Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამ გამოიწვია უბედურება დარიალის ხეობაში?


სტიქიურმა უბედურებამ დარიალის ხეობაში ერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, დაკარგულად მიიჩნევა 7 ადამიანი, რომელთა პოვნა ჯერ ვერ ხერხდება მეწყერის შედეგად ჩამოშლილი მიწის მასის ქვეშ. რამ გამოიწვია ასეთი მასშტაბის სტიქიური უბედურება, უკავშირდება თუ არა ის ჰესების მშენებლობას ამ რეგიონში და რით ეხმარება რუსეთი საქართველოს?

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებსაიტი გვატყობინებს, რომ ”საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლებს რუსეთის ფედერაციის საგანგებო სიტუაციების სამინისტროდან 18 ტონა დიზელი მიაწოდეს ლარსის მხარეს, მეწყერის მიერ ჩახერგილ ზონაში, სადაც შეუძლებელია ყაზბეგის მხრიდან ვერტმფრენით საწვავის მიწოდება. ლარსის მხარეს მომუშავე მძიმე ტექნიკა საწვავის მიწოდების შემდეგ შეუფერხებლად აგრძელებს გაწმენდით და საძიებო-სამაშველო სამუშაოებს”. რუსეთის მხარეს დახმარების ოპერატიულად შემოთავაზებისთვის მადლობა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაც გადაუხადა და შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემაც, რომელიც პრემიერ-მინისტრის დავალებით საგანგებო შტაბს ხელმძღვანელობს და უკვე რამდენიმე დღეა იმყოფება სტიქიური უბედურების ზონაში, რუსეთ-საქართველოს სასაზღვრო ზოლის სიახლოვეს.

”საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტს აქვს ურთიერთშეთანხმებითი მოქმედებები. გარკვეულ ეტაპებზე რაღაცებში გვეხმარება რუსეთის მხარე, რისთვისაც მე მადლობას ვიხდი”, - უთხრა ჟურნალისტებს მინისტრმა ჭიკაიძემ.
ჰესის მშენებლობის ადგილი 20 კმ-ით არის დაშორებული სტიქიის ზონას და აღნიშნულ მშენებლობას კავშირი არა აქვს კატასტროფასთან...

რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს შორის ”აუცილებელი კოორდინაციისა და ურთიერთქმედების” ორგანიზების მიზნით კონტაქტი რომ შედგა, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჯერ კიდევ 17 მაისს იტყობინებოდა. არავის უკვირს, რომ სასაზღვრო-გამშვები პუნქტის ყაზბეგი-ზემო ლარსის გახსნითა და ამოქმედებით დაინტერესებულია რუსეთის მხარე, რადგანაც რუსეთის მოქალაქეებს ამ ეტაპზე ალტერნატიული გზების მოძებნა უწევთ. გამონაკლისის სახით, ქართული მხარე მათ რუსეთ-საქართველოს ჩაკეტილი საზღვრის გადალახვაში ეხმარება. სწორედ ამ მიზნით, მაგალითად, 19 მაისს ვერტმფრენი მოემსახურა ვლადიკავკაზში მცხოვრებ 15 პირს. თუმცა, თუკი საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, დავით ზალკალიანის 19 მაისის კომენტარით ვიმსჯელებთ, ეს პროცესები საქართველოს საგარეო უწყების გვერდის ავლით წარიმართა:

”ჩვენ არ გვაქონია რუსეთის ფედერაციასთან კონტაქტი ამის თაობაზე. ჩემთვის ცნობილია, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება ამასთან დაკავშირებით, თორემ უშუალოდ ჩვენ კონტაქტი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არ გვქონია”.


