კვირას „ტვიტერის“ ადმინისტრაციამ დაბლოკა ამ ქსელით თურქეთის ტერიტორიაზე მოსარგებლე ორი პირის ანგარიში. ისინი აქვეყნებდნენ მასალებს პრემიერ-მინისტრ რეჯეფ ტაიპ ერდოანის გარემოცვის კორუფციასთან კავშირის შესახებ. კორპორაციის თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ ანგარიშები დაბლოკეს თურქეთის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად. გასულ კვირაში თურქეთის მთავრობასა და „ტვიტერის“ ადმინისტრაციას შორის მოლაპარაკებები შედგა. გავრცელებული ინფორმაციით, დაბლოკილი ანგარიშების მფლობელებმა გამოაქვეყნეს დიდი რაოდენობით საიდუმლო დოკუმენტი და სატელეფონო საუბრების აუდიოჩანაწერი, რომლებიც ერდოანის, მისი ოჯახისა და კორუფციულ სკანდალებში ჩართულ პირებს ეხებოდა. მარტის მეორე ნახევარში, მუნიციპალურ არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, თურქეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, აიკრძალა „ტვიტერისა“ და „იუთიუბის“ რესურსებზე წვდომა. აპრილის დასაწყისში სოციალური ქსელი ისევ დაუშვეს მას შემდეგ, რაც თურქეთის საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ „ტვიტერზე“ წვდომის აკრძალვა არღვევს მოქალაქეთა თვითგამოხატვის უფლებას. თურქეთში კვლავაც მოქმედებს „იუთიუბზე“ წვდომაზე შეზღუდვები.
ყველაზე პოპულარული
1