Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წიგნი ფრანგ ქართველ სალომეზე


გასულ კვირაში თბილისში „საქართველოს გზის“ ლიდერის სალომე ზურაბიშვილის წიგნის „საქართველოსკენ“ პრეზენტაცია გაიმართა. სალომე ზურაბიშვილის სიტყვებით, წიგნი ბიოგრაფიულ-სანტიმენტალური შინაარსისაა და მასში მოთხრობილია როგორც მისი წინაპრების ისტორია, ისე თავად სალომე ზურაბიშვილის ცხოვრების გზა. სალომე ზურაბიშვილი თავის წიგნში ნაკლებად საუბრობს პოლიტიკაზე. მისი წიგნი, შეიძლება ითქვას, პასუხია კითხვაზე, თუ როგორ მოახერხა მან ყოფილიყო, ერთდროულად, ნამდვილი ქართველი და ნამდვილი ფრანგი. წიგნი გამომცემლობა „პალიტრა L” - მა გამოსცა. ავტორს მის პრეზენტაციაზე გავესაუბრე.

„ქალაქ ბათუმში, შავი ზღვის ნავსადგურში, საცაა, ღუზას ამოიღებს გემი „ანატოლია“. გემზე საფრანგეთის დროშა ფრიალებს. გემბანზე ის უკანასკნელი მგზავრები დგანან, რომლებიც საქართველოს ტოვებენ“, - ასე იწყებს თავისი - და არამარტო თავისი - ამბის თხრობას სალომე ზურაბიშვილი. ეს მისი წიგნის, მისი ამბის მხოლოდ პირველი აბზაცია - წიგნის, სადაც მოთხრობილია თითქმის საუკუნოვანი ისტორია ქართველებისა, რომლებმაც სამშობლო საქართველოს გასაბჭოებისას დატოვეს და საფრანგეთის გზას დაადგნენ, თუმცა საქართველოსგან შორს არასდროს წასულან. გემი, რომელმაც სალომე ზურაბიშვილის მამა და მუცლად მყოფი დედა სამშობლოს დააცილა, საქართველოდან 1921 წლის 19 მარტს გასცურა, 2004 წლის 19 მარტს კი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის სტატუსით უბრუნდება, თუმცა საჰაერო და არა საზღვაო გზით, ქართული საავიაციო კომპანია „აირზენათი“, რომელიც პარიზი-თბილისის პირდაპირ რეისს დაახლოებით ოთხ საათში ასრულებს. ეს, რა თქმა უნდა, არ არის სალომეს პირველი ვიზიტი საქართველოში. საგარეო საქმეთა მინისტრობას წინ საქართველოში საფრანგეთის ელჩობა უსწრებს, თუმცა ის თავის მითიურ სამშობლოს - სწორედ ასე მოიხსენიებს სალომე ზურაბიშვილი საქართველოს თავის წიგნში - პირველად 36 წლის ასაკში, 1986 წელს, სულ სამი დღით, სამსახურებრივი ვიზიტით ეწვია. ამ ვიზიტიდან ორ თვეში კი დედას აუხდინა ოცნება და იმ სამშობლოში ჩამოიყვანა, რომელიც მან მუცლად ყოფნის დროს გემით დატოვა.

„საქართველოსკენ“ - ასე ჰქვია წიგნს, რომელიც ჯერ ფრანგულად დაიწერა, შემდეგ ქართულად ითარგმნა და - საფრანგეთსა და საქართველოში ერთდროულად - 2006 წელს გამოიცა, თუმცა იმ განსხვავებით, რომ, როგორც სალომე ზურაბიშვილი ამბობს, საქართველოში გამოცემულ წიგნს დღის სინათლე არ უნახავს, ის პირდაპირ სარდაფში აღმოჩნდა. როდის ასწრებდით წიგნის წერას-მეთქი, საუბრის დაწყებამდე სხვათა შორის ვეკითხები:
„ყოველთვის გამონახავ ამისთვის დროს. თუკი რამე გაინტერესებს, იმის გასაკეთებლად დროს ყოველთვის იპოვი, თუნდაც ღამით. და ჰო, მაშინ ნაკლებ დროს ვხარჯავდი „ფეისბუქზე“, - მეუბნება სალომე ზურაბიშვილი.
პორტრეტები, კადრები, ემოციები... კითხულობ წიგნს და თავისდაუნებურად ინაცვლებ 20-იანი, 30-იანი, 40-იანი წლების პარიზში - ქალაქში, სადაც საქართველოდან წასულმა ქართველებმა მოიყარეს თავი, სადაც ცდილობდნენ არ დაევიწყებინათ სამშობლო, სადაც საღამოობით იკრიბებობდნენ, უცხო ქვეყანაში დაბადებულ შვილებს სამშობლოს ამბავს უამბობდნენ, ერთმანეთს იმის მონატრების გრძნობას უზიარებდნენ, რაც საქართველოში დატოვეს: „ჩემი საქართველო ბავშვობის დროინდელი სურათებით არის შექმნილი, ბებიების ნაამბობით, წიგნებით“, - წერს სალომე წიგნში და განაგრძობს: „მართლაც მითიური ქვეყანა იყო საქართველო, საიდანაც არც არავინ მოდიოდა და ვერც ვერავინ ჩადიოდა: „გავიზარდე ბებიებთან ერთად. ბაბუები უკვე გარდაცვლილები იყვნენ, მაგრამ ბებიები ახერხებდნენ ჩვენთვის ეამბნათ ამბები საქართველოს შესახებ. თითქმის მთელ დროს ქართველ ემიგრანტებთან ვატარებდით, ისინი გვიყვებოდნენ ბევრ რამეს, ქართული ენაც მათგან ვისწავლე, კულტურა... და მთელი ის მეხსიერება გავიზიარე მათთან ერთად, რაც მათ საქართველოდან წამოიღეს. კარგად მახსოვს როგორ აღვნიშნავდით პარიზში 26 მაისებს, მახსოვს ძალიან ბევრი ადამიანის დასაფლავება, რომლებიც ქართულ ემიგრაციას, ქართულ ისტორიას ქმნიდნენ“, - იხსენებს სალომე ზურაბიშვილი.

მაშინ არ შეიძლებოდა, რომ ვინმეს ჩვენთვის თბილისის რუკა ჩამოეტანა, ამიტომ მამა გვიყვებოდა ხოლმე ამბებს თბილისის ქუჩების შესახებ. ზეპირად ახსოვდა ყველაფერი და გვიხსნიდა, სად რა იყო... ის ლურჯი მონასტერი, სადაც მამას სახლი მდებარეობდა...
სალომე ზურაბიშვილი
საქართველო სალომესთვის გადასხვაფერებული სახით არსებობდა, ფრანსუა ჟერარის ქუჩაზე მდებარე ეკლესიით, სადაც ყოველ კვირა დღეს მთელი ქართული სათვისტომო იკრიბებოდა: ხან ჯვრისწერაზე, ხან დაკრძალვაზე, ხან პანაშვიდზე და ხან პარაკლისზე. თუმცა მის მეხსიერებას ბოლომდე შემორჩა მამის, ლევანის მიერ აღწერილი სახლი თბილისში, რომელიც სალომემ წლების შემდეგ, საქართველოში პირველი მოგზაურობისას, დაათვალიერა - სახლი პეროვის და ვაშლოვანის ქუჩების კუთხეში. ბინის მისამართიც კი მახსოვდა: „მაშინ არ შეიძლებოდა, რომ ვინმეს ჩვენთვის თბილისის რუკა ჩამოეტანა, ამიტომ მამა გვიყვებოდა ხოლმე ამბებს თბილისის ქუჩების შესახებ. ზეპირად ახსოვდა ყველაფერი და გვიხსნიდა, სად რა იყო... ის ლურჯი მონასტერი, სადაც მამას სახლი მდებარეობდა... პირველად რომ ჩამოვედი თბილისში, უკვე ვიცოდი თბილისის მთავარი ქუჩები, უბნები და არ ვგრძნობდი თავს ისე, როგორც უცხო ქალაქში“, - ამბობს სალომე ზურაბიშვილი.

სანამ სალომე ზურაბიშვილის მიერ ჩამოთვლილ მოგონებებს მისივე დაწერილი წიგნის დახმარებით გავაგრძელებდე, წიგნის დასახასიათებლად კიდევ ერთს ვიტყვი: გგონია, სიტყვების, წინადადებების, აბზაცების ნაცვლად ფოტოებს ათვალიერებ. თუმცა ეს მხოლოდ წარმოსახვა არ არის. ავტორი მკითხველს საშუალებას აძლევს, მასთან ერთად დაიაროს ლევილის სასაფლაო და მასთან ერთად დაათვალიეროს ემიგრაციაში მყოფი ქართველების საფლავები და მოისმინოს მათი ისტორიები. აი, მაგალითად, თინა, რომელიც ჟურნალ „ვოგში“ მუშაობდა: „მან მაზიარა ელეგანტურობისა და მოდის საიდუმლოებას. ქართულ ემიგრაციაში, რომელსაც წარსულისკენ უფრო ეჭირა თვალი, თინა თანამედროვე გზა - აქტიური ქალის განსახიერება იყო“, - ასე იხსენებს ემიგრანტ თინას სალომე.

საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ სულ ჩნდებოდა კითხვა, ქართველი ხართ თუ არ ხართ ქართველი? როგორ შეიძლება, რომ უცხოეთიდან ჩამოსული ადამიანი ასეთი ქართველი იყოს? მანამდე კი საფრანგეთში მისვამდნენ ხოლმე კითხვას, როგორ შეიძლება იყო ერთდროულად ფრანგი და, ამავდროულად, ასეთი ქართველიც...
სალომე ზურაბიშვილი
განსაკუთრებით ემოციური კი წიგნის ის ეპიზოდებია, სადაც სალომე ზურაბიშვილი ე.წ. მითიური საქართველოს რეალურ საქართველოდ ქცევაზე წერს. 7 წლის იყო, როცა აღმოაჩინა, რომ საქართველო მხოლოდ ზღაპრებსა და ბებიების მოგონებებში კი არა, რეალურად არსებობდა. 1959 წელს პარიზში სუხიშვილების ცეკვის ანსამბლი ჩავიდა - ეს იყო პირველი ბზარი იმ რკინის ფარდაში, რომელიც ზღაპრულ ქვეყანას გვიფარავდა, - წერს სალომე ზურაბიშვილი.

წიგნში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა სალომე ზურაბიშვილის კარიერულ სვლას. მისი კარიერა კი, პირველ რიგში, ქალაქების ცვლასა და მათთან შეგუება-შეყვარებასთან იყო დაკავშირებული - პარიზი, რომი, ნიუ-იორკი... სწორედ ნიუ-იორკში, კოლუმბიის უნივერსიტეტში სტაჟირებისას გადაწყვიტა მან საბოლოოდ, რომ დიპლომატია ყველაფერი იმის კვინტესენციას წარმოადგენდა, რასაც ესწრაფვოდა: მოგზაურობას, ახალ-ახალ ქვეყნებში ცხოვრებას, ხალხებისა და უცხო ქვეყნების, სხვადასხვა კულტურის გაცნობას. გულის სიღრმეში კი სხვა აზრიც იჩენდა თავს და უფრო და უფრო ძლიერდებოდა: თუკი ერთ მშვენიერ დღეს მისი ქვეყანა დამოუკიდებელი გახდებოდა, რით უფრო გამოადგებოდა? რით უფრო დაეხმარებოდა? წლების მანძილზე მისი ყველა დიპლომატიური მისია იყო გაჩერება ცხოვრების გზაზე, სადაც საქართველო ხან ოდნავ გამოანათებდა, ხან თვალის მომჭრელად გამობრწყინდებოდა, ხან პირდაპირ შემოიჭრებოდა - ზოგჯერ რაიმე მოვლენის, ზოგჯერ კი ვინმესთან შეხვედრის გამო. და მთელი ამ წლების მანძილზე სულ ისმებოდა სალომე ზურაბიშვილის მიმართ ერთი კითხვა როგორც საფრანგეთში, ისე საქართველოში. კითხვაზე პასუხი - ეს არის ამ წიგნის მთავარი მისია, მეუბნება სალომე ზურაბიშვილი: „საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ სულ ჩნდებოდა კითხვა, ქართველი ხართ თუ არ ხართ ქართველი? როგორ შეიძლება, რომ უცხოეთიდან ჩამოსული ადამიანი ასეთი ქართველი იყოს? მანამდე კი საფრანგეთში მისვამდნენ ხოლმე კითხვას, როგორ შეიძლება იყო ერთდროულად ფრანგი და, ამავდროულად, ასეთი ქართველიც. ეს წიგნი არის ჩემი ახსნა ყველასთვის, ვისაც ეს აინტერესებს: როგორ შეიძლება იყო დაბადებული საფრანგეთში, საფრანგეთის მიმართ გქონდეს ლოიალური გრძნობები და ამავე დროს იყო სრულიად ქართველი“, - ამბობს სალომე ზურაბიშვილი.

წიგნის უკანასკნელი თავი სალომე ზურაბიშვილის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრობის პერიოდს, თანამდებობიდან მის გადაყენებას და, ამავე დროს, მომავლისთვის ბრძოლას და იმედს ეძღვნება. 2006 წელს წიგნში აღწერილი ემოციები სალომე ზურაბიშვილის 2013 წლის ემოციებს ემთხვევა: „ხვალ ახალი დღე თენდება“...
XS
SM
MD
LG