საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი უცვლელია, ეს არის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, რომელსაც ალტერნატივა არ გააჩნია - განაცხადა ბათუმში, საერთაშორისო კონფერენციაზე გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა. მან აღნიშნა, რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების მიზანია ხელი შეუწყოს ევროპული ტიპის, აქტიური სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას და ამ გზით ააშენოს ნამდვილი დემოკრატია, რაშიც დასავლელი პარტნიორების დახმარებისა და მხარდაჭერის დიდი იმედი აქვს. ”გარწმუნებთ, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორი იქნება მიუხედავად ეთნიკური, რელიგიური თუ სექსუალური კუთვნილებისა და არავინ დაისჯება თავისუფალი აზრისა და სიტყვისთვის”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მისივე თქმით, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია საქართველოს მისცემს გაცილებით დიდ შესაძლებლობას ააშენოს დემოკრატიული ინსტიტუტები, უზრუნველყოს თავისუფლება და უსაფრთხოება და ასე დაიმკვიდროს ადგილი ევროპულ ოჯახში, რაც სასარგებლო იქნება არა მხოლოდ საქართველოსათვის, არამედ მთელი რეგიონისთვის. ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ ევროინტეგრაციის პრიორიტეტები სრულ თანხვედრაშია საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილ რეფორმებთან და ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხედვასთან.
ყველაზე პოპულარული
1