დავით ზალკალიანი ასევე ამბობს, რომ თუკი საჭირო გახდა, დახმარების თხოვნით საქართველო მიმართავს არა მხოლოდ რუსეთს, არამედ ყველა პარტნიორ ქვეყანას. ურთულესი ვითარების მიუხედავად, ამ ეტაპზე ამგვარი მასშტაბური თხოვნის საფუძველს, როგორც ჩანს, მაინც ვერ ხედავს საქართველოს მთავრობა, რომლის განცხადებითაც, სამაშველო და სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელი სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსის, ზურაბ გამეზარდაშვილის თქმით, მდინარე დევდორაკის ხეობის ყველაზე მაღალ წერტილებში გახსნილია დამატებით კიდევ რამდენიმე საგუშაგო, სადაც მესაზღვრეებთან ერთად მორიგეობენ გეოლოგებიც, რომლებიც აკონტროლებენ და იცავენ მდინარე თერგის კალაპოტის გასასწორებლად მომუშავე ადამიანების უსაფრთხოებას.

რაც შეეხება სტიქიური უბედურების გამომწვევ მიზეზებს, საქართველოს მთავრობის წევრთა განცხადებით, ეს ყველაფერი ”ისტორიული მყინვარული ღვარცოფის გააქტიურების” შედეგია, ყველაფერი მყინვარის ფენების მოძრაობის კვალდაკვალ მოხდა და ამას არაფერი აქვს საერთო ბრალდებებთან, თითქოს ეს დარიალის ხეობაში ჰესის მშენებლობის შედეგი იყოს:

”რაც შეეხება დარიალის ხეობაში ჰესის მშენებლობისა და აღნიშნულ კატასტროფასთან მის კავშირს, სპეციალისტთა შეფასებით, ეს 2 ზონა გეოლოგიურად სრულიად განსხვავებული ზონებია. ჰესის მშენებლობის ადგილი 20 კმ-ით არის დაშორებული სტიქიის ზონას და აღნიშნულ მშენებლობას კავშირი არა აქვს კატასტროფასთან”.

ბრალდება, რომ 17 მაისის მეწყერი ჰესის ან ჰესების მშენებლობამ გამოიწვია, ჩვენგან არ მოდის და ასეთ ბრალდებას ჩვენ არ ვიზიარებთ, უთხრა რადიო თავისუფლებას ორგანიზაცია “მწვანე ალტერნატივის” ბიომრავალფეროვნების პროგრამის კოორდინატორმა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ირაკლი მაჭარაშვილმა. თუმცა ის კვლავაც იმეორებს, სხვა
ირაკლი მაჭარაშვილი
ირაკლი მაჭარაშვილი
გარემოსდამცველების მსგავსად, 2011 წლიდან მანამდეც არაერთგზის ნათქვამს, რომ დარიალის ხეობაში ჰიდროელექტროსადგურის ასაშენებელი ადგილი არასწორად იქნა შერჩეული:

”გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტში არ იყო გათვალისწინებული პროექტის შემუშავებისას კლიმატის ცვლილების შედეგად მყინვარების დაჩქარებული დნობით გამოწვეული წყლისა და მყარი ნატანის ცვლილებების საკითხი, რაზეც რეაგირება არ ჰქონდათ. გარემოს დაცვის სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა, რომელიც გეოლოგიურ საფრთხეებს შეისწავლის, სულ სამი სიტყვა დაწერა: ”არ მაქვს შენიშვნები”.

ამასთან, ირაკლი მაჭარაშვილი, რომელიც ხელისუფლებას რისკების უკეთ გაანალიზებისკენ მოუწოდებს, შიშობს, რომ საფრთხე კიდევ არსებობს, რადგანაც დარიალჰესის პროექტის არეალი მოიცავს ასევე არანაკლებ ”გიჟმაჟ” მდინარეებს, ყუროს დ ჩხერს, სადაც უნდა განთავსდეს დარიალჰესის კაშხალი და სალექარი. ირაკლი მაჭარაშვილი მიიჩნევს, რომ, არასწორი გათვლის შედეგად, შესაძლოა სერიოზული საფრთხე შეექმნას დაბა სტეფანწმინდას.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG