Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იემენში საჰაერო იერიშს ალ-ყაიდის ადგილობრივი ლიდერის მოადგილე ემსხვერპლა


„ალ-ყაიდა არაბეთის ნახევარკუნძულზე“ ადასტურებს ცნობას, რომ უპილოტო საფრენი აპარატებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაიღუპა იემენში მათი ლიდერის მოადგილე. ორგანიზაციის წარმომადგენელმა, იბრაჰიმ ალ-რუბაიშმა გაავრცელა ეს ცნობა, ოთხშაბათს გამოქვეყნებული ვიდეოთი. მისი თქმით, საიდ ალ-შეჰრი - რომელსაც აბუ სუფიან ალ-აზდის სახელითაც იცნობდნენ - მოკლულია. ვიდეოში არ არის ნათქვამი როდის მოხდა ეს. იემენის მთავრობამ წარსულში რამდენჯერმე გამოაცხადა ამ საუდის არაბეთში დაბადებული პირის ლიკვიდაციის შესახებ. ყველაზე ბოლოს ასეთი განცხადება იანვრის ბოლოს გაკეთდა. აშშ-ის არმიამ ალ-შეჰრი 2007 წელს გაანთავისუფლა გუანტანამოს საპატიმროდან. გავრცელებული ცნობებით, ამის შემდეგ მან საუდის არაბეთში გაიარა სარეაბილიტაციო პროგრამა. რეაბილიტაციის გავლის შემდეგ ის გაუჩინარდა და მოგვიანებით იემენში ალ-ყაიდის ლიდერის რანგში გამოჩნდა. ვაშინგტონში განთავსებული ანალიტიკური ცენტრი, „ნიუ ამერიკა ფაუნდეიშენი“ იუწყება, რომ 2012 წელს აშშ-მა იემენში 53-მდე იერიში განახორციელა უპილოტო საფრენი აპარატებით.
XS
SM
MD
LG