Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოლიდარობის ძიებაში


რამდენიმე დღის წინ დაბა კაზრეთში სლავა კუჭაშვილმა, RMG GOLD-ის მიერ გათავისუფლებულმა მუშამ, თავი მოიკლა, რადგან სრული სოციალური დაუცველობის პირობებში ცოლისა და მცირეწლოვანი შვილების სარჩენად ელემენტარული სახსრებიც კი არ გააჩნდა. მისი მეზობლებისა და თანამშრომლების მსგავსად, სლავა კუჭაშვილი საქართველოს მოქალაქეების იმ ფენას მიეკუთვნებოდა, რომელიც იძულებულია, საკუთარი თავისა და ოჯახის ელემენტარული მატერიალური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად სრულიად კაბალური ხელშეკრულების ფასად მიჰყიდოს თავისი შრომა დამქირავებელ ინვესტორს. სანამ სახელმწიფო არ იზრუნებს იმაზე, რომ, ინვესტიციების მოზიდვის პარალელურად, ინვესტორს ისიც განუსაზღვროს, თუ რა არის ანაზღაურებისა და უფლებების ის ღირსეული მინიმუმი, რაც ინვესტორმა უნდა შესთავაზოს დაქირავებულს; და სანამ დაქირავებულთა უფლებების დარღვევის შემთხვევაში (რისი სრული კარტ ბლანშიც ჰქონდათ ინვესტორებს ნაციონალური მოძრაობის მონეოლიბერალო მიდგომის პირობებში) სახელმწიფო არ იტვირთავს მარეგულირებელი ინსტანციის ფუნქციას, მანამდე ინვესტორი, საქმიანი და პრაგმატული კაპიტალისტი, ბოლომდე გამოიყენებს მინიჭებულ თავისუფლებას, რომ რაც შეიძლება დაბალი ფინანსური დანაკარგის ფასად ამუშავოს დაქირავებული და, შესაბამისად, ზედმეტად არც ღირსეულ და უსაფრთხო სამუშაო პირობებზე იზრუნოს. ასეთ შემთხვევაში, სლავა კუჭაშვილის სოციალური ბედის გამზიარებლებს არათუ სამუშაოსშემდგომი განტვირთვის საშუალება არ ექნებათ; მათი სამუშაო არათუ რუტინული, “შავი“, დამხუთველად ციკლური, ადამიანური ზრდის ყოველგვარ პერსპექტივას მოკლებული იქნება, არამედ ხშირ შემთხვევაში ფიზიკურად საშიშიც იმავე სიცოცხლისათვის, რომელიც ცოცხლობს ისევ და ისევ მხოლოდ იმისათვის, რათა თვითგადარჩენისათვის საჭირო მინიმუმი მოიპოვოს.

ჩემი ბევრი ნაცნობისა და მეგობრისთვის ასეთი ყოფა ალბათ წარმოუდგენელიც კია. ზოგიერთი მათგანისთვის, მათ შორის ჩემთვისაც, ლამის ბუნებრივია ისეთი სამუშაოს ქონა, რომელშიც შრომა და სიამოვნება ერთმანეთს ემთხვევა. ამიტომაც აქვს ამგვარ ფენას იმის ფუფუნება, რომ სამოქალაქო აქტივიზმი პირველ რიგში ისეთ საკითხებს დაუთმოს, რომლებიც თავისთავად სლავა კუჭაშვილის ყოფის მსგავს “შავ ფსკერზე“ უფრო “მაღალ“ საფეხურზეა განთავსებული - მთელი რიგი პოლიტიკური, კულტურული, ეკოლოგიური თუ სხვა სახის საკითხებისა, რომლებიც ჩნდება მაშინ, როცა ადამიანს გარანტირებული აქვს არსებობის ელემენტარულად ღირსეული დონე; როცა არა მარტო მოპოვებული აქვს პური და ის ხარისხიდან გამომდინარე ჯანმრთელობისთვის საშიში არაა, არამედ ამ პურს კარაქი და მურაბაც შეუძლია გადაუსვას, რათა ჭამა შიშველ გადარჩენაზე არ დაიყვანებოდეს; რათა ელემენტარული მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისას ადამიანს ჰქონდეს საშუალება, თავი ადამიანად იგრძნოს, ანუ იმ არსებად, რომელიც მხოლოდ პურით და მხოლოდ შიშველი თვითგადარჩენისთვის არ საზრდოობს.

