანსის გენერალური მდივნის განცხადებითვე, ნატოელი მოკავშირეები საქართველოს სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის რეგიონებს დამოუკიდებელ ქვეყნებად არ აღიარებენ. „ალიანსის სახელმწიფოთა თავდაცვის მინისტრებმა 4 ივნისს კიდევ ერთხელ დაადასტურეს სრული მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, - ნათქვამია ანდერს ფოგ რასმუსენის დღევანდელ განცხადებაში.

ასევე, ევროკავშირი არ აღიარებს იმ საკანონმდებლო და კონსტიტუციურ ჩარჩოებს, რომლის ფარგლებშიც სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, როგორც ეს საერთაშორისო სამართლითაა აღიარებული.
XS
SM
MD
LG