საფრანგეთში ზეიმობენ ნორმანდიაში მოკავშირეთა ჯარების გადასხმის 70-ე წლისთავს. საზოგადოებას სიტყვით მიმართა აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ, რომელმაც განაცხადა, რომ მოკავშირეთა 150,000 სამხედროს მიერ განხორციელებულმა შეჭრამ შეცვალა არა მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის, არამედ მთელი კაცობრიობის ისტორიის ბედი. ცერემონია საფრანგეთის პრეზიდენტმა, ფრანსუა ოლანდმა გახსნა და პატივი მიაგო იმ მოვლენების დროს დაღუპული 20,000 სამოქალაქო პირის ხსოვნას. სანაპიროს იმ მონაკვეთზე, რომელსაც 1944 წელს კოდურ სახელად „ომაჰა“ ეწოდა, დროშები სანახევროდ დაშვებული იყო. აშშ-ის 29-ე ქვეითი ბრიგადის ვეტერანები იქ სმენაზე იდგნენ ზუსტად დილის 06.30 საათზე - იმ მომენტში, როდესაც 1944 წლის 6 ივნისს მოკავშირეთა პირველი სამხედროები გავიდნენ ნაპირზე. ცერემონიას რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინიც ესწრება, დასავლეთის ქვეყნების ლიდერებთან ერთად. არის იმედი, რომ ცერემონიაზე გამართული შეხვედრები უკრაინის გარშემო არსებული დაძაბულობის განმუხტვას მოიტანს. როგორც იუწყებიან, ოლანდი შეეცდება პუტინს ხელი ჩამოართმევინოს უკრაინის არჩეული პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოსთვის. ამ კვირაში ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე დიდი შვიდიანის წევრმა სახელმწიფოებმა განაცხადეს, რომ პუტინმა პოროშენკო უკრაინის მომავალ პრეზიდენტად უნდა აღიაროს.
ყველაზე პოპულარული
1