Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსთაველზე 9 აპრილის ლექსები ისევ გამოჩნდა


რუსთაველზე, ხეებზე 9 აპრილის ლექსები გააკრეს
რუსთაველზე, ხეებზე 9 აპრილის ლექსები გააკრეს

35 წლის შემდეგ, რუსთაველის გამზირზე, იმავე ადგილას, სადაც 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედია მოხდა, ისევ გამოჩნდა ხეებზე მიკრული ლექსები, რომლებიც მაშინ პოეტებმა ამ დღეს მიუძღვნეს.

9 აპრილის პოეზია, თავის მოსწავლეებთან ერთად, ხელახლა გადაწერა და იმავე ადგილას გამოაკრა ქართულის მასწავლებელმა გიორგი ლიპარიშვილმა.

ყველაფერი კი ქართულის გაკვეთილზე დაიწყო.

9 აპრილზე დაწერილ ლექსებზე გიორგიმ თავის მოსწავლეებს, ამერიკაში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტ ბავშვებს უამბო. იმ დღეს გაკვეთილის თემა სწორედ 35 წლის წინ მომხდარი ამბავი იყო.

35 წლის წინაც, რუსთაველზე ასე იყო მიკრული 9 აპრილისადმი მიძღვნილი ლექსები
35 წლის წინაც, რუსთაველზე ასე იყო მიკრული 9 აპრილისადმი მიძღვნილი ლექსები

ყველაფერი გაიხსენეს - ამბები, ფილმები, იმ დღეებში გადაღებული ფოტოები დაათვალიერეს და ხეებზე გაკრულ ლექსებსაც გადაავლეს თვალი. მერე კი, მორის ფოცხიშვილის, გივი ალხაზიშვილისა და ბათუ დანელიას რამდენიმე ლექსი შეარჩიეს და თარგმნეს კიდეც.

9 აპრილის მოვლენები ამჟამინდელი პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარდა
9 აპრილის მოვლენები ამჟამინდელი პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარდა

„ამ ლექსებს ფურცელზე ვწერდით და როცა გაფორმება გადავწყვიტეთ, ყველამ, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, ზედ ტიტები მიახატა. მე მათ დავპირდი, რომ 35 წლის შემდეგ, ისევ გამოვფენდი ამ ლექსებს ხეებზე იმავე ადგილას“.

დანაპირები შეასრულა და 9 აპრილს, დილით, ეს ხელნაწერი ლექსები გიორგიმ ისევ გამოფინა რუსთაველზე.

9 აპრილზე წერდნენ ცნობილი პოეტებიც და ადამიანები, ვისზეც მომხდარმა ტრაგედიამ იმოქმედა
9 აპრილზე წერდნენ ცნობილი პოეტებიც და ადამიანები, ვისზეც მომხდარმა ტრაგედიამ იმოქმედა

ამბობს, რომ მაშინ, 35 წლის წინ, როცა ინფორმაცია ფაქტობრივად არ ვრცელდებოდა, ახალი ამბები მკაცრად კონტროლდებოდა, როცა არ იყო ინტერნეტი, თითქოს ეს ლექსები იქცა გამხნევებად, მუხტის გაღვიძების ბიძგად და ინტერნეტადაც.

„ეს იყო მაშინ ემოციების გამოსახატად ერთადერთი გამოსავალი“.

„ამ ლექსების გახსენებით ისტორიასაც ვიხსენებთ“, - ამბობს გიორგი ლიპარიშვილი.
„ამ ლექსების გახსენებით ისტორიასაც ვიხსენებთ“, - ამბობს გიორგი ლიპარიშვილი.

გიორგის იმედი აქვს, რომ ამ ხეებთან დღესაც შეყოვნდებიან ადამიანები, ზოგი კიდევ ერთხელ გადაიკითხავს და გაიხსენებს ამ სტრიქონებს, ზოგი პირველად აღმოაჩენს და დაინტერესდება, რა ხდებოდა 35 წლის წინ.

წელს, 9 აპრილს, 35 წელი გავიდა საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მიმდინარე მშვიდობიანი აქციის დარბევიდან.

1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა ჯარის დანაყოფებმა დემონსტრანტები ცეცხლსასროლი იარაღის, სასანგრე ბარებისა და მომწამლავი ნივთიერებების გამოყენებით დაარბიეს. დაიღუპა 21 ადამიანი, უმეტესად - ქალები. ასობით დაშავდა.

რუსთაველზე, ხეებზე 9 აპრილის ლექსები გააკრეს
რუსთაველზე, ხეებზე 9 აპრილის ლექსები გააკრეს

9 აპრილის ტრაგედიიდან ორი წლის თავზე საქართველომ აღიდგინა საბჭოთა ოკუპაციის შედეგად 1921 წელს დაკარგული დამოუკიდებლობა. 1991 წლის 9 აპრილს, უზენაესმა საბჭომ მიიღო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG