კვირას პრორუსულად განწყობილი საპროტესტო აქციების მონაწილეებმა უკრაინის აღმოსავლეთში სამი დიდი ქალაქის სამთავრობო დაწესებულებები დაიკავეს და შენობებზე რუსული დროშები აღმართეს. საპროტესტო აქციების მონაწილეები შეიჭრნენ დონეცკის ადმინისტრაციულ შენობასა და ლუგანსკში უსაფრთხოების სამსახურის შენობაში. ისინი ყირიმის მსგავსად რეფერენდუმის ჩატარებასა და რუსეთთან მიერთებას მოითხოვდნენ. ასევე კვირას რამდენიმე ათეულმა მომიტინგემ გაარღვია პოლიციის კორდონი და შეიჭრა ხარკოვის რეგიონული ადმინისტრაციის შენობაში. პოლიციას მათ წინააღმდეგ ძალა არ გამოუყენებია. აქციის მონაწილეებმა შენობაზე რუსეთის დროშა აღმართეს. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა არსენ ავაკოვმა განაცხადა, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში წესრიგს ძალის გამოყენების გარეშე დაამყარებს. გარდა ამისა, მან უკრაინის გადაყენებულ პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩს, რომლის პოლიტიკური ბაზაც დონეცკშია განთავსებული, ბრალი დასდო არეულობის ორგანიზებაში. ავაკოვის სიტყვებით, იანუკოვიჩმა და პუტინმა დააფინანსეს ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში სეპარატისტული ტალღის წარმოქმნა: „ხალხი, რომელიც ამ ქალაქებშია შეკრებული არც ისე ბევრია, მაგრამ ისინი ძალიან აგრესიულები არიან“, - წერს ავაკოვი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე. მან პირობა დადო, რომ სიტუაციას სისხლისღვრის გარეშე დაარეგულირებს. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრ ტურჩინოვმა ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გამო ლიტვაში ვიზიტი გააუქმა და კვირას კიევში უსაფრთხოების სამსახურების ხელმძღვანელების საგანგებო სხდომა მოიწვია.
ყველაზე პოპულარული
1