რუსული პანკ-როკის ჯგუფის, „პუსი რაიოტის“ დაპატიმრებულ წევრს, ნადეჟდა ტოლოკონიკოვას, მორდვეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში მდებარე კოლონიიდან სასჯელაღსრულების სხვა დაწესებულებაში გადაიყვანენ. ამ გადაწყვეტილების შესახებ დღეს გამოაცხადა რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა. მანამდე ერთი საათით ადრე ტოლოკონიკოვამ განაახლა შიმშილობა სხვა საპატიმროში გადაყვანის მოთხოვნით, რის მიზეზადაც პატიმარი ადმინისტრაციის მხრიდან მისი მოკვლის მუქარასა და შრომის აუტანელ პირობებს ასახელებს. დღესვე „პუსი რაიოტის“ კიდევ ერთმა დაპატიმრებულმა წევრმა მარია ალიოხინამ უკან გამოითხოვა ქალაქ ნიჟნი ნოვგოროდის სასამართლოში შეტანილი განაცხადი სასჯელის შემსუბუქების შესახებ. „მორალური უფლება არა მაქვს, წავიდე სასამართლო პროცესზე, როცა ჩემი მეგობარი, ნადეჟდა ტოლოკონიკოვა, ასეთ საშუალებას მოკლებულია, რადგან მოთავსებულია იმ კოლონიის საავადმყოფოში, რომლის შესახებაც საშინელი რამეები გვესმის“, თქვა ალიოხინამ. ტოლოკონიკოვასა და ალიოხინას სასამართლომ ორ-ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ხულიგნობისა და რელიგიურ ნიადაგზე სიძულვილის გაღვივებისთვის. შარშან თებერვალში მოსკოვის საკათედრო ტაძარში მათ სკანდალური „პანკ-ლოცვა“ მოაწყვეს.
ყველაზე პოპულარული
1