მთავრობა დაგროვებითი პენსიის რეფორმის დაწყებას გეგმავს. ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი თაბუაშვილმა გუშინ, საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრაზე, 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვისას ისაუბრა. კერძოდ, როგორც ოპოზიციონერმა დეპუტატმა გიგი წერეთელმა განაცხადა, საბიუჯეტო პროექტში არის ჩანაწერი დაგროვებით პენსიაზე გადასვლასთან დაკავშირებით. დეპუტატი დაინტერესდა, ეს მთავრობის სურვილი იყო, თუ - ხუმრობა. "ასეთი ეკონომიკის პირობებში, როცა პრაქტიკულად ნულოვანი ზრდა გვაქვს, სამუშაო ადგილები მცირდება და დეფიციტზეა საუბარი, დაგროვებით პენსიაზე გადასვლა, ნამდვილად ვთვლი, რომ შეცდომაა. თუკი ეს სურვილია, ბიუჯეტის პროექტში რატომ წერია, ხოლო თუ შეცდომა არ არის, რაიმე დამატებითი გადასახადი შემოგაქვთ, თუ რა მექანიზმებით აპირებთ დაგროვებით პენსიაზე გადასვლას. ეს არც ფინანსურ და არც ეკონომიკურ აზროვნებას არ შეესაბამება", - განაცხადა წერეთელმა უმცირესობის სხდომაზე. თავის მხრივ ფინანსთა მინისტრის მოდგილემ განმარტა, რომ იგეგმება აღნიშნული რეფორმის დაწყება და დაგროვებით პენსიაზე გადასვლასთან დაკავშირებით ეკონომიკის სამინისტრო მსოფლიო ბანკთან ერთად მუშაობს. "განიხილება კონკრეტული სქემები. თუ არ დავიწყებთ რეფორმას, სისტემაზე ვერასდროს გადავალთ. შეიძლება ეს შეზღუდული მასშტაბებით დაიწყოს. იდეა კარგია", - განაცხადა გიორგი თაბუაშვილმა.
ყველაზე პოპულარული
1