Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მთავრობა მიესალმა ევროპარლამენტის რეზოლუციას


საქართველოს მთავრობამ კმაყოფილება გამოთქვა და მიესალმა ევროპარლამენტის მიერ 17 აპრილს მიღებულ რეზოლუციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებზე რუსეთის ზეწოლისა და აღმოსავლეთ უკრაინაში დესტაბილიზაციის თაობაზე. რეზოლუციაში ნათქვამია, რომ ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის მიხედვით, საქართველოს, მოლდავეთსა და უკრაინას, ნებისმიერი სხვა ევროპული ქვეყნის მსგავსად, აქვთ ევროპული პერსპექტივა და შეუძლიათ დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის პრინციპთა დაცვის შემთხვევაში წარადგინონ განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ 18 აპრილს, თბილისში განაცხადა, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში 49-ე მუხლი საქართველოსთან მიმართებით პირველადაა ნახსენები. „ამ განცხადებით ცხადია, რომ ასოცირების შეთანხმება, რომელსაც საქართველო ხელს ივნისში მოაწერს არ არის ევროკავშირთან ინტეგრაციის ბოლო ეტაპი და მხოლოდ კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება“, - აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ. მისივე თქმით, ევროკავშირში საქართველოს გასაწევრიანებლად საჭიროა სხვა ეტაპების გავლაც, თუმცა მიზანი უკვე გამოკვეთილი და ხელშესახებია.
XS
SM
MD
LG