Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ესე ამბავი სპარსული" ინგლისურად და ფრანგულად ნათარგმანები


საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ და ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ, გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) დაფინანსებით, გამოსცეს „ვეფხისტყაოსნის“ ინგლისური და ფრანგული თარგმანები. ქართული კულტურისათვის მნიშვნელოვანი ეს მოვლენა უკავშირდება „ვეფხისტყაოსნის“ პირველი სტამბური გამოცემის 300 წლისთავს, რომელიც, იუნესკოს 36-ე გენერალური კონფერენციის გადაწყვეტილებით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება. „ვეფხისტყაოსნის“ ინგლისური თარგმანი ეკუთვნის მარჯორი უორდროპს, ხოლო ფრანგული - სერგი წულაძეს. ორივე გამოცემა გაფორმებულია სერგო ქობულაძის ილუსტრაციებით.

ბაკურ სულაკაურის მიერ მაღალ პოლიგრაფიულ დონეზე გამოცემულ „ვეფხისტყაოსანს“ (როგორც ფრანგულად, ასევე ინგლისურად თარგმნილს) ბიბლიოფილები მაღაზიებში ვერ შეიძენენ. კულტურის სამინისტროს წიგნისა და ლიტერატურის პროგრამების ხელმძღვანელის დეა მეტრევლის თქმით, გამოცემების ტირაჟი სულ რაღაც 500-500 ცალია და ყველა ეგზემპლარი საჩუქრის სახით დარიგდება.
დეა მეტრეველი
დეა მეტრეველი

ამ წიგნების ხელმეორედ გამოცემა ძალიან დიდი მნიშვნელობისაა იმ მხრივ, რომ კიდევ ერთხელ ყველანი ვთანხმდებით, რომ „ვეფხისტყაოსანი“ არის ის პოემა, ის ლიტერატურული ნაწარმოები, რომელიც საუკუნეების განმავლობაში იყო ქართული საგანძურის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი. „ვეფხისტყაოსნით“ იზრდებოდნენ თაობები და კვლავაც გაიზრდებიან, - უთხრა დეა მეტრეველმა რადიო თავისუფლებას.

დეა მეტრევლის თქმით, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივა უკავშირდება პოემის ბეჭდური გამოცემის 300 წლისთავს, რომელიც ფართოდ აღინიშნა შარშან, 2012 წელს. შესაბამისად, შარშანვე გადაწყდა ფრანგულად და ინგლისურად თარგმნილი რუსთაველის ხელახლა გამოცემა. რადიო თავისუფლების არქივში შემონახულია ყოფილი მინისტრის ნიკა რურუას განმარტება, რომლის მიხედვითაც, ინგლისურად და ფრანგულად თარგმნილი „ვეფხისტყაოსნის“ პრეზენტაცია იუნესკოს შტაბბინაში უნდა გამართულიყო:

გვინდა, რომ მსოფლიომ, პირველ რიგში, ნახოს ის, თუ რა მნიშვნელობას ანიჭებენ ამ ნაწარმოებს და მის ავტორს საქართველოში და შემდეგ მათაც მთელი სიგრძე-სიგანით შეიგრძნონ ის ღირებულება და სერიოზულობა ნაშრომისა, რომელმაც ამდენი საუკუნის შემდეგ არათუ შეინარჩუნა, არამედ გაზარდა თავისი აქტუალობა და მნიშვნელობა“.
მე მგონი, დროა ახალი თარგმანები გაჩნდეს უკვე და ახალმა თვალმა გაიაზროს ეს ყველაფერი ჰერმენევტიკულად. იდეალურ შემთხვევაში, უნდა იყოს ორი მთარგმნელი: ერთი ქართველი, რომელმაც ინგლისური იცის და მეორე, რა თქმა უნდა, - ინლისურენოვანი პოეტი. ასე პოემასაც უკეთ გაიაზრებენ...
ზურაბ ქარუმიძე

„ვეფხისტყაოსანი“ აქტუალობასა და მნიშვნელობას, მართლაც, არ კარგავს. უცხო ენებზე მისი თარგმნის ტრადიცია ლამის 200 წელს ითვლის. პოემა სულ 50-მდე ენაზეა თარგმნილი და მას დღემდე გამოსცემენ საზღვარგარეთ, თუმცა, მწერალ ზაზა აბზიანიძის თქმით, საეტაპო მნიშვნელობის იყო რუსი სიმბოლისტის, კონსტანტინ ბალმონტის თარგმანი, რამაც სათავე დაუდო ახალი ეპოქის პოეტების დაინტერესებას რუსთაველის შემოქმედებით.

