25 აპრილს, იაპონიაში ვიზიტის დასრულებისას, აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ თავის ახლო მოკავშირეს განუცხადა, რომ იაპონიის მიმართ საფრთხის წარმოქმნის შემთხვევაში, აშშ შეასრულებს თავის მოკავშირულ მოვალეობებს. კერძოდ, ობამას მხედველობაში ჰქონდა ტოკიოსა და პეკინს შორის არსებული ტერიტორიული დავა სენკაკუს კუნძულებზე. თუმცა, ბარაკ ობამას არ დაუზუსტებია - რა შეიძლება იყოს ამ დავაში „წითელი ხაზი“ და მხარეებს დავის მშვიდობიანი გზით მოგვარებისკენ მოუწოდა. ცნობილი გახდა აგრეთვე, რომ აშშ-მა და იაპონიამ ვერ შეძლეს სავაჭრო შეთანხმების ხელმოწერა. ამ დოკუმენტს უდიდესი მნიშნელობა აქვს ობამას ადმინისტრაციის სტრატეგიის შესრულების პერსეპქტივისთვის, რაც ითვალისწინებს საგარეო ვაჭრობის ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის ბაზრებიდან აზია-წყნარი ოკეანისკენ მიმართვას. სავაჭრო შეთანხმების მიღწევას მხარეები ობამას იაპონიაში ვიზიტის ბოლო მომენტამდე ცდილობდნენ. იაპონიის ეკონომიკის მინისტრმა აკირა ამარიმ განაცხადა, რომ მხარეებმა ვერ შეძლეს შეთანხმება ავტომანქანებისა და სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტ-იმპორტზე. იაპონიასა და აშშ-ს შორის ორმხრივი სავაჭრო შეთანხმების მიღწევა უმთავრესი ელემენტია აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის 12 სახელმწიფოს სავაჭრ-ეკონომიკური პარტნიორობის ჩამოყალიბებისთვის. პარასკევს აშშ-ის პრეზიდენტი ტოკიოდან სეულში გაემგზავრა, სადაც სამხრეთი კორეის ხელისუფლებასთან გამართავს მოლაპარაკებებს.
ყველაზე პოპულარული
1