Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ურბანიზაცია - ციფრები და არგუმენტები


ამ დღეებში საქართველოს სტატისტიკის სამსახურმა გამოაქვეყნა საქართველოს მოსახლეობის შესახებ მონაცემები, რომლებიც აჩვენებს, რომ საქართველოში სოფლად მოსახლეობის თითქმის ნახევარი ცხოვრობს. კერძოდ, 2014 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხვმა 4 მილიონ 490.5 ათასი კაცი შეადგინა, მათგან 53.7 პროცენტი ქალაქის, ხოლო 46.3 პროცენტი სოფლის მცხოვრებია.

თუ აქვე გავითვალისწინებთ, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის წარმოება მთლიანი შიდა პროდუქტის სულ რაღაც 8 პროცენტს შეადგენს, ცხადი გახდება, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი ძალიან მცირე მოცულობის პროდუქციას ქმნის, რაც როგორც სოციალური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით, პრობლემაა ქვეყნისთვის.

ხშირად ეს ციფრები გამოიყენება არგუმენტად იმისათვის, რომ სოფლის მეურნეობაში დამატებითი რესურსების ჩადების აუცილებლობა დასაბუთდეს, რაშიც, რა თქმა უნდა, არის რაღაც ლოგიკა. თუმცა არსებობს ასევე არჩევანი, რომელიც არ გამორიცხავს პირველს, თუმცა კონცეპტუალურად განსხვავებულია და ამბობს, რომ სახელმწიფომ მეტი რესურსი რეგიონალურ ურბანიზაციაში უნდა ჩადოს, ანუ ხელი შეუწყოს რეგიონებში ქალაქის ტიპის დასახლებებისა და წარმოების განვითარებას. ეს არჩევანი ხელს უწყობს სოფელში მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობის შემცირებას, თუმცა არა მაინცდამაინც და არა იმდენად დედაქალაქში, არამედ რეგიონალურ ცენტრებსა და განვითარებულ რეგიონალურ ქალაქებში დასახლების გზით.

ეს არჩევანი ეკონომიკური თვალსაზრისით განსაკუთრებით საინტერესოა, რასაც ექსპერტების მიერ მოყვანილი საერთაშორისო გამოცდილებაც მოწმობს. მაგალითად, ამ თემაზე საუბრისას ხშირად იხსენებენ იმ ფაქტს, რომ მსოფლიოში არის 30 ე.წ. აგრარული ქვეყანა, სადაც სოფლად მოსახლეობის 50 პროცენტზე მეტი ცხოვრობს და მათგან 23 აფრიკის კონტინენტის ყველაზე ღარიბ რეგიონშია, დანარჩენებს შორის კი ლაოსი და ტაჯიკეთიცაა, რომელთა ეკონომიკური განვითრებაც საკმაოდ შორსაა თუნდაც საქართველოს დღევანდელი ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობისგან. მაგალითად, ისეთი ღარიბი ქვეყნები, როგორიცაა ნიგერია და ეთიოპია, სწორედ აგრარული ქვეყნებია. მათი ეკონომიკური სტატისტიკის თანახმად, ეთიოპიაში 85 პროცენტი ცხოვრობს სოფლად და სოფლის მეურნეობა მისი ეკონომიკის ნახევარზე მეტს შეადგენს. ნიგერიაში 57 პროცენტი ცხოვრობს სოფლად და სოფლის მეურნეობა მთლიანი ეკონომიკის 40 პროცენტია.

ეს მაშინ, როცა მსოფლიოში სოფლის მეურნეობის პროდუქციის ნომერ მეექვსე ექსპორტიორ ქვეყანაში, საფრანგეთში, მოსახლეობის მხოლოდ 4 პროცენტი ცხოვრობს სოფლად, სოფლის მეურნეობის წილი კი მთლიან მშპ-ში სულ 2 პროცენტს შეადგენს. ანუ საფრანგეთში სოფლად მცხოვრები 700 ათასი ადამიანი ქმნის იმაზე ბევრად მეტ სოფლის მეურნეობის პროდუქტს, ვიდრე საქართველოში სოფლად მცხოვრები 2 მილიონამდე ადამიანი.

განვითარებული ქვეყნების მაგალითი ცხადყოფს, რომ ქვეყნები, რომელთაც მთავარ აქცენტად სოფლის მეურნეობის განვითარება აქვთ დასახული ისე, რომ რეგიონალურ ურბანიზაციას ნაკლებ ყურადღებას აქცევენ, განუვითარებელი ქვეყნების რიგში იმკვიდრებენ ადგილს. ამიტომ საქართველოშიც უნდა გავაცნობიეროთ, რომ სოფლის მოსახლეობის რაოდენობის შემცირება ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური კრახის წინაპირობა სულაც არ არის, თუმცა ეს იმ შემთხვევაში, თუ ეს პროცესი მწყობრი და გააზრებული რეგიონალური ურბანიზაციის პოლიტიკის ფარგლებში წარიმართება.
XS
SM
MD
LG