კაზრეთში რამდენიმე დღის წინ სლავა კუჭაშვილმა თავი მოიკლა. მან თავისი არაადამიანური ყოფის დამთრგუნველი წრებრუნვა თვითმკვლელობით გაარღვია, მისი მეზობლები და თანამშრომლები კი გაფიცვას და თავიანთი უფლებებისათვის ბრძოლას აგრძელებენ.

17 თებერვალს თბილისში თსუ-ს წინ მშრომელთა გულშემატკივარმა სტუდენტებმა კაზრეთიდან მუშები ჩამოიყვანეს და მათი მხარდამჭერი აქცია გამართეს. აქციაზე მათი და მუშების გარდა, ალბათ ერთ ხელზე ჩამოსათვლელი იყო იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც არც სტუდენტი იყო და არც მუშა. მათთვის, ვინც იქ არ იყო, მუშების პრობლემა ან არ არსებობს ანუ საერთოდ არ ჩნდება მათ თვალსაწიერში, ან - უარესი - შემოდის, მაგრამ მას იქვე, მშვიდი სინდისით, გადაულოცავენ მეამბოხე “ბავშვებს“, - ყოფილ “ლაბორატორიელებს“, სოციალისტური, კომუნისტური თუ ანარქისტული ხედვის მქონე სტუდენტებს, - თითქოს მუშების გვერდში დგომა და სხვისი შრომითი უფლებების დაცვა მხოლოდ ამ კონკრეტული, რადიკალური სოციალური ცვლილებების სურვილით შემართული და სოციალური და პოლიტიკური პრობლემების არტიკულირების საოცარი უნარითა და კომპეტენციით დაჯილდოვებული “ბავშვების“ პრეროგატივაა (ხოტბის ცოტა უფრო... ვნებიანი ფორმისთვის იხ. შემდეგი ტექსტი). თითქოს მსგავსი ინიციატივის გამოჩენა ზოგადად მხოლოდ და მხოლოდ “ბავშვების“ პრეროგატივაა, რომლებიც ამ შემართებას სახადივით მოიხდიან და მალე თვითონაც იგემებენ „დიდების“ კმაყოფილი პასიურობის კომფორტს. ეს ხომ თურმე “ბუნების კანონია“...

