Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართულ-ოსური სამოქალაქო დიალოგის პერსპექტივა


5 წლის განმავლობაში ქართულ-ოსური სამოქალაქო დიალოგის 15 შეხვედრა გაიმართა. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რამდენიმე თვეში ქართველი და ოსი ანალიტიკოსები და პოლიტოლოგები ამერიკაში შეიკრიბნენ. ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის პროფესორის სიუზენ ალან ნანის ინიციატივით, სწორედ აქ ჩაეყარა საფუძველი სამოქალაქო დიალოგს - „თვალსაზრისს.“ რა პერსპექტივა აქვს დიალოგს და რა არის მისი საბოლოო მიზანი?

თავიდან ეს ფორმატი დახურული იყო და მისი მონაწილეები ძირითად აქცენტს ემოციურ გამოსვლებსა და ურთიერთბრალდებებზე აკეთებდნენ. დროთა განმავლობაში ემოციები დაცხრა და დიალოგის მონაწილეებმა საერთო პრობლემებზე ფიქრი და ამ პრობლემების გადაჭრის გზების ძიება დაიწყეს. „ურთიერთპატივისცემა, განსხვავებული მოსაზრებების მიუხედავად“ - ესაა დიალოგის მთავარი პრინციპი და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებიც ამ პრინციპს მუდამ იცავენ.

დიალოგის ფორმატში დაიბადა ზონკარის წყალსაცავის უსაფრთხოების საკითხი - გადავსებული წყალსაცავი ქართულ და ოსურ სოფლებს საფრთხეს უქმნიდა. სპეციალისტებმა ერთობლივად იმუშავეს და პრობლემა გადაჭრეს. ეს იყო თანამშრომლობის კარგი მაგალითი. ქართული და ოსური სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ამ ფორმატში პოლიტიკური საკითხების გადაჭრაზე არ ლაპარაკობენ. თანხმდებიან იმაზე, რომ ჰუმანიტარული საკითხების მოგვარებას მეტი დრო უნდა დაეთმოს. წყალი, გაზი, მიმოსვლა ნათესავებს შორის, ჯანდაცვის პრობლემები, უგზო-უკვლოდ დაკარგულები, დაკავებულები - ეს არის იმ საკითხების არასრული ჩამონათვალი რომლებიც „თვალსაზრისის“ ფორმატში განხილულა. იყო დრო, როცა დიალოგის ჩატარება საფრთხის წინაშე დადგა: ერთ-ერთი შეხვედრიდან ცხინვალში დაბრუნებულ დიალოგის მონაწილეებს ადგილობრივი ხელისუფლება სახელმწიფო ინტერესების ღალატში ადანაშაულებდა და დოლარებზე გაყიდულ ექსპერტებს ეძახდა. მაგრამ ეს პრობლემაც მოგვარდა, დიალოგის ფორმატი უკვე გახსნილია და ნებისმიერ მსურველს შეუძლია ნახოს, რა მოხსენებებს კითხულობენ „თვალსაზრისის“ მონაწილეები. ოსური საზოგადოების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ 5 წელი არ არის ის დრო, რომ სერიოზული გარღვევა მომხდარიყო, თუმცა, მათი აზრით, დიალოგის გაგრძელება აუცილებელია. ლირა კოზაევა ამ ფორმატის ერთ-ერთი დამფუძნებელია. მისი აზრით, რაც მეტი მოედანი იქნება დიალოგისთვის, მით უფრო სწრაფად წავა პროცესი ნდობის აღდგენისა და კონფლიქტის მოგვარებისკენ:

სამწუხარო რეალობაა ის, რომ ოსური მხარე თვითიზოლაციისკენ არის მიდრეკილი, რაც ზღუდავს რაღაც ნაბიჯების გადადგმის საშუალებას ქართული მხრიდან. ზოგადად, კრიზისი არის ამ ურთიერთობებში და არ არის გარღვევა. შესაბამისად, ამ პროცესშიც ვერ იქნება რაღაც გარღვევა, ამიტომ განსაკუთრებული შედეგების დადებას არ უნდა ველოდოთ...
გიორგი კანაშვილი
”დიალოგი უნდა იყოს. რაც მეტი იქნება, მით უკეთესი. დანაშაულია, როცა მხოლოდ შენს საზოგადოებაში იკეტები, სხვას არ ხვდები და არ ელაპარაკები. ეს ცივილიზაციის ნაკლებობის, სისუსტის და კომპლექსების ნიშანია. მე შეხვედრების მომხრე ვარ. სამოქალაქო საზოგადოების დონეზე ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრებია”.