არა მხოლოდ თარგმანით, არამედ აღტაცებითაც დიდი სამსახური გაუწია ბალმონტმა მომავალ მთარგმნელებს. სხვა რომ არაფერი იყოს, გემზე - ხმელთაშუა ზღვაში - ბალმონტი უკითხავდა პასაჟებს თავისი თარგმანიდან და-ძმა უორდროპებს, რომელთა დაინტერესება რუსთაველით დიდწილად განაპირობა ბალმონტის ამ თარგმანმა. შედეგად იშვა, მართლაც, ძეგლი მთარგმნელობითი ხელოვნებისა, რომელიც დღეს ხელახლა გამოიცა. შეუძლებელია ასეთ დროს არ ვახსენოთ კონსტანტინ ბალმონტი, რომელსაც უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი „ვეფხისტყაოსნის“ თარგმნაში, - უთხრა რადიო თავისუფლებას ზაზა აბზიანიძემ. მისი თქმით, ასევე აუწონავია მარჯორი უორდროპის წვლილი, რასაც მწერალმა ქალმა უდიდესი ენერგია და თავისი ცხოვრების ათი წელი შეალია. მართალია, საქმე გვაქვს პროზაულ თარგმანთან, მაგრამ, მკვლევართა შეფასებით, შინაარსობრივად დედანთან სიახლოვის გამო ის ერთ-ერთი საუკეთესოა სხვა თარგამანებს შორის. ამ აზრს იზიარებს მწერალი ზურაბ ქარუმიძეც, თუმცა ის ასევე მიიჩნევს, რომ პოემა და მის ირგვლივ დაგროვილი ცოდნა ახალ პოეტურ და უფრო სრულყოფილ თარგმანს იმსახურებს.

ასეთი ლექსით გაწყობილი პოემის ინგლისურად თარგმნა ძალიან რთულია. მარჯორი უორდროპი შეეცადა თარგმანი შინაარსთან მაქსიმალურად ახლოს ყოფილიყო, მაგრამ პროსოდიული და პოეტური მხარე, ფაქტობრივად, დაკარგულია და ამ მხრივ სცოდავს თარგმანი. მე მგონი, დროა ახალი თარგმანები გაჩნდეს უკვე და ახალმა თვალმა გაიაზროს ეს ყველაფერი ჰერმენევტიკულად. იდეალურ შემთხვევაში, უნდა იყოს ორი მთარგმნელი: ერთი ქართველი, რომელმაც ინგლისური იცის და მეორე, რა თქმა უნდა, ინლისურენოვანი პოეტი. ასე პოემასაც უკეთ გაიაზრებენ. მოგეხსენებათ, ტექსტის ინტერპრეტაციებში ბევრი ახალი რამ გაჩნდა, - უთხრა ზურაბ ქარუმიძემ რადიო თავისუფლებას.
UNESCO-ს დაკვეთით თარგმნიდა, რამაც ძალიან დიდი დრო, ოთხი-ხუთი წელი წაიღო. ბავშვობას რომ ვიგონებ, სულ ეს მახსენდა: ყოველ საღამოს კითხულობდნენ უკვე თარგმნილს და ითვლიდნენ მარცვლებს... დედა ეხმარებოდა, ის ბეჭდავდა და, ალბათ, სულ ცოტა 100-ჯერ მაინც ექნება ”ვეფხისტყაოსანი” გადაბეჭდილი...
ნუცა წულაძე

რაც შეეხება „ვეფხისტყაოსნის“ ფრანგულ თარგმანს, მის გამოცემაში ასევე მონაწილეობდა გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრი, რომლის ხელმძღვანელის მარიამ დიდებულიძის თქმით, არჩევანი გაკეთდა სერგი წულაძის თარგმანზე, რომელიც აღიარებული და სათანადოდ დაფასებულია როგორც საქართველოში, ასევე საფრანგეთის აკადემიურ წრეებში:

მთელი ცხოვრება იღვწოდა ქართული კულტურისთვის. ქართული პოეზიის ანთოლოგია აქვს ფრანგულად ნათარგმნი, რომელშიც ასევე პრესტიჟული პრემია მიიღო. რაც მთავარია, თარგმნილი აქვს „ვეფხისტყაოსანი“, რის გამოც საფრანგეთის აკადემიამ მიანიჭა უაღრესად პრესტიჟული ლანგლუას (Charles-Victor Langlois) პრემია, რომელიც ამ სფეროში გაიცემა“.

