თანამდებობიდან დათხოვნის განცხადებებით საქართველოს პრეზიდენტს მიმართეს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ და რეგიონების გუბერნატორებმა. მიხეილ სააკაშვილის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ, რომელმაც თანამდებობა დღეს თავადაც დატოვა, ჟურნალისტებს აცნობა, რომ ბოკერიას და გუბერნატორების განცხადებებს პრეზიდენტი ხელს დღის განმავლობაში მოაწერს. პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ბრიფინგზე მანანა მანჯგალაძემ მადლობა გადაუხადა ჟურნალისტებს, პრეზიდენტის პრესსამსახურის თანამშრომლებს და მიხეილ სააკაშვილს. ”მიუხედავად შეცდომების, სიჩქარისა და ხარვეზებისა, ვამაყობ, რომ ვიდექი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პოლიტიკური ლიდერის გვერდით, რომელმაც ქვეყანა სრულიად სხვა მოცემულობაში გადაიყვანა”, - განაცხადა პრეზიდენტის ყოფილმა პრესსპიკერმა. მანანა მანჯგალაძის შეფასებითვე, დრო მიხეილ სააკაშვილს ისატორიაში თავის ადგილს მიუჩენს და გულუბრყვილობაა იფიქრო, რომ მან პოლიტიკური კარიერა დაასრულა. შეკითხვას, დაესწრება, თუ არა მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ახალი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციას, მანჯგალაძემ უპასუხა, რომ მოქმედი პრეზიდენტი განცხადებას თავად გაავრცელებს. მიხეილ სააკაშვილი რამდენიმე დღის წინ ბრიუსელში გაემგზავრა და საქართველოში ჯერჯერობით არ დაბრუნებულა.
ყველაზე პოპულარული
1