რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ცნობით, უკრაინის რადის შემათანხმებელი საბჭოს 3 თებერვლის სხდომაზე საპარლამენტო ფრაქციების ლიდერები ვერ შეთანხმდნენ საკონსტიტუციო ცვლილებებზე. საპარლამენტო ოპოზიცია მოითხოვს, რომ 4 თებერვლის სხდომაზე უმაღლესმა რადამ აღადგინოს 2004 წლის კონსტიტუცია, რომელიც პრეზიდენტის ძალაუფლების შეზღუდვასა და პარლამენტის მიერ კოალიციური მთავრობის შექმნას ითვალისწინებს. ფრაქცია „ბატკივშჩინის“ ლიდერ არსენი იაცენიუკის აზრით, „ვითარების სტაბილიზაციის ერთადერთი გზა ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა და 2004 წლის კონსტიტუციასთან დაბრუნებაა. უკრაინაში უნდა გაუქმდეს პრეზიდენტის დიქტატორული უფლებამოსილებები“. თითქმის ასეთსავე პოზიციაზეა პარტია „უდარის“ ლიდერი ვიტალი კლიჩკო: „უკვე ყველა დარწმუნდა, რომ ძალაუფლების ერთი ადამიანის ხელში კონცეტრაცია საშიშია. ახლა საკითხავი არ არის როდის უნდა დავუბრუნდეთ მმართველობის საპარლამენტო-საპრეზიდენტო ფორმას. ეს უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ“. საკონსტიტუციო რეფორმის გარდა, ოპოზიციის გეგმა ითვალისწინებს ძალადობის შეწყვეტას; საპროტესტო აქციების მონაწილე ასობით დაკავებული მოქალაქის უპირობო გათავისუფლებას; აქტივისტების გატაცების, წამებისა და მკვლელობის შემთხვევების ობიექტურ გამოძიებას. საკონსტიტუციო ცვლილებების გარეშე ოპოზიცია არ აპირებს ახალი მთავრობის ფორმირებაში მონაწილეობას და დღის წესრიგში ტოვებს ვადამდელ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებს.
ყველაზე პოპულარული
1