ზურაბ აბაშიძე და გრიგორი კარასინი თებერვლის ბოლოსთვის დაგეგმილ შეხვედრაზე სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე, სატრანსპორტო კომუნიკაციებზე, ჰუმანიტარულ-კულტურულ საკითხებსა და სავიზო რეჟიმის გამარტივებაზე ისაუბრებენ. ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ განაცხადა. მისი თქმით, ის მოისმენს რუსული მხარის პოზიციას, თუ რა იგულისხმება სავიზო რეჟიმის გამარტივებაში. "ჩვენ კარგა ხანია, ვიზები საერთოდ გავაუქმეთ. თუ ასეთ ნაბიჯს გადადგამს რუსეთის მხარეც, რომ გააუქმოს სავიზო რეჟიმი ან მნიშვნელოვნად გაამარტივოს, ამას მივესალმებით. ეს მათი გადასაწყვეტია. ეს ხელს შეუწყობს ადამიანთა შორის ურთიერთობებს და კულტურულ კავშირებს", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ. ზურაბ აბაშიძის ინფორმაციით, გრიგორი კარასინთან შეხვედრა სოჭის ოლიმპიადის შემდგომ გაიმართება. პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი იმედოვნებს, რომ ოლიმპიადა ყოველგვარი ექსცესებისა და სიურპრიზების გარეშე, მშვიდ ვითარებაში ჩატარდება. სოჭის ოლიმპიადა 7 თებერვალს იხსნება და 23 თებერვალს იხურება.
ყველაზე პოპულარული
1