1989 წლის გაზაფხულზე საქართველოში იმართებოდა დემონსტრაციები საბჭოთა კავშირისაგან დამოუკიდებლობის მოთხოვნით. დემონსტრაციებმა კულმინაციას მიაღწია აპრილის დასაწყისში თბილისში, სადაც რუსთაველის გამზირზე შეიკრიბა ათასობით ადამიანი, მათ შორის შიმშილობის აქციის მონაწილეები. 9 აპრილს საბჭოთა სამხედრო ძალებმა სასტიკად დაარბიეს მშვიდობიანი აქცია, დახოცეს, სულ ცოტა, 20 დემონსტრანტი. დაიჭრა ან მხუთავი გაზით მოიწამლა ასობით ადამიანი. თბილისში დემონსტრაციის სისხლიანი დარბევა მიჩნეულია შემოტრიალების წერტილად საბჭოთა კავშირის არსებობის ბოლო პერიოდში.