სააგენტო „როიტერზი“ ავრცელებს ინფორმაციას, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა პარასკევს აპირებს დაურეკოს რამდენიმე ევროპელ ლიდერს და ისინი რუსეთის მიმართ ახალი სანქციების დაწესების საჭიროებაში დაარწმუნოს. „როიტერზისთვის“ წყაროს უთქვამს, რომ საკითხზე შეუთანხმებლობის შემთხვევაში, აშშ მარტო იმოქმედებს, თუმცა, მას ურჩევნია ეს ევროკავშირთან ერთად გააკეთოს. სააგენტოს წყაროს თანახმად, იწურება ამერიკის ხელისუფლების მოთმინება რუსეთის მიერ ჟენევის 17 აპრილის შეთანხმების შეუსრულებლობის გამო. აშშ უკმაყოფილოა ევროპის ზოგიერთი ქვეყნის, განსაკუთრებით - გერმანიისა და იტალიის წინააღმდეგობით რუსეთის მიმართ ახალი ეკონომიკური სანქციების დაწესების საკითხზე. „როიტერზის“ წყაროს ინფორმაციით, პარასკევს ბარაკ ობამა აპირებს ტელეფონით ერთდროულად გაესაუბროს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, საფრანგეთის პრეზიდენტს, გერმანიის კანცლერსა და იტალიის პრემიერ-მინისტრს. აშშ პრეზიდენტი სახელმწიფო ვიზიტით სამხრეთ კორეაში იმყოფება.
ყველაზე პოპულარული
1