სერგი წულაძე ასევე იყო გამორჩეული მოქალაქე და მეცნიერი. 1921 წელს, საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, ის თან წაიყვანა მამამ ემიგრაციაში. ცხოვრობდა საფრანგეთში, სადაც 1951 წელს მიიღო სორბონის უნივერსიტეტის მედიცინის დოქტორის ხარისხი. 1958 წელს ოჯახთან (შვილებთან და ფრანგ მეუღლესთან) ერთად დაბრუნდა თბილისში. მუშაობდა ჯერ უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტში, ხოლო 1961 წლიდან გარდაცვალებამდე - ასათიანის სახელობის ფსიქიატრიის ინსტიტუტში. აი, როგორ იხსენებს სახელოვან მამას ქალიშვილი, ნუცა წულაძე::

UNESCO-ს დაკვეთით თარგმნიდა, რამაც ძალიან დიდი დრო - ოთხი-ხუთი წელი - წაიღო. ბავშვობას რომ ვიგონებ, სულ ეს მახსენდება: ყოველ საღამოს კითხულობდნენ უკვე თარგმნილს და ითვლიდნენ მარცვლებს... დედა ეხმარებოდა. ის ბეჭდავდა და, ალბათ, სულ ცოტა, 100-ჯერ მაინც ექნება „ვეფხისტყაოსანი“ გადაბეჭდილი. მამას კონსულტაციებს უწევდა შალვა ნუცუბიძე, რომელთანაც ახლო მეგობრობა ჰქონდა და რომელმაც მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია. შალვა ნუცუბიძეს ამ დროისათვის უკვე თარმგნილი ჰქონდა „ვეფხისტყაოსანი“ რუსულად“.

სერგი წულაძის მიერ ფრანგულად თარგმნილი „ვეფხისტყაოსანი“ გამომცემლობა „გალიმარმა“ (Gallimard) 1963 წელს გამოსცა, ლანგლუას პრემია კი თარგმანის ავტორს ორი წლის შემდეგ - 1965 წელს - მიენიჭა. ფრანგულ ენაზე ასევე სერგი წულაძის თარგმნილია იაკობ ცურტაველის "შუშანიკის წამება" და იოანე საბანისძის "აბო თბილელის მარტვილობა". მასვე ეკუთვნის ნიკოლოზ ბარათაშვილის, გალაკტიონ ტაბიძისა და სხვა ქართველი პოეტების ლექსების თარგმანები, რომლებსაც, სხვათა შორის, ხშირად იყენებს თავის შემოქმედებაში სერგი წულაძის შვილიშვილი, პოპულარული მომღერალი ნიაზ დიასამიძე.
გივი შაჰნაზარი
გივი შაჰნაზარი

„ვეფხისტყაოსანი“ ყველა დროის მთარგმნელთა საოცნებო მწვერვალად მიაჩნია მხცოვან მწერალს გივი შაჰნაზარს, რომლის თქმითაც, პოემაში ჩადებული რაციონალური ცოდნის მოხელთებაც კი ურთულესი საქმეა, რომ არაფერი ვთქვათ პოეზიის ადეკვატურ თარგმნაზე.

უფრო მეტად ჭაშნიკს გაუსინჯავენ სიბრძნეებს - იქნება ეს ფილოსოფიური თუ ვარსკვლავთმრიცხველური, ჩასწვდებიან შესაბამის სიღრმეებს, მაგრამ მხატვრულობის თვალსაზრისით ჯადოქრობის სხვა ენაზე გადამტანი იქნება ღმერთკაცი ჩემთვის და ეს იქნება დიდი სიხარული, მაგრამ ცდებსაც თავისი დიდი მნიშვნელობა აქვს და, რა თქმა უნდა, ამას უნდა მივესალმოთ, - უთხრა გივი შაჰნაზარმა რადიო თავისუფლებას.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG