Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრემიერის დიპლომატიური უნარების გამოცდა აშშ-ში


შაბათს საქართველოს სამთავრობო დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. ეს არის ახალი ხელისუფლების პირველი უმაღლესი რანგის ვიზიტი ამერიკაში. რა გზავნილს ჩაიტანს პრემიერ-მინისტრი ამერიკაში? როგორ გაართმევს დაკისრებულ მისიას თავს ახალბედა პრემიერი?

თითქმის ერთ კვირას დაჰყოფს ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. ვიზიტს საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან წელიწად-ნახევრის განმავლობაში ელოდნენ როგორც ახალი ხელისუფლების, ისე “ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები. მიუხედავად იმისა, რომ 2012 წლის ოქტომბერში, საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებიდან ორ დღეში, კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი პირველი ვიზიტი სწორედ ვაშინგტონში შედგებოდა, ისე დატოვა მან უკვე თითქმის ერთი წლის თავზე პრემიერ-მინისტრის პოსტი, რომ ვიზიტი ამერიკაში არ შემდგარა.

ამის მიზეზს პოლიტოლოგი თორნიკე შარაშენიძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში იმით ხსნის, რომ ბიძინა ივანიშვილს თავიდანვე გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ ის პოლიტიკაში დროებით მოდიოდა. გარდა ამისა, პოლიტოლოგის თქმით, ივანიშვილის პრემიერ-მინისტრობის პერიოდი ქვეყანაში საკმაოდ რთულ შიდაპოლიტიკურ პროცესებს დაემთხვა - დაპატიმრებულ იქნა ყოფილი ხელისუფლების არაერთი წარმომადგენელი, რამაც გამოიწვია კრიტიკა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან და ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ერთგვარ უხერხულობას თავი აარიდა. თორნიკე შარაშენიძის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსა და ამერიკას შორის საკმაოდ მჭიდრო და კარგი ურთიერთობაა, ეს პოტენციალი ბოლომდე გამოყენებული არ არის და სწორედ ეს ვითარება უნდა შეცვალოს ირაკლი ღარიბაშვილმა. კითხვაზე, გაართმევს თუ არა პრემიერ-მინისტრი ამ მისიას თავს, თორნიკე შარაშენიძეს ასეთი პასუხი აქვს:

„დასამალი არ არის, რომ ის გამოუცდელია ამ საქმეში. დიპლომატიური გამოცდილების მიღებას წლობით სჭირდება შრომა. ასე რომ, მას ამ საქმეში სერიოზული დახმარება სჭირდება ძალიან სერიოზული პროფესიონალებისგან. იმედია, ის ასეთ დახმარებას მიიღებს. ახლა ყველაფერი მასზეა დამოკიდებული“.

ამერიკის შეერთებული შტატები რომ რთული დიპლომატიური ასპარეზია, ამას არ უარყოფს რადიო თავისუფლებასთან საუბარში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან ბერძენიშვილი, თუმცა იმედს გამოთქვამს, რომ ახალბედა პრემიერ-მინისტრი დაკისრებულ მოვალეობას თავს წარმატებით გაართმევს. მისი თქმით, მთავარი მესიჯი, რასაც ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკაში ჩაიტანს, მტკიცე და უცვლელია - დასავლური და ევროატლანტიკური არჩევანი:

„ის ხელისუფლება, რომელიც ევროატლანტიკურ გზაზე არ დგას, განწირულია. ჩვენ გვინდა, რომ ეს გულწრფელობა დაფიქსირდეს ამერიკაში და ეს მესიჯი არის ჩვენი მთავარი მესიჯი მთელი მსოფლიოსთვის, რომ ჩვენ შინაგანად მზად ვართ ევროპული და ატლანტიკური სტრუქტურებისთვის. ირაკლი ღარიბაშვილი იტყვის, რომ ის შეეცდება ეფექტურად განახორციელოს ეს მესიჯი. რა თქმა უნდა, ჩვენ მიმართ შენიშვნებიც არის და ჩვენთვის ძალიან სასარგებლოა, რომ ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებს პირადად აუხსნან, რა და როგორ არის და მას დაეხმარებიან იმ საკითხების გარკვევაში, რომელიც არ არის იოლი და რომელიც ითხოვს პირისპირ შეხვედრას და პირდაპირ კონტაქტს“.

თავად პრემიერ-მინისტრი ამერიკაში დაგეგმილ ვიზიტს რამდენიმე დღის წინ მთავრობის სხდომაზე გამოეხმაურა:

„ეს არის პირველი უმაღლესი რანგის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩვენი ხელისუფლებისთვის. ვიზიტის მნიშვნელობა უაღრესად დიდია. ჩვენ გვექნება მუშაობა და შეხვედრები სხვადასხვა მიმართულებით და ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ჩვენსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები გაღრმავდება, ხელი შეეწყობა მის გაღრმავებას და წინსვლას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

„ძალიან დაგვიანებული ვიზიტი“ - ასე იწყებს რადიო თავისუფლებასთან საუბარს საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი კანდელაკი. განსაკუთრებულ აქცენტს სვამს ის ირაკლი ღარიბაშვილის დიპლომატიურ გამოუცდელობაზე, თუმცა ვარაუდობს, რომ პრემიერი სტრატეგიულ პარტნიორს ყურადღებით მოუსმენს:

„ერთი ის იმედი მაინც მაქვს, რომ ის ყურადღებით მოისმენს იმას, რასაც ვაშინგტონში ეტყვიან და არ აღიქვამს კრიტიკას ისე ინფანტილურად, როგორც აღიქვამდა მისი წინამორბედი“.

თუ რა კრიტიკულ შენიშვნებს მოელიან საპარლამენტო უმცირესობის წევრები საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორისგან, ეს გიორგი კანდელაკმა რადიო თავისუფლებასთან საუბარში აღარ დააკონკრეტა.

„ამერიკის ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა გაიცნოს საქართველოს ახალი ხელისუფლება და პირისპირ მოისმინოს ქვეყნის განვითარების მათეული ხედვა“, ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბარში პოლიტოლოგი ლევან ცუცქირიძე. ამ მიმართულებით ის ყურადღებას ამახვილებს ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიაზე, რომელიც ორ ქვეყანას შორის ხუთი წლის წინ გაფორმდა და რომელიც ორი ქვეყნის ურთიერთობის გაღრმავებას გულისხმობს რამდენიმე მიმართულებით. ეს მიმართულებებია დემოკრატია: თავდაცვა და უსაფრთხოება, ეკონომიკა, ვაჭრობა და სხვ.:

„ჩვენს ქვეყანას და, მათ შორის, ხელისუფლებას სჭირდება კარგი პარტნიორი საერთაშორისო არენაზე, განსაკუთრებით იმ ვითარებაში, რა ვითარებაშიც საქართველო იმყოფება. ჩვენ ვხედავთ, რუსეთი როგორ აძლიერებს თავის ზეგავლენას ყველანაირი მეთოდებით უკრაინაში, ჩვენ რეგიონში. ამიტომ შეერთებული შტატების ჩართულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბარში ლევან ცუცქირიძე.

როგორც საქართველოს მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზეა მითითებული, საქართველოს პრემიერ-მინისტრი აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს თეთრ სახლში, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში, სენატსა და კონგრესში გამართავს. გარდა ამისა, იგეგმება პრემიერ-მინისტრის შეხვედრები მედიის წარმომადგენლებთან.
XS
SM
MD
LG