Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიის პრეზიდენტი მადლობას უხდის მთავარ მოკავშირე რუსეთს


სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი მადლობას უხდის თავის მთავარ მოკავშირეს, რუსეთს, სირიის მმართველი რეჟიმის დახმარებისათვის და გამოთქვამს შეფასებას, რომ მოსკოვის წყალობით „ახალი მსოფლიო ბალანსი“ იქმნება. ეს მოსაზრება ბაშარ ალ-ასადმა გამოთქვა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვთან, დამასკში შეხვედრისას, რომლის ნაწილიც სირიის სახელმწიფო ტელევიზიამ აჩვენა. ამ შეხვედრამდე რიაბკოვმა განაცხადა, რომ სირიის მმართველმა რეჟიმმა მოსკოვს წარმოუდგინა ახალი მასალა, რომელიც აჩვენებს, რომ მეამბოხეებმა გამოიყენეს ქიმიური იარაღი 21 აგვისტოს დამასკთან განხორციელებული თავდასხმისას. რიაბკოვმა დამასკში სირიის საგარეო საქმეთა მინისტრ ვალიდ ალ-მუალემთან მოლაპარაკების შემდეგ აღნიშნა ასევე, რომ რუსეთი იმედგაცრუებულია გაეროს ანგარიშით სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტზე. რიაბკოვმა ანგარიშს „პოლიტიზირებული, მიკერძოებული და ცალხმრივი“ უწოდა. მეორე მხრივ, დასავლეთის ქვეყნები გაეროს ანგარიშით დადასტურებულად მიიჩნევენ, რომ ქიმიური იარაღით თავდასხმის უკან სირიის მმართველი რეჟიმი დგას. დღესვე გავრცელდა გაეროს ქიმიური იარაღის მთავარი ექსპერტის, აკე სელსტრომის განცხადება, რომ მისი გუნდი მომდევნო კვირებში დაბრუნდება სირიაში გამოძიების დასასრულებლად. გამოძიება დაიწყო ჯერ კიდევ 21 აგვისტომდე, სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების წინა სავარაუდო შემთხვევებთან დაკავშირებით.
XS
SM
MD
LG