თვითონ ამ “ბავშვების“ უმეტესობა (ალბათ) სულაც არ მიეკუთვნება იმ მოწყვლად, დაუცველ ჯგუფს, რომლის უფლებებისთვისაც ხმას იმაღლებს. ნუ იტყვი და აღმოჩნდა, რომ “ბავშვებს“ “დიდებზე“ უფრო მეტი შეგნება აქვთ და აცნობიერებენ იმ ელემენტარულ ეგზისტენციალურ ვითარებას, რომ გადარჩენისა და ღირსეული სიცოცხლისათვის ამ ცხოვრებაში ყველას თანაბარი სასტარტო პირობები არ გააჩნია, და რომ არ შეიძლება ადამიანის “არჩევანსა“ და თვითგანპირობებულ უნიათობას დააბრალო მისი ის გაჭირვება და წარუმატებლობა, რაც მხოლოდ იმის ბრალია, რომ მას არათუ “მეტის“ მიღწევისათვის არ ჰქონდა არანაირი წინაპირობა, არამედ ხშირად ელემენტარული გადარჩენის პირობებიც კი არ აქვს. ეს რაც შეეხება ნეოლიბერალებს, რომლებსაც არ ვიცი რა პიროვნული დამსახურება მიუძღვით იმაში, რომ, უქონელთა და დაუცველთა სოციალური გარემოს მაგივრად, ისეთ გარემოში დაიბადნენ, რომელმაც ისინი თავიდანვე უკეთეს სასტარტო მდგომარეობაში ჩააყენა. ის, რომ ნეოლიბერალთა ნაწილი თავის ამ კლასობრივ, შემთხვევით სოციალურ განპირობებულობას აცნობიერებს, მისი მიდგომის თანმიმდევრულობასა და სიმრთელეს დიდად არ შველის, რადგან, როდესაც სოციალურ უთანასწორობას “ბუნებრივ“ მოცემულობად განიხილავს და დაუცველთა მდგომარეობის გაუმჯობესებისა და საყოველთაო კეთილდღეობის მიღწევისათვის ისევ კაპიტალისტური მექანიზმის გაუმჯობესებასა და ინვესტორების “მოზიდვას“ გვთავაზობს, ის სრულიად გულუბრყვილოდ აღმოჩნდება თავისავე სოციალური “ბრმა ლაქის“ ტყვეობაში: უხერხულად ბანალური ჭეშმარიტებაა, რომ, თვითონ თუ იქნებოდა დაუცველი მშრომელის მდგომარეობაში, თავში აზრადაც არ მოუვიდოდა, პრობლემის გადაჭრის გზად შემოეთავაზებინა ისეთი გამოსავალი, რომელიც საბოლოო ჯამში უფრო მეტად ისევ და ისევ ინვესტორის ინტერესებს ემსახურება და გაჭირვებულის პრობლემის გადაჭრას განუსაზღვრელი ვადით გადაწევს. სახელმწიფოს მხრიდან სოციალური სიყრუის გამოჩენის შემთხვევაში, თავისთავად მშრომელთა დასაქმების ფაქტი არათუ პრობლემას არ ამოწურავს, არამედ უმუშევრობის, სრული მიუსაფრობის პრობლემას “უბრალოდ“ ინვესტორის მხრიდან კაპიტალისტური ექსპლუატაციის, კაბალური პირობების ფასად თვითგადარჩენის, პრობლემად გადააქცევს. (საგანგაშოა ის, რომ სახელმწიფო დღეს არათუ არ ერევა ინვესტორებსა და მშრომელებს შორის დავაში, არამედ შრომის კოდექსის ფარგლებში კიდევ უფრო მკაცრად შეზღუდა მთელი რიგი საქმიანობებისათვის გაფიცვის ანუ საკუთარი შრომითი უფლებებისათვის ბრძოლის ყველაზე რადიკალური და საჭირო ბერკეტის გამოყენების უფლება.)

ხოლო, თუ ქართველი ნეოლიბერალისათვის განცხადებული ამოსავალი წერტილია სოციო-ეკონომიკური უთანასწორობა და, შესაბამისად, ალალი მოწოდების დონეზეა აყვანილი კაზრეთელი მუშების მსგავსი გაჭირვებულებისადმი სოლიდარობის გამოუცხადებლობა, “ლიბერალებად“ წოდებული მღვრიე ჯგუფი თითქოს ინერციით, სრულიად არათანმიმდევრულად, რაღაც წყვეტილი ესთეტური ენთუზიაზმის აფეთქებებზე დაყრდნობით მისდევს თავის სამოქალაქო აქტივიზმს და ხშირად უბრალოდ მოტივაცია არ ჰყოფნის ზემოხსენებული ელემენტარული ეგზისტენციალური კანონზომიერების ანუ ადამიანთა უთანასწორობის შემთხვევითობის და, შესაბამისად, არააუცილებლობისა და ფუნდამენტური უსამართლობის, ბოლომდე გასაცნობიერებლად. შესაბამისად, ისიც უდრტვინველად რჩება იმ ინტერესების ფარგლებში, რომელთა ფუფუნებაც თავისი შედარებითი სოციო-ეკონომიკური დაცულობიდან გამომდინარე აქვს და იქამდე წაუყრუებს სლავა კუჭაშვილის პრობლემას, სანამ ეს პრობლემა ისეთივე შემაძრწუნებელი სიცხადით არ შემოიჭრება მის კომფორტულ სივრცეში, როგორც 2012 წელს - ციხეში სისტემური ძალადობის პრობლემა, ეს მეორე საბაზისო საკითხი, რომლის ხილვადობაზეც მაძღარმა საშუალო კლასმა თავის დროზე უტიფრად თქვა უარი და არ უკითხავს, რა ბედი ეწიათ იმათ, ვისი სამყოფლის ადგილასაც გაპრიალებული ლამაზი შენობები წამოიჭიმა, და რა ხდებოდა კრიმინალისგან ლამის სტერილურობამდე გაწმენდილი, უსაფრთხო საჯარო სივრცის მიღმა, ციხეებში.

