დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების გამო საგანგებო მიმართვა გაავრცელა. ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები უნდა იქცეს ქვეყანაში მომხდარი ფუნდამენტური ცვლილების ყველაზე უფრო მკაფიო დემონსტრირებად. პრემიერმა აღნიშნა, რომ მმართველ პოლიტიკურ გუნდს აქვს არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვების ამბიცია და სურვილი, მაგრამ მისი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ამბიცია და სურვილია, რომ საქართველოში ჩატარდეს სამაგალითოდ სუფთა, თავისუფალი, სამართლიანი და ევროპისკენ მიმავალი ქვეყნისთვის საკადრისი არჩევნები. ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, სწორედ ეს იქნება საერთო გამარჯვება და ქვეყანაში დაამკვიდრებს დემოკრატიულ პოლიტიკურ წესრიგს. ”საქართველოში უნდა დასრულდეს ის სამარცხვინო პრაქტიკა, როდესაც მმართველი გუნდი მთელ სახელისუფლებო რესურსს მიმართავდა პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ და ხელს უშლიდა მოქალაქეთა თავისუფალი ნების გამოხატვას” - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მისი თქმით, დღევანდელი ხელისუფლება ყველა მოქალაქისა და ყველა საპრეზიდენტო კანდიდატის ხელისუფლებაა და ამიტომ საბიუჯეტო თანხები, პოლიცია თუ სხვა საჯარო დაწესებულებები მიმართული იქნება თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად და არა რომელიმე კანდიდატის გასამარჯვებლად. ბიძინა ივანიშვილმა მიმართა პოლიტიკურ ძალებს, საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას დაამტკიცონ, რომ მათი პრინციპია არა სამაგიეროს გადახდა, არამედ თავისუფლება, კანონის უზენაესობა და ოპონენტის პატივისცემა. ”სხვა შემთხვევაში, თუ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს ისევე მოვექცევით, როგორც ისინი გვექცეოდნენ, კვლავ გავაგრძელებთ სვლას იმ მოჯადოებულ წრეზე, რომელსაც ათწლეულებია, თავი ვერ დავაღწიეთ და რის გამოც ქვეყანა წელში ვერ გაიმართა” - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მან მიმართა ნაციონალური მოძრაობის იმ წარმომადგენლებსაც, რომლებიც, პრემიერის თქმით, არ ყოფილან დანაშაულებრივი სისტემის მონაწილენი, მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები გამოიყენონ როგორც უკანონობასთან გამიჯვნისა და ღირსეული პოლიტიკური მომავლის შანსი და ხალხს გულწრფელად აუხსნან, რა და რატომ მოხდა. ივანიშვილის განცხადებითვე, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ყოფილ მმართველ აპრტიას ჰქონდეს სრულფასოვანი საარჩევნო კამპანიის ჩატარების საშუალება, დანარჩენი კი ხალხის გადასაწყვეტია. პრემიერ-მინისტრმა მიმართა პროკურატურას და პოლიციას, მკაფიოდ დასაბუთებული უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევების გარდა, თავი შეიკავონ უფლებების კანონიერი შეზღუდვისა და დაკავებისგან დანაშაულში მხილებული იმ პირებისა, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ საპრეზიდენტო კანდიდატების წინასაარჩევნო კამპანიაში. ბიძინა ივანიშვილმა მიმართა მედიის წარმომადგენლებსაც, ჟურნალისტური ეთიკის მაღალი სტანდარტების შესაბამისად, ობიექტურად და მიუკერძოებლად მიაწოდონ საზოგადოებას სრული და დაბალანსებული ინფორმაცია საპრეზიდენტო კანდიდატების წინასაარჩევნო კამპანიის შესახებ. პრემიერ-მინისტრმა მიმართა საერთაშორისო ორგანიზაციებს, დიპლომატიურ მისიებს და უცხოურ და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, დღეიდანვე რაც შეიძლება მეტი კვალიფიციური მეთვალყურე ჩართონ საარჩევნო პროცესის მონიტორინგში და ხელისუფლებას დროულად მიაწოდონ შენიშვნები და რეკომენდაციები. ”დარწმუნებული ვარ, მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში ღირსეული კანდიდატი ღირსეულად გაიმარჯვებს, ხოლო დამარცხებულებს ექნებათ სრული რწმენა იმისა, რომ პატიოსან ბრძოლაში დამარცხებითაც კი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქვეყნის დემოკრატიული განვითარების საქმეში” - ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის მიმართვაში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საპრეზიდენტო არჩევნების გამო საგანგებო მიმართვა გაავრცელა
ყველაზე პოპულარული
1