Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ედიტ ნოიბაუერი: საქართველოში ყოველი მოგზაურობა წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებდა


ედიტ ნოიბაუერი
ედიტ ნოიბაუერი
ამ თვეში 80 წელი შეუსრულდა გერმანელ ხელოვნებათმცოდნეს, შუა საუკუნეების ქართული არქიტექტურისა და სკულპტურის ერთ-ერთ წამყვან მკვლევარს, ედიტ ნოიბაუერს. მისი ქართველი კოლეგები მადლიერებით იხსენებენ, რომ საბჭოთა პერიოდში, როცა იოლი არ იყო დასავლელ ექსპერტებთან ურთიერთობა, ედიტ ნოიბაუერმა თავისი წიგნებითა და სტატიებით, უწინარეს ყოვლისა, გერმანელ მკითხველს გააცნო შუა საუკუნეების ქართული ხელოვნება. მას მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებდა გამოჩენილ ქართველ ხელოვნებათმცოდნეებთან, გიორგი ჩუბინაშვილთან და ვახტანგ ბერიძესთან.

1962 წელს ედიტ ნოიბაუერი - ახალგაზრდა ხელოვნებათმოცდნე გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკიდან - პირველად ჩავიდა საქართველოში.

„ეს იყო ჩემთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მოვლენა, რომელმაც, საბოლოოდ, მთელ ჩემს ცხოვრებაზე იქონია გავლენა. ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტში გავიცანი პროფესორი გიორგი ჩუბინაშვილი, რომელსაც განათლება ლაიფციგშიც ჰქონდა მიღებული და საუცხოოდ ერკვეოდა გერმანიის ხელოვნებაში. მისი დაარსებული იყო ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტი. მან ძალიან მოკლე დროში შეადგინა მარშრუტი ჩემი კვლევის სფეროსთვის უმნიშვნელოვანესი ძეგლების სანახავად და საშუალება მომეცა, მისი ინსტიტუტის თანამშრომლებთან ერთად შევდგომოდი მოგზაურობას“.
როცა მერე ჯვრის მონასტერი ვნახეთ მცხეთაში, - არაჩვეულებრივი განათებითა და საუცხოო ლანდშაფტითა და ადგილმდებარეობით, - ისე მომხიბლა ამ ძეგლმა, რომ...
ედიტ ნოიბაუერი

საქართველოში პირველი მოგზაურობისას ედიტ ნოიბაუერი 28 წლის იყო. როგორც ბერლინის მეცნიერებათა აკადემიის თანამშრომელი, აღმოსავლეთ გერმანიაში - კერძოდ, საქსონიასა და ტიურინგიაში - იკვლევდა რომანულ ტიმპანებსა და პორტალის არქიტექტურას. ამ თემაზე 1972 წელს გამოსცა საეტაპო ნაშრომი „Die romanischen skulptierten Bogenfelder in Sachsen und Tueringen”. 1976-90 წლებში ის სამეცნიერო კვლევასა და პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა ლაიფციგის უნივერსიტეტში; 1979 წელს სტუმარ-პროფესორად იყო მივლინებული შეერთებულ შტატებში, კლივლენდის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

სხვადასხვა ქვეყანაში კვლევასა და მოგზაურობაზე საუბრისას ის მაინც განსაკუთრებული სითბოთი იხსენებს საქართველოს:

„როცა მერე ჯვრის მონასტერი ვნახეთ მცხეთაში, - არაჩვეულებრივი განათებითა და საუცხოო ლანდშაფტითა და ადგილმდებარეობით, - ისე მომხიბლა ამ ძეგლმა, რომ ... ეს გახდა ამ ქვეყნის მიმართ ჩემი დიდი სიყვარულის ქვაკუთხედი. მაშინვე მივხვდი, რომ საქართველოში ჩემი მოგზაურობა პირველი და უკანასკნელი არ იქნებოდა. და ასეც მოხდა“.

გერმანელმა მეცნიერმა მალე გაიცნო კოლეგები ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტიდან, მათ შორის, პროფესორი ვახტანგ ბერიძე.

