Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეთრმა სახლმა რუსეთს კვლავ მოთხოვა სნოუდენის გადაცემა


თეთრმა სახლმა კვლავ მიმართა რუსეთს თხოვნით, გადასცეს ძებნილი, აშშ-ის დაზვერვის სამსახურის ყოფილი კონტრაქტორი, ედვარდ სნოუდენი, რომელმაც რუსეთში დროებითი თავშესაფარი მოითხოვა. თეთრი სახლის წარმომადგენელმა, ჯეი კარნიმ განაცხადა, რომ სნოუდენი არ არის უფლებადამცავი, არ არის დისიდენტი, რომელიც თავშესაფარს ეძებს პოლიტიკური დევნის გამო. მისი თქმით, ის აშშ-ში უნდა დაბრუნდეს, რათა წარდგეს სასამართლოს წინაშე მთავრობის საკუთრების მოპარვის და საიდუმლო ინფორმაციის გავრცელების გამო. ედვარდ სნოუდენმა რუსეთის მიგრაციის ფედერალურ სამსახურს დღეს მიმართა მისთვის დროებითი თავშესაფრის მინიჭების თხოვნით. ამის შესახებ დღეს განაცხადა ადვოკატმა ანატოლი კუჩერენამ. მისი თქმით, რახან სნოუდენს არ შეუძლია, დატოვოს მოსკოვის აეროპორტ „შერემეტიევოს“ სატრანზიტო ზონა, მან თავშესაფრის თხოვნის შესახებ მიმართვა გადასცა მიგრაციის სამსახურის წარმომადგენელს, რომელიც აეროპორტში მივიდა. კუჩერენას განმარტებით, შესაბამისი პროცედურისათვის სამთვიანი პერიოდია განსაზღვრული. თავის განცხადებაში სნოუდენმა ჩაწერა, რომ მას სდევნის აშშ-ის მთავრობა, რომ მას ეშინია თავისი სიცოცხლის გამო, რომ ის შეიძლება აწამონ. აშშ სნოუდენს საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნებაში ადანაშაულებს და მის ექსტრადიციას ითხოვს. ძებნილი 23 ივნისიდან იმყოფება შერემეტიევოს სატრანზიტო ზონაში, ჰონ-კონგიდან მოსკოვში ჩაფრენის შემდეგ.
XS
SM
MD
LG