ქართველი და ოსი პოლიტოლოგები დიალოგის ფორმატში ცვლიან ინფორმაციას თბილისსა და ცხინვალში არსებულ სოციალურ-პოლიტიკურ ვითარებაზე, საზოგადოებისა და მედიის პრობლემების შესახებ. სუსტი სამოქალაქო საზოგადოება, ჩაკეტილი ხელისუფლება, არათავისუფალი მედია- ამ პრობლემებზე ოსური მხარის წარმომადგენლებმა ერევნის შეხვედრაზე ღიად ისაუბრეს. გარდა ამისა, მათ ადგილობრივი ექსპერტების მოსაზრებებიც მოიყვანეს ქართულ-ოსური ურთიერთობების განვითარების შესახებ. მაგალითად, აღნიშნეს, რომ ოსურ საზოგადოებაში შიშია იმის თაობაზე, რომ საქართველო რევანშს ეკონომიკურ-ჰუმანიტარული მეთოდებით შეეცდება, მავთულხლართების ინსტალაციის საკითხზე კი ითქვა, რომ ეს ცხინვალშიც არ მოსწონთ, მაგრამ უსაფრთხოების გამო კეთდება და თითქოს ეს საქართველოს მოქალაქეებისთვისაც მისაღები უნდა იყოს, რადგან დაკავებების რაოდენობა შემცირდება. ამ მოსაზრებას მწვავე დისკუსია მოჰყვა. ნაცვლად იმისა, რომ გზები გაიხსნას და ადამიანებმა ურთიერთობა დაიწყონ, დე ფაქტო ხელისუფლება თვითიზოლაციისკენ ისწრაფვის - ეს იყო ქართველი მონაწილეების პოზიცია. კავკასიური სახლის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი კანაშვილი ამბობს, რომ ზოგადი ფონი საკმაოდ რთულია, ამიტომ ამ ურთიერთობებში დიდ გარღვევას სწრაფად არ უნდა ველოდეთ.

ტრაგედიაა, რომ ქართველებსა და ოსებს შორის პრობლემებია. რა თქმა უნდა, ბევრი სირთულე არსებობს, მაგრამ თუ პოლიტიკურ ნებას გამოიჩენ, ადრე თუ გვიან პროგრესი იქნება...
რაიან გრისტი
„სამწუხარო რეალობაა ის, რომ ოსური მხარე თვითიზოლაციისკენ არის მიდრეკილი, რაც ზღუდავს რაღაც ნაბიჯების გადადგმის საშუალებას ქართული მხრიდან. ზოგადად, კრიზისი არის ამ ურთიერთობებში და არ არის გარღვევა. შესაბამისად, ამ პროცესშიც ვერ იქნება რაღაც გარღვევა, ამიტომ განსაკუთრებული შედეგების დადებას არ უნდა ველოდოთ, იმიტომ რომ ზოგადი ფონი არის საკმაოდ რთული. დრო არის ამისთვის საჭირო და მესმის მათი პოზიცია იმ თვალსაზრისით, რომ, მართლაც,საკმაოდ დიდხანს იყო კონფრონტაცია მხარეებს შორის“, - ამბობს გიორგი კანაშვილი.

„თვალსაზრისის“ მიმართ საერთაშორისო ორგანიზაციების და ექსპერტების ინტერესი სულ უფრო იზრდება. ბოლო შეხვედრას ეუთოს მისიის ყოფილი თანამშრომელი რაიან გრისტი დაესწრო. ის ქართულ საზოგადოებაში ომის შემდგომი განცხადებითაა ცნობილი. მან თქვა, რომ საბრძოლო მოქმედებები ქართულმა მხარემ დაიწყო. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს ამჟამად დამოუკიდებელი ექსპერტი რაიან გრისტი ომის საშინელებებსა და შერიგების რესურსებზე ესაუბრა. მას სჯერა, რომ ქართული და ოსური მხარეები აუცილებლად შერიგდებიან:

”ტრაგედიაა, რომ ქართველებსა და ოსებს შორის პრობლემებია. რა თქმა უნდა, ბევრი სირთულე არსებობს, მაგრამ თუ პოლიტიკურ ნებას გამოიჩენ, ადრე თუ გვიან პროგრესი იქნება”.

ქართულ-ოსური სამოქალაქო დიალოგი გაგრძელდება. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები თანხმდებიან, რომ პრობლემების გამოკვეთას და განხილვას უფრო ღრმა ანალიზი, ნდობის აღდგენას კი დრო სჭირდება.
XS
SM
MD
LG