Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფასიანი ქაღალდების ბაზარი საქართველოში


ქვეყნის გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდისთვის აუცილებელი პირობაა ფინანსური ბაზრების განვითარება. განვითარებული ფინანსური ბაზრები ქვეყანაში საერთაშორისო კაპიტალის მოზიდვის, ინვესტიციების ზრდის და ადგილობრივი ფინანსური რესურსის ეფექტიანი გადანაწილების წინაპირობაა. საქართველოში ფინანსური ბაზარი ჯერ კიდევ განვითარების სტადიაშია. ბიზნესისთვის ფინანსური რესურსის მოზიდვის ძირითად წყაროს კომერციული ბანკებიდან აღებული სესხი წარმოადგენს, ხოლო სააქციო კაპიტალით დაფინანსების წყარო შედარებით გამოუყენებელია. ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარება მთავრობის მიერ გამოცხადებულ ქვეყნის განვითარების სტრატეგიაშია ასახული და პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს.

რა მდგომარეობაა დღეს საქართველოში ფასიანი ქაღალდების მიმართულებით? ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარება საქართველოში გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან დაიწყო. საქართველოს საფონდო ბირჟა და ცენტრალური დეპოზიტარი საკანონმდებლო ბაზასთან ერთად 1999 წელს საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების დახმარებით შეიქმნა. ფასიანი ქაღალდების ბაზარზე გარიგებების შემცირება განსაკუთრებით სწრაფი ტემპით 2007 წლიდან შეიმჩნევა, უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში გარიგებების რაოდენობა საშუალოდ 28 პროცენტით მცირდებოდა, 2013 წელი კი ყველაზე დაბალი მაჩვენებლით დასრულდა. მეორადი ვაჭრობის მოცულობა 2008 წლის 70 მილიონი დოლარიდან 10 მილიონ დოლარამდე დაეცა, ლიცენზირებული საინვესტიციო ფირმების და რეგისტრატორების რაოდენობა კი განახევრდა. აღნიშნულს ორი მიზეზი განაპირობებს: ერთი მხრივ, ეს იყო გლობალური ფინანსური კრიზისის შედეგი, რომელმაც მსოფლიო მასშტაბით გამოიწვია ფასიანი ქაღალდების ბაზრის აქტიურობის შემცირება, ხოლო, მეორე მხრივ, 2007-დან 2011 წლების პერიოდში განხორციელებული ცვლილებებისა საქართველოს კანონში ფასიანი ქაღალდების შესახებ. შემუშავების დღიდან, კანონი 14-ჯერ შეიცვალა. უკანასკნელი ცვლილებების მიხედვით, დაშვებული გახდა ფასიანი ქაღალდებით ბირჟის გარეთ და რეგისტრატორების მეშვეობით ვაჭრობა, შედეგად, ვაჭრობის დიდი ნაწილი ბირჟის გარეთ გავიდა. 2013 წლის მდგომარეობით, გარიგებების 94 პროცენტი ბირჟის გარეთ, რეგისტრატორების მეშვეობით ხდებოდა.

არსებულ კანონმდებლობაში ძირითად პრობლემას წარმოადგენს გამჭვირვალობის ნაკლებობა. ინფორმაცია ფასიანი ქაღალდების ემიტენტი კომპანიების ფინანსური მაჩვენებლების შესახებ ან არ მოიპოვება, ან არასრულია. განსაკუთრებით პრობლემატური საკითხია ფასის გამჭვირვალობა. ფრაგმენტირებული ვაჭრობის პირობებში ინვესტორისთვის სირთულეს წარმოადგენს ფასის შესახებ ინფორმაციის მოძიება და შედარება, რის შედეგადაც ვაჭრობის პროცესში არ არსებობს კონკურენტუნარიანი და თანაბარი პირობები. არსებულ პირობებში დაბალია ნდობა ინვესტორთა მხრიდან, რაც, თავის მხრივ, ამცირებს მოთხოვნას ფასიან ქაღალდებზე, ამცირებს ფასს და გარიგებების რაოდენობას.

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, საქართველოს დაეკისრება მომავალი 5-7 წლის განმავლობაში კანონი ფასიანი ქაღალდების შესახებ და მომიჯნავე კანონები ევროკავშირის დირექტივებთან ჰარმონიზებაში მოიყვანოს. 14 დირექტივის ძირითადი მოთხოვნები სწორედ ვაჭრობამდე და ვაჭრობის შემდეგ გარიგებებისა და ფასის გამჭვირვალობის ზრდას, ემიტენტების ფინანსურ ანგარიშგებასა და ინფორმაციის ღიაობას, ინვესტორთა თანაბარ პირობებში მოქცევას უზრუნველყოფს.
XS
SM
MD
LG