Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით უსუფაშვილი: ბიძინა ივანიშვილის შემცვლელის კანდიდატურა ჯერ შერჩეული არ არის


ბიძინა ივანიშვილის შემცვლელის კანდიდატურა ჯერ შერჩეული არ არის და არც შეიძლება იყოს, რადგან ქვეყნის მოქმედ პრემიერ-მინისტრს არ დაუსახელებია პოლიტიკიდან წასვლის კონკრეტული თარიღი - ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა. 2 სექტემბერს ბიძინა ივანიშვილმა გამოაქვეყნა ღია წერილი, რომელშიც საზოგადოებას განუმარტა, თუ რატომ სურს პოლიტიკური საქმიანობის საზოგადოებრივით შეცვლა, თუმცა აღნიშნა, რომ პოლიტიკიდან წავა მაშინ, როცა დარწმუნდება, რომ ხელისუფლების არჩეულ კურსს ვერაფერი შეცვლის, ყველა სახელმწიფო ორგანო და თანამდებობის პირი მწყობრად იმუშავებს და დარწმუნდება, რომ ქვეყანა სტაბილურად ვითარდება. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ პრემიერ-მინისტრი ასრულებს ყველა დანაპირებს და აპირებს შეასრულოს ის დანაპირებიც, რომ პოლიტიკას ორ-სამ წელიწადში დატოვებდა და ქვეყნის სამსახურს სხვა ფორმით განაგრძობდა. ”კოალიცია ამისთვის მზად იყო, რადგან ბიძინა ივანიშვილმა ეს ბრძანა კოალიციის შექმნის საწყის ეტაპზევე და განვლილ პერიოდშიც ამაზე მუდმივად საუბრობდა, ამიტომ მართვის სისტემა და პოლიტიკური ცხოვრების ყველა ნიუანსი ამ საქმისთვის მზად არის”, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა. მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილების მთავარი მოტივაცია ის არის, რომ ქვეყანა დამოკიდებული არ იყოს ერთ ადამიანზე და ყველამ შეძლოს მისი წილი პასუხისმგებლობის აღება. დავით უსუფაშვილის განმარტებით, პრემიერ-მინისტრის გადადგომა კონსტიტუციის შესაბამისად გამოიწვევს მთავრობის გადადგომასაც, ახალი პრემიერის კანდიდატურას კი მოქმედი საპარლამენტო უმრავლესობა წარადგენს. მისივე თქმით, მთავრობის ახლიდან ფორმირება არ ნიშნავს ყველა მინისტრის შეცვლას, თუმცა შესაძლოა, იყოს საკადრო ცვლილებებიც. ”მაგრამ პრემიერ-მინისტრიც და პარლამენტიც კმაყოფილნი არიან დღევანდელი მთავრობით, ამიტომ რაიმე სერიოზულ ცვლილებებს არ ველით", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
XS
SM
MD
LG