საქართველოში არსებული საარჩევნო გარემოს შესახებ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ბიუროს სადამკვირვებლო მისიამ გამოაქვეყნა ანგარიში, რომელიც 19 სექტემბრიდან 11 ოქტომბრამდე პერიოდს მოიცავს. მისიის შეფასებით, საარჩევნო სამართლებლივი ჩარჩო ყოვლისმომცველია და დემოკრატიული არჩევნების ჩატარების მყარ იურიდიულ საფუძველს წარმოადგენს. ამავე ანგარიშის თანახმად, პრეზიდენტობის კანდიდატების რეგისტრაციის პროცესი გამჭვირვალე და ყოვლისმომცველი იყო. საარჩევნო პროცესების ყველა მეთვალყურე პირი და ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ საარჩევნო კამპანია განიხილება 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების ჭრილში და ხარისხობრივად უფრო მშვიდ გარემოში მიმდინარეობს - ნათქვამია ანაგრიშში. ამასთან, სადამკვირვებლო მისია აღნიშნავს, რომ კოალიცია „ქართული ოცნების “ და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კამპანია დაძაბული კოჰაბიტაციის ფონზე მიმდინარეობს, რასაც ემატება ნაციონალური მოძრაობის რამდენიმე ხელმძღვანელი პირის, მათ შორის პარტიის გენერალური მდივნის დაკავება და წინასწარი პატიმრობა. რაც შეეხება მედიასივრცეს, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ოფისის სადამკვირვებლო მისია აღნიშნავს, რომ 2012 წლის არჩევნებთან შედარებით მედიასივრცე ნაკლებად პოლარიზებულადაა მიჩნეული, ჟურნალისტები ძირითად პოლიტიკურ მოვლენებს უფრო ნეიტრალურად და მიუკერძოებლად აშუქებენ, თუმცა, კრიტიკული ანალიზისა და ანალიტიკური რეპორტაჟების ნაკლებობა კვლავ შეინიშნება.
ყველაზე პოპულარული
1