მიუხედავად იმისა, რომ ამ დაგუბებული გაჭირვებისა და ძალადობის გაუჩინარებას (ე.წ. ინვიზიბილიზაციას) თვითონ სახელმწიფო ლამაზი ზედაპირის მოპრიალებისა და მედიაკონტროლის აგრესიული პოლიტიკით აღარ უწყობს ხელს და დაგუბებული უფრო მეტად ახერხებს საჯარო სივრცეში ადგილის დაკავებასა და ყვირილს, მათ მიმართ სოლიდარული, მათი პრობლემების ხილვადობისათვის მზრუნავი მცირე ჯგუფებისა და რამდენიმე არამეინსტრიმული გამოცემისა და გადაცემის გარდა, სრულიად გულგრილი რჩება ზოგადად მედიასექტორი. არადა, დემოკრატიის პირობებში მისი უშუალო დანიშნულება სწორედ დაფარული, მარგინალიზებული პრობლემებისათვის ხილვადობის მინიჭება ანუ საერთოდ მათ არსებობაზე ყურადღების გამახვილებაა.

თავისთავად ტრაგედიაა, როცა, ციხის სკანდალისა არ იყოს, საზოგადოება მთლიანად მედიაზეა დამოკიდებული იმის გასარკვევად, თუ რას უნდა მიაქციოს ყურადღება. ასეთ დროს საზოგადოება ძალაუნებურად რეაქციულ მდგომარეობაში იჭედება და გასაპროტესტებელ საგნად უკრიტიკოდ იღებს იმას, რაც მას შოკისმომგვრელ სიუჟეტში მიაწოდეს. იგი კარგავს უნარს, აქტიურად მიანიჭოს ხილვადობა (აზრობრივი თუ ვიზუალური არტიკულაცია) იმას, რაც, მისი - როგორც აქტიური მოქალაქის - აზრით, ყურადღებას იმსახურებს. ამგვარ არარეაქციულ აქტივიზმს, როგორც წესი, თავად უწევს, თუნდაც საპროტესტო აქციების ფასად, აიძულოს მასმედია, რომ მისთვის მნიშვნელოვანი პრობლემა გაშუქდეს და გადავიდეს ხილვადობის იმ ზედა დონეზე, სადაც პრობლემის წარმატებით გადაჭრა დიდწილად უკვე იდეურ და ვიზუალურ ხილვადობასა და მასმედიურ გაშუქებას შორის ურთიერთმიმართებაზე ხდება დამოკიდებული.

