Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოჭში სტარტს იღებს ზამთრის ოლიმპიური თამაშები


სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშები დღეს იხსნება. XXII ზამთრის ოლიმპიადის გახსნისადმი მიძღვნილი შოუ, სოჭში, "ფიშტის" სტადიონზე ადგილობრივი დროით 19:00 საათზე დაიწყება. ოლიმპიადის გახსნას სტადიონზე 40 ათასი მაყურებელი ნახავს, პირდაპირ ეთერში კი - მსოფლიოს მასშტაბით 3 მილიარდი. ამასთან, "სოჭი 2014"-ის საორგანიზაციო კომიტეტის ინფორმაციით, გახსნითი შოუს საწყისი ნაწილის ტელეტრანსლირება არ მოხდება. XXII ზამთრის ოლიმპიადაში, 88 ქვეყნის 2 800 სპორტსმენი მონაწილეობს. ოლიმპიური თამაშების პროგრამაში ზამთრის 15 სპორტული დისციპლინა შევიდა, რომლებიც ოლიმპიური სპორტის შვიდ სახეობას აერთიანებს. ჯამში, მედლების 98 კომპლექტი გათამაშდება, თორმეტით მეტი, ვიდრე 2010 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ვანკუვერში. 2014 წლის ოლიმპიადა განსხვავებული იმითაც იქნება, რომ სოჭში უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომებია მიღებული. საქართველოს სოჭის ოლიმპიადაზე წარადგენს ოთხი სპორტმენი. კერძოდ, სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობენ: მოთხილამურეები ნინო წიკლაური, იასონ აბრამაშვილი და ალექსი ბენიაიძე და მოციგურავე ელენე გედევანიშვილი, რომელიც სოჭში 14 თებერვალს კანადიდან ჩავა. ქართველი სპორტსმენებიდან პირველი ნინო წიკლაური იასპარეზებს, რომელიც 18 თებერვალს გიგანტურ სლალომში გამოვა, ხოლო 21 თებერვალს - სლალომში. 19 და 22 თებერვალს ამავე დისციპლინებში იასპარეზებენ სამთო მოთხილამურეები იასონ აბრამაშვილი და ალექსი ბენიაიძე, ხოლო გუნდის ლიდერი ელენე გედევანიშვილი თამაშებში 19-20 თებერვალს ჩაერთვება.
XS
SM
MD
LG