„ეს ჩემთვის იყო ძალიან დიდი მოვლენა, რადგან ეს კაცი გასაოცარი განათლებითა და ცოდნით გამოირჩეოდა და მისგან ძალიან ბევრის სწავლა შემეძლო. შემიძლია ვთქვა, რომ ერთმანეთს პირველივე შეხვედრიდან ძალიან კარგად გავუგეთ, თავიდანვე ისეთი ურთიერთსიმპათიით განვეწყეთ, რომ გადავწყიტეთ ერთად გამოგვექვეყნებინა წიგნი. ეს იყო ქართული ხელოვნების შესახებ პირველი დიდი გერმანულენოვანი გამოცემა, რომელიც ასე შეიქმნა“, იხსენებს მეცნიერი.
ყოველი მოგზაურობა საქართველოში - სულ ერთია, მარტო ვიყავი, თუ ოჯახთან ერთად ვისვენებდი - ძლიერ განცდებს უკავშირდებოდა, წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებდა და ბევრ რამეს გვასწავლიდა, ფასეულობებს რაც შეეხება...
ედიტ ნოიბაუერი

წიგნი, რომელზეც ედიტ ნოიბაუერი საუბრობს, 1980 წელს ბერლინში გამოიცა, სათაურით „Die Baukunst des Mittelalters in Georgien“ (შუა საუკუნეების ხუროთმოძღვრება საქართველოში).

გერმანელი მკვლევარი კიდევ მრავალი წიგნისა და სტატიის ავტორია. ის საქართველოს ბოლოს - როგორც იმედოვნებს, ჯერჯერობით ბოლოს - ეწვია 2008 წლის ივნისში ვახტანგ ბერიძის სახელობის ქართული ხელოვნების საერთაშორისო სიმპოზიუმთან დაკავშირებით და გამოვიდა მოხსენებით „შუა საუკუნეების ქართული არქიტექტურა და სკულპტურა და რომანული პერიოდი ცენტრალურ ევროპაში“.

„ყოველი მოგზაურობა საქართველოში - სულ ერთია, მარტო ვიყავი, თუ ოჯახთან ერთად ვისვენებდი - ძლიერ განცდებს უკავშირდებოდა, წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებდა და ბევრ რამეს გვასწავლიდა, ფასეულობებს რაც შეეხება. ჩემი ოჯახისაგან ამ მხრივ ყოველთვის ძლიერ მხარდაჭერას ვგრძნობდი. ვახტანგ ბერიძის ხსოვნისადმი მიძღვნილ დიდ კონფერენციაზე, 2008 წელს, საქართველოში ჩემს მეუღლესთან ერთად ჩავედი. ის იმდენად კარგად გრძნობდა თავს... საღამოებმა, როცა ქართველ და უცხოელ კოლეგებთან ერთად ვატარებდით დროს, ისე დაგვაახლოვა ერთმანეთთან, ისეთი მხიარულება გვქონდა, რომ დავრწმუნდი, ჩემს მეუღლეს, ფრედსაც, გადაედო ამ ქვეყნის მიმართ ჩემი განსაკუთრებული სიყვარული“.

ისე მოხდა, რომ საქართველომ, როგორც ედიტ ნოიბაუერი აღიარებს, დიდი კვალი დააჩნია არა მარტო მისი, როგორც მეცნიერის, საქმიანობას, არამედ პირად ცხოვრებასაც - ქართველ მეგობრებთან ურთიერთობით და ოჯახის ცხოვრების წესით. მეცნიერმა, ასე ვთქვათ, გადაიღო რამდენიმე თაობის ერთად ცხოვრების ტრადიცია, რომელიც ბევრს აქვს დავიწყებული დღევანდელ, კეთილდღეობით განებივრებულ, გერმანიაში, მის ინდივიდუალიზებულ საზოგადოებაში.

„დიდმა - რამდენიმეთაობიანმა - ოჯახმა ჩვენზე იმდენად დიდი გავლენა მოახდინა, რომ ცოტა ხანში ჩვენც, სამი თაობა, ერთ ბინაში ვცხოვრობდით მშვიდობიანად და ბედნიერად. ჩვენთან ცხოვრობდა ჩემი დედამთილი, ჩემი ქალიშვილი ქმართან ერთად, ჩემი მეუღლე და მე. სამი თაობა ვიყავით ერთ ბინაში. და ეს ქართველებისაგან გადავიღეთ, ჩვენც გვინდოდა ასე ცხოვრება ...“

კარგია, როცა ასე ნებაყოფლობით იქცევი, თორემ საქართველოში (და არამარტო იქ) თაობების ერთად ცხოვრება, როგორც ცნობილია, უმეტესწილად, ეკონომიკური პრობლემებით არის გამოწვეული. ედიტ ნოიბაუერმა ესეც იცის, რადგან არასოდეს გაუწყვეტია კონტაქტი ქართველ კოლეგებთან და მეგობრებთან. თუმცა ყველაზე უკეთ ის მაინც შუა საუკუნეების ქართულ ხელოვნებაში ერკვევა.

გამოჩენილ გერმანელ მეცნიერს 3 მაისს 80 წელი შეუსრულდა.
XS
SM
MD
LG