სოლიდარობა სავალდებულო არაა. ის შეგიძლია ან გამოიჩინო ან არ გამოიჩინო. თუმცა, როგორც რაღაცის ასე და ამგვარად ყოფნა არ ნიშნავს იმას, რომ ეს ასეც უნდა იყოს, სოლიდარობაც რაღაც უფრო მეტისაკენ ხსნის გზას და შესაძლებელს ხდის, რომ გვერდში ამოუდგე იმას, ვისი გასაჭირიც უშუალოდ შენი არ არის. ხშირად სიტყვა “სოლიდარობას“ ძალზედ ცალმხრივად განმარტავენ, როგორც მსგავსი ინტერესების მქონე ადამიანების შეკავშირებას. სინამდვილეში, სოლიდარობის ნამდვილი სუბვერსიული ძალა იმაში მდგომარეობს, რომ შენ ის იმ ადამიანს გამოუცხადო, ვინც შენგან შეიძლება ძალიან შორს იდგეს, მით უმეტეს, რომ მისი პირობების გაუმჯობესებისათვის ბრძოლაში შეიძლება მინიმალური ძალისხმევითაც შეიტანო შენი წვლილი - თუნდაც ნახევარი საათით სოლიდარობის აქციაზე გასვლით.

სოლიდარობა ნიშნავს ერთი ძალიან მანკიერი სააზროვნო ჩვევის მოშლას, რომელიც სოციო-პოლიტიკური პრიორიტეტების “ჰორიზონტალურ“ განლაგებაში მდგომარეობს და რომელსაც, მაგალითად, შეუძლია განაცხადოს, რომ “ჯერ ტერიტორიებია დასაბრუნებელი“ და “მერე სოციალურ პრობლემებსაც შეიძლება მიეხედოს“. ამგვარი მიდგომა პრიორიტეტებს ყოველთვის ისეთი რიგითობით დაალაგებს, რომელშიც სოციალური საკითხი არასოდეს იქნება გადაუდებელი. “ვერტიკალური“ მიდგომა, რომელიც ახასიათებს სწორედ სოლიდარობას, გვანახვებს, რომ სხვადასხვა რიგისა და კონტექსტის პრობლემებისთვის ერთდროულად ბრძოლა შესაძლებელია, და რომ ამისთვის უბრალოდ ის ერთი პატარა ჟესტია საჭირო, რომელიც საკუთარი ვიწრო ინტერესების მიღმა სივრცეს ხსნის.

რომ არა ამ სივიწროვისა და ერთმნიშვნელოვნების გადალახვის უნარი, შეუძლებელი იქნებოდა, მეგულშემატკივრა მუშებისათვის, რომლებიც 17 თებერვალს თბილისში ფაქტობრივად მხოლოდ კაცების სახით იყვნენ წარმოდგენილნი და, სოციალური გაჭირვების პარალელურ დონეზე, შეიძლება ისევე მონაწილეობდნენ გენდერულ ჩაგვრაში, როგორც ქართული საზოგადოების ბევრი სხვა ჯგუფი. ზოგადად შეუძლებელი იქნებოდა, თავიდან აგვეცილებინა ან თუნდაც შეგვემსუბუქებინა ის საყოველთაო ფაშიზმი, რომელიც ხმაურიანად თუ მდუმარედ ყველა დონეზე მძვინვარებს საქართველოში: მიჯაჭვულობა იმაზე, რაც არის; რაც თითქოს გარდაუვალი და ფესვგადგმულია; რაც შეუძლებელია სხვანაირად იყოს - მიჯაჭვულობა, რომელიც აზროვნებასა და მოქმედებას ან თუნდაც იმ შუალედურ ჟესტს, რასაც სოლიდარობა ჰქვია, უძრაობის კომფორტში ტოვებს, რადგან ყველაფერი უკვე გადაწყვეტილია იმ ფესვებისა და მდგომარეობის მიერ, რომლებსაც თავს ვაკუთვნებთ.

რამდენიმე დღის წინ სლავა კუჭაშვილმა თავი მოიკლა. დღეს უკვე სრულიად კაზრეთია პარალიზებული გაფიცვისგან. ამასობაში, ჭიათურაშიც 600-მდე მაღაროელი გაიფიცა.

ისმის კლინიკური შეკითხვა: რატომ არ გვაწუხებს ეს?

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG