Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სკოლის დირექტორთა შესარჩევი პროცესი იწყება


განათლების სამინისტრო საჯარო სკოლის დირექტორების სერტიფიცირების პროცესს იწყებს, - ამის შესახებ 24 ივლისს გამართულ ბრიფინგზე განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემ განაცხადა. მსურველთა ელექტრონული რეგისტრაცია, განათლების სამინისტროს ვებსაიტზე, 25 ივლისს დაიწყება და 7 აგვისტომდე გასტანს. სერტიფიცირების პროცესი საჯარო სკოლის დირექტორების შესარჩევი კონკურსის პირველ ეტაპს წარმოადგენს. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საგამოცდო ცენტრები საქართველოს ყველა რეგიონში გაიხსნება და სკოლის დირექტორობის მსურველები საგამოცდო ცენტრებში საცხოვრებელი რეგიონის მიხედვით გადანაწილდებიან. გამოცდები დანიშნულია 21-22 აგვისტოს. ტესტირება ელექტრონული ფორმით ჩატარდება და შეფასება ტესტზე მუშაობის დასრულებისთანავე მოხდება. სამინისტროს ვებსაიტზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ”გამოცდა კონკურსანტის კომპეტენციას და უნარებს შეამოწმებს და მასალის დაზეპირებაზე ორიენტირებული არ იქნება”, ხოლო ”გამოცდა წარმატებით ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ კონკურსანტი ტესტის მაქსიმალურ ქულათა 60%-ს დააგროვებს, რაც მას საშუალებას მისცემს გადავიდეს გასაუბრების ეტაპზე.” მას, ვინც სერტიფიცირების ორივე ეტაპს გაივლის წარმატებით, გადაეცემა დირექტორობის უფლების დამადასტურებელი სერტიფიკატი, რაც მას საშუალებას მისცემს მონაწილეობა მიიღოს დირექტორების შესარჩევ კონკურსში. იმ პირებს, რომლთაც 2012 წელს სერტიფიცირების ტესტირების ეტაპი წარმატებით აქვთ გადალახული, საშუალება მიეცემათ, პროცესი გასაუბრების ეტაპიდან გააგრძელონ.
XS
SM
MD
LG