რუსეთი სირიას მოუწოდებს, „საერთაშორისო კონტროლს“ დაუქვემდებაროს თავისი ქიმიური არსენალი, რათა თავიდან აიცილოს სამხედრო დარტყმები. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ორშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ქიმიურ იარაღზე უარის თქმის იდეა უკვე გააცნო სირიის საგარეო საქმეთა მინისტრ ვალიდ ალ-მუალემს, მოსკოვში გამართული შეხვედრისას. ლავროვის თქმით, მოსკოვს იმედი აქვს, რომ მალე მიიღებს დადებით პასუხს ამ წინადადებაზე. უფრო ადრე გავრცელებული ინფორმაციით, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ განაცხადა, რომ სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს შეუძლია, თავიდან აიცილოს შეერთებული შტატების სამხედრო ოპერაცია, თუ ერთი კვირის განმავლობაში ჩააბარებს ქიმიურ იარაღს. მაგრამ კერიმ იქვე დასძინა, რომ დამასკს არ სთავაზობს რაიმე გარიგებას. ამასობაში, სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ალ-ასადმა ვაშინგტონი გააფრთხილა, რომ „ყველაფერს უნდა მოელოდეს“, დამასკის წინააღმდეგ სამხედრო დარტყმის განხორციელების შემთხვევაში. ამ შინაარსის განცხადება მან ამერიკულ ტელევიზიასთან ინტერვიუში გააკეთა და კიდევ ერთხელ უარყო ბრალდება ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ.
ყველაზე